საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე პროკურატურისაგან ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. ჩიხრაძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში და სამართალდამცავ ორგანოებს მიაწოდოს ინფორმაცია, რასაც იგი ფლობს პრეზიდენტთან დაკავშირებით შეწყალებების შესახებ კორუფციულ ბრალდებებზე. ასევე, მიმართავს პროკურატურას, დაიწყონ სათანადო პროცესი საქმის გასარკვევად.
„იმდენად მძიმე განცხადებები მოვისმინეთ პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის თავმჯდომარისაგან პრეზიდენტის მისამართით, რომ ლოგიკურია, ამას მოჰყვეს შესაბამისი პროცედურები - დაიწყოს საქმის წარმოება და საზოგადოებას გაეცეს პასუხი. როცა საუბარია კორუფციაში ბრალდებაზე და პრეზიდენტის მიერ სამართალდამცავი სტრუქტურების მიზანმიმართულ ნგრევაზე, ამის შესახებ უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავი ორგანოები. ეს განცხადებები ძალიან დიდი ხიფათის შემცველია და თუ ასეთი რამ რეალობაში ხდება, ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს ქართულ სახელმწიფოს და მის იმიჯს“, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2 მაისის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ გიორგი მარგველაშვილი შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენებაში დაანაშაულა. ირაკლი კობახიძემ პატიმართა შეწყალების მხრივ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების გამოცდილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ პრაქტიკას შეიძლება ჰქონდეს შემდეგი საფუძველი - უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, კორუფცია და სამართლდამცავი სისტემის მიზანმიმართული ნგრევა.
„წარმოიდგინეთ, ესტონეთის ყველა პრეზიდენტს იმაზე ბევრად ნაკლები პატიმარი ჰყავს შეწყალებული, ვიდრე გიორგი მარგველაშვილს. ამერიკულ პრაქტიკას რომ შევადარეთ, აღმოჩნდა, რომ ბატონი გიორგი მარგველაშვილი 80-ჯერ მოწყალეა, ვიდრე ბარაკ ობამა. გამოდის, რომ ან ბარაკ ობამა არის განსაკუთრებით გულქვა ადამიანი ან რაღაც ვერ არის საქართველოს პრეზიდენტის პრაქტიკაში.
რეალურად, ჩვენ უფრო მეორე დასკვნისკენ ვიხრებით. რომ ავიღოთ ბულგარეთის პრაქტიკა, ბულგარეთის პრეზიდენტმა ხუთი წლის განმავლობაში 35 პატიმარი შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტმა - ასჯერ მეტი, დაახლოებით, 3 500 პატიმარი, უკრაინაში პრეზიდენტმა პოროშენკომ 2016 წელს 67 პატიმარი შეიწყალა. აქაც არის ასმაგი სხვაობა. ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემა მოქმედებს არასწორად და საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალების ბერკეტი ბოროტად არის გამოყენებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რომ უმჯობესია, თუკი შეწყალების საქმეზე მის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყება, რადგან ამით ლუსტრაცია მოხდება. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ უკეთესია, თუ რადიკალური ნაბიჯები გადაიდგმება, ვიდრე ასე, ყურს რომ აჩვენებ.
„მე არ შემიწყალებია მაკას ძმა ისეთი დანაშაულისთვის, რისთვისაც სხვა ანალოგიური ბრალის მქონე მსჯავრდებული არ შემიწყალებია. ეს არ იყო გამონაკლისი. ახლა გადავიდეთ, რომ თურმე შემიწყალებია მაკას ბიძაშვილის ყოფილი ქმარი, არც ვიცოდი ეს. ეგ კი არა, კომისიამაც არ იცოდა, რომ ვიღაც ნათესავია. წარმოგიდგენიათ, რომ 3 500 შეწყალებულში ერთი ნაცნობი არ იყოს? პრეზიდენტის ცოლის ძმა ახლა ციხეშია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობს, პატიმართა შეწყალებაზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება სპეკულაციის საგნად გამოიყენოს. როგორც მდინარაძე აცხადებს, პრეზიდენტის მიმართ არანაირ სამართლებრივ დევნაზე საუბარი არ არის.
„თეორიულ დაშვებას და პოლიტიკურ განცხადებას აქვს ლეგიტიმური საფუძველი, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობს, ეს სპეკულაციის საგნად გამოიყენოს. როგორც ჩანს, პრეზიდენტს აწყობს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება იმდაგვარად თარგმნოს, თითქოს ვიღაც მის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას აპირებს და შემდეგ უფრო მოახერხებს თავის ჩაგრულად წარმოჩენას და პიარის გაკეთებას. სინამდვილეში ეს ასე არ არის. ის რაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, იყო თეორიული დაშვება - როცა ეჭვი ჩნდება, მათ შორის თეორიული, ამაზე პოლიტიკოსებმა უნდა ისაუბრონ“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
მისივე განცხადებით, სამართლებრივი საფუძველი არის აბსოლუტურად სხვა სტანდარტი და დღეს ამაზე არავინ საუბრობს. როგორც დეპუტატი აცხადებს, წარმოუდგენელია, პრეზიდენტის მიმართ რაიმე სამართლებრივ დევნაზე იყოს საუბარი.
„მაგრამ როდესაც ადამიანი აკეთებს კონკრეტულ პოლიტიკურ განცხადებას, აკეთებს თეორიულ დაშვებას და არსებობს აბსოლუტურად ლეგიტიმური კითხვები, პრეზიდენტი ვალდებულია კითხვებს პასუხი გასცეს და არ გაიქცეს პარლამენტიდან. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ურჩევნია არგუმენტებითვე უპასუხონ იმ პოლიტიკურ შეფასებას, რაც პრეზიდენტის მიმართ იქნა გამოთქმული, მათ შორის შეწყალებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ არსებობს ლეგიტიმური კითხვები და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.
„სამართლებრივი დევნის დაწყება, ჩემი აზრით, არ არის პოლიტიკური თემა, არამედ ეს არის წმინდა სამართლებრივი თემა და სამართლებრივი დევნის დაწყების საკითხი არასოდეს არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური სპეკულაციის საგნად, თუმცა გამოვრიცხავთ პრეზიდენტის მიმართ რაიმე სამართლებრივ დევნას პოლიტიკური მოტივებით.
ის კითხვები, რაც არსებობს პრეზიდენტისადმი, ვფიქრობ, არის ლეგიტიმური კითხვები და მგონი, არ სჭირდება ამ საკითხს ზედმეტი დრამატიზება. პრეზიდენტს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას ნამდვილად აქვს ვალდებულება, რომ პასუხი გასცეს ამ კითხვებს და არ გადააბრალოს სხვებს ის, რაც მისი საკუთარი გადაწყვეტილება იყო, თუმცა კითხვებზე პასუხის გაცემა რაიმე სამართლებრივ დევნას გამორიცხავს“, - აღნიშნა სოფიო კილაძემ.
ეს არის შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტის მოსაზრებებს აბსოლუტურად იზიარებს იურისტი ირმა ჭკადუა, რომლის განცხადებით, შეწყალება არის ჰუმანური აქტი, რომლის ექსკლუზიური უფლება ეკუთვნის პრეზიდენტს და ამბობს, რომ უნდა შეწყდეს სპეკულაციები ამ თემის ირგვლივ.
„პრეზიდენტს აქვს უფლება შეიწყალოს ნებისმიერი მსჯავრდებული ნებისმიერ დროს. თუკი სხვა რამე არ არის დადგენილი, იგულისხმება კორუფციული გარიგება, ან წინასწარ შეთანხმება, მაშინ შეწყალებაში პრობლემას ვერ ვხედავ. ამ მოტივით თავდასხმა პრეზიდენტზე, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ძალიან ცუდი საყურებელი. სრულად საზოგადოება ჩაერთო ამ პროცესში და ანტიკამპანია აწარმოეს შეწყალების წინააღმდეგ, ამიტომ მსჯავრდებულები ვერ ღებულობენ იმ სიკეთეს, რა სიკეთე შეიძლება მათ მიეღოთ შეწყალების გამოყენებით. რადგან პრეზიდენტმა მორატორიუმი გამოაცხადა. ასევე გამკაცრდა მიდგომები“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.
იურისტი ურჩევს დეპუტატებს გამობრძანდნენ კაბინეტებიდან, ჩამოვიდნენ შავი ჯიპებიდან და ასევე ამაყად, როგორი ამაყადაც პრეზიდენტს თავს ესხმოდნენ, შეხვდნენ მათ ამომრჩეველს.
„დავიღალეთ იმის მოსმენით, რომ ნაციონალები ამას აკეთებდნენ, პრეზიდენტი ამას აკეთებს. ამასობაში საკუთარ პასუხისმგებლობას, რასაც უნდა აკეთებდნენ, მიჩქმალული აქვთ და კარგად ფუთავენ. არც ერთი მათგან არ გაუფრთხილდა ივანიშვილის ავტორიტეტს. უფრო მეტი, თითოეული მათგანი, რომელიც ბატონი ივანიშვილის სახელით მოხვდა ისეთ ადგილას, სადაც საკუთარ თავს ვერც ვერასდროს წარმოიდგენდა, ნაცვლად იმისა, რომ დაპირება შეესრუნებინა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ივანიშვილი დაბრუნებულიყო და მისი ავტორიტეტისთვის ჩრდილი მიეყენებინა. იმის ფონზე რაც საქართველოში ხდება, მათი კინკლაობა ძალიან ამაზრზენია“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.