[მერაბ ბრეგაძე]
რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების შესახებ კანონი უკვე ძალაშია. პარლამენტის მიერ „სამოქალაქო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს პრეზიდენტმა 5 ივლისს, ცვლილებების დამტკიცების დღესვე ხელი მოაწერა. „საკანონომდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე კი ის, გუშინდელი რიცხვით, 6 ივლისით არის გამოქვეყნებული.
პარლამენტისვე მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ცვლილება ძალაში გამოქვეყნებსითანავე უნდა შევიდეს, შესაბამისად, რელიგიური გაერთიანებებს სტატუსის მისაღებად საჯარო რეესტრისთის მიმართვა უკვე შეუძლიათ.
„სამოქალაქო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, რელიგიურ გაერთიანებებს შეუძლიათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირდნენ.
ეს უფლება არ ზღუდავს რელიგიური გაერთიანებების უფლებას, დარეგისტრირდნენ, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებად, აგრეთვე ეწეოდნენ საქმიანობას, როგორც არარეგისტრირებული კავშირი. რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციას ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური მიმდინარეობა ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.
საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი.
რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისთვის დადგენილი წესი.
კანონპროექტის პარლამენტში პირველ ივლისს შევიდა და პარლამენტმა პირველი მოსმენით, ის იმავე დღეს დაამტკიცა. მეორე და მესამე მოსმენა კი 5 ივლისს გაიმართა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საქართველოს პრეზიდენტს რელიგიური გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებულ კანონზე ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებდა, თუმცა როგორც გაირკვა და უკვე გვიანია - პრეზიდენტმა ამ კანონს ხელი 5 ივლისს მოაწერა.
როგორც ილია მეორემ იოანე ნათლისმცემელის შობისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვის შემდეგ ქადაგებისას ბრძანა, უმჯობესი იქნება, თუ პრეზიდენტი კანონს იქამდე გადადებს, სანამ ყველაფერი ზუსტად განსაზღვრული და შემოწმებული არ იქნება.
„მთავარი პასუხისმგებლობა პრეზიდენტს ეკისრება და მე მინდა, რომ მშვიდად იყოს ჩვენი პრეზიდენტიც და ჩვენი ქვეყანაც. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება“, - ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესის განცხადებით, რელიგიების სტატუსთან დაკავშირებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი იმდენად მნიშვნელოვანი და საშიშია, რომ კანონმდებლებს მისი მიღებისას უნდა ეფიქრათ, თუ რა შედეგს მოიტანდა ის 10 და 100 წლის შემდეგ:
„ჩვენ ანალიტიკური აზროვნება გვაკლია. ანალიზი უნდა გავაკეთოთ საქმის დაწყებამდე და არა დამთავრების შემდეგ. ჩვენი პოზიცია არ არის ის, რომ რელიგიებს სტატუსი არ უნდა მიეცეთ, ჩვენი პოზიციაა, დავსხდეთ მეცნიერებთან, სასულიერო პირებსა და სპეციალისტებთან ერთად და ეს საკითხი განვიხილოთ. სამწუხაროდ, კანონმდებლებმა ისე იჩქარეს, რომ ის ერთ დღეში დაამტკიცეს“.
უწმინდესმა ბრძანა, რომ მის სიტყვებში სომხების საწინააღმდეგო აზრი არ დევს და სხვადასხვა საუბრის მიუხედავად, ქართველები და სომხები იყვნენ და მუდამ ძმები დარჩებიან:
„როცა სომხებს უჭირდათ, ჩვენ მუდამ ვეხმარებოდით და ისინიც გვეხმარებოდნენ, როცა ჩვენ გვიჭირდა. ეს კანონი იმდენად რთული და საპასუხისმგებლოა, რომ შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული. ამიტომ ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინათ. როდესაც ამბობენ, ეკლესია სახელმწიფო საქმეში რატომ ერევა, მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს საქმე, ეს არის საკითხი, რომელიც შეეხება მთელს ჩვენს ერს, ეკლესიას და განსაკუთრებით სახელმწიფოს“.
პატრიარქის ბრძანა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა რელიგიებს შორის ურთიერთობას დაძაბავს, რაც არ შეიძლება:
„ქართველი ხალხი მუდამ იყო მცირე რაოდენობის ერების მფარველი. იცავდა სომხებს, რუსებს, აზერბაიჯანელებს და ებრაელებს. თავად ებრაელებიც ამბობდნენ, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ანტისემიტიზმი არ ყოფილა“.
უწმინდესმა ქადაგებისას გაიხსენა საბჭოთა კავშირის პერიოდი, როცა მასთან შესახვედრად რუსეთიდან ჩამოსული ებრაელები მივიდნენ. პატრიარქის განცხადებით, რუსეთში მცხოვრებმა ებრაელებმა მოსკოვში არსებულ ანტისემიტურ გამოსვლებზე დაიჩივლეს:
„მე მაშინ ვუთხარი, რომ თუ საშიშროება გელით, ჩამოდით და ჩვენი კარი თქვენთვის მუდამ ღიაა. მადლობა ღმერთს, რომ ამ მხრივ მათ საქართველოში საშიშროება არ ელით“.
ქადაგების დასასრულს, პატრიარქმა საქართველო გამთლიანება კიდევ ერთხელ ისურვა და ასევე სიმართლისა და ჭეშმარიტების ძიების აუცილებლობაზე ისაუბრა. დღესვე უწმინდესმა ავჭალაში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი იღუმენი ლაზარე გრძელიშვილი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა და ტაძარს მისთვის შეწირული ჯვარი უსახსოვრა.