ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში რეინტეგრაციას საზოგადოების დიდი ნაწილი აღიქვამს, როგორც მმართველი გუნდისთვის სასიცოცხლო ინექციის გადასხმას, თუმცა ეს ის მომენტია, როდესაც მხოლოდ ავტორიტეტი საკმარისი არ არის და მოქმედებაა საჭირო რეალური ნდობის მანდატის განახლებისთვის. პირველი ნაბიჯები მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს კორექტირებით უკვე სახეზეა, თუმცა როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და კარდინალურ ცვლილებებზეა საუბარი, ბევრად სერიოზული საკადრო გადაჯგუფების მოლოდინიც არსებობს - ერთ-ერთი ვერსიით, საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად განიხილება ცვლილებები მთავრობის მეთაურის დონეზეც და სავარაუდოდ, პრემიერისა და პრეზიდენტის პოსტებისთვის ბიძინა ივანიშვილის გუნდის ორ წევრს, მაია ცქიტიშვილსა და მამუკა ბახტაძეს განიხილავენ.
რა ტიპის ცვლილებებია საჭირო და რამ მიაღებინა ბიძინა ივანიშვილს ეს არც თუ იოლი გადაწყვეტილება, რას უნდა ველოდეთ და რამდენად არსებობს განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის შანსი - მიმდინარე პროცესზე ანალიტიკოსი, ხათუნა ლაგაზიძე გვესაუბრება.
ივანიშვილმა თავის დროზე საკუთარი ნებით დატოვა პოლიტიკა და საქართველო სააკაშვილის გარეშე ჩააბარა გუნდს, რომელსაც უნდა ემართა ქვეყანა და განვითარების ახალ საფეხურზე გადაეყვანა. რამდენად იყო შესრულებული ეს ამოცანა იმ მომენტისთვის, როდესაც ივანიშვილმა უკვე მეორედ, პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა?
- პრეტენზიები, რაც სააკაშვილის ხელისუფლებასთან არსებობდა, ძირითადად, ადამიანის უფლებებს უკავშირდებოდა და ეს გამოწვევა მართლაც დაძლია ახალმა ხელისუფლებამ - ამ ამოცანის შესრულებას საფრთხე არასოდეს შექმნია ამ 6 წლის განმავლობაში. სხვა მიმართულებებით ყველგან არის შეცდომები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, თუმცა აპოკალიფსურ სურათსაც ვერ დავხატავთ. ყველა მიმართულებაში შეიძლება მოინახოს ისეთი რამ, რამაც ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება განაპირობა.
პირველ რიგში, ეს არის მმართველობითი სისტემის კრიზისი - ინსტიტუციების არაეფექტური ფუნქციონირება. ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა სასამართლო სისტემის დაბრუნება იმ ადამიანების გავლენის ქვეშ, რომლებიც აკონტროლებდნენ სააკაშვილისდროინდელ სასამართლოს.
კიდევ ერთი მიმართულებაა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ამ კუთხითაც ხელშესახები ძვრები არ ყოფილა.
რაც შეეხება საგარეო კურსს, სტაბილურობა შენარჩუნებულია და ხელისუფლების ლავირებით რუსეთის პირდაპირი აგრესია თავიდან ავიცილეთ - ვერ ვიტყვით, რომ რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლების პოლიტიკა წარმატებულია, თუმცა ისიც პირობითია, რა შეიძლება ჩავთვალოთ წარმატებად - ის, რომ რუსეთის ბაზარი გაიხსნა და ბიზნეს-სექტორი გარკვეულ მოგებას ნახულობს, თუ ის, რომ რუსეთის პირდაპირი აგრესიის შეკავება მოვახერხეთ.
ამ ყველაფრის უარყოფითი მხარე გაცილებით მნიშვნელოვანია - მშვიდობიან პერიოდში ოკუპაციის პროცესის გაგრძელება და მსხვერპლი, რასაც საქართველო იღებს წლების განმავლობაში. გარდა ამისა, კითხვის ნიშნებია, იგივე, რუსულ ბაზართან დაკავშირებით - რამდენად სტაბილურია და ხომ არ გამოიყენებს რუსეთი ისევ პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა პარტიაში შექმნილი შიდა კონკურენცია - თუმცა ამაში დადებითს უფრო ვხედავ, მით უმეტეს, როდესაც ქვეყანაში არ არის კონკურენტუნარიანი ოპოზიციური ძალა, რომელიც შეძლებდა, მმართველი ძალის გამოფხიზლებას და მუდმივად იქნებოდა ბარომეტრი, რომელიც ხელისუფლებას საკუთარი შეცდომებისგან დააზღვევდა.
რაკი საქართველოში ოპოზიციური სპექტრი პრაქტიკულად არ არის, ხოლო ვინც არის, მას ჰყავს ლოკალური ელექტორატი და ამომრჩევლის ზრდის პერსპექტივა არ გააჩნია, ასეთ სიტუაციაში ყველაზე საღი პროცესი სწორედ მმართველ გუნდს შორის შიდა კონკურენციაა. თუმცა ამ კონკურენციამ შიგნიდან არ უნდა დააზიანოს ხელისუფლება და კოროზიის პროცესს არ უნდა დაუდოს სათავე.
ანუ კოროზიის ეფექტი უკვე შესამჩნევი გახდა?
- როგორც ჩანს, ეს დაინახა ბიძინა ივანიშვილმა, თუმცა იმისი ცალსახად თქმაც შეუძლებელია, რომ ივანიშვილმა ერთი კონკრეტული მიზეზის გამო მიიღო პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება, ვფიქრობ, ეს გახლდათ იმ მიზეზთა კრებული, რომელზეც ახლა ვისაუბრეთ. ერთ-ერთი წამყვანი მიზეზთაგან კი ვფიქრობ, იყო ის პროცესი, რაც მიმდინარეობდა პარლამენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
ამ ყველაფრის მოგვარების საშუალება ივანიშვილს იმ პოზიციიდანაც ჰქონდა, სადაც მან გადაინაცვლა - მას გავლენა არ დაუკარგავს და ყველა თვლიდა, რომ გადაწყვეტილების მთავარი მიმღებიც სწორედ ის იყო, თუმცა, დასავლეთის მხრიდან არაფორმალურ მმართველობაზე შენიშვნები არსებობდა. როგორ ფიქრობთ, რისთვის გახდა საჭირო მისი გავლენის ლეგალიზაცია?
- ამ ნაბიჯს სავარაუდოდ, რამდენიმე კომბინაცია აქვს. გარდა ამისა, რაც არ უნდა გავლენიანი იყო, როდესაც განზე დგახარ და უშუალოდ პროცესში არ ხარ ჩართული, ძალიან ძნელია სისტემის აწყობა, ეს მოითხოვს ყოველდღიურ შრომას და სახელისუფლო სისტემის გარეთ მყოფი ივანიშვილისთვის ეს გაცილებით ძნელი ამოცანა იყო, ვიდრე სისტემის შიგნით მყოფისთვის. თუმცა ივანიშვილის ფაქტორიც კი არ იქნება საკმარისი, რომ იმ გუნდებმა, რომლებიც ინტერესის გუნდებად არიან ჩამოყალიბებული, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება სრულად შეცვალონ. ეს არც არის საჭირო - მათ უნდა გააჩნდეთ საკუთარი ხედვები და ამბიციები, თუმცა, იმავდროულად, ეფექტურად უნდა თანაარსებობდნენ საერთო-სახელმწიფოებრივი მიზნების მისაღწევად. ამ ნაბიჯით ივანიშვილმა არაფორმალურ მართვაზე დასავლეთსაც გადაუგდო ანკესი.
არც ის გახლავთ უმნიშვნელო მოვლენა, როდესაც რეგიონში მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური პროცესები და არ ვგულისხმობ მხოლოდ სომხეთში მიმდინარე მოვლენებს. თუმცა, „ქართული ოცნებისთვის“ ყურადსაღებია ისიც, რომ ხელისუფლებაში მყოფ, უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობების მქონე პრემიერს ხელიდან გაექცა პროცესი და ფაქტობრივად, 5%-იანმა პოლიტიკურმა ძალამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
დროში დაემთხვა თურქეთის მხრიდან სომხეთისთვის ბოდიშის მოხდაც, ყაზახეთის მიერ აშშ-სა და ანტიავღანური კოალიციისთვის საკუთარი პორტების დათმობა „სპეციალური“ ტვირთების ტრანსპორტირებისთვის, რასაც რუსი ექსპერტები აღიქვამენ, როგორც სამხედრო ბაზების განთავსების წინაპირობას. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ტვირთებმა საქართველო-აზერბაიჯანის გავლით უნდა გაიაროს.
ფაქტია, რომ რეგიონში ხდება ისეთი პროცესები, რომელიც ქვეყნის უფრო აქტიურ რეჟიმში მართვის აუცილებლობას ითხოვს. როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრმა ფაქტორმა გადააწყვეტინა ივანიშვილს, რომ განზე დგომა არა თუ წამგებიანი, არამედ შეუძლებელია.
მიუხედავად აუცილებლობისა, მისთვის პოლიტიკაში მობრუნება, უაღრესად სარისკო ნაბიჯია, რადგან ეს არის მისი ბოლო შანსი, შექმნილი სიტუაციის შემოტრიალების. ის გუნდი, რომელმაც თავიდან ვერ აიცილა კოროზიის პროცესი, ვერ გამოდგება ივანიშვილის ფარად. იშვიათად მახსენდება, ადამიანებისგან, რომლებიც ივანიშვილმა შემოიყვანა პოლიტიკაში, გამოსარჩლება, როდესაც ოპოზიციის მხრიდან შეტევები ხორციელდებოდა მასზე.
ერთგულების და მორჩილების პრინციპით კვირიკაშვილმა თავისი ხალხი ჩასვა სიაში, კალაძემ - თავისი, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ეს ივანიშვილის კი არა, იმ ადამიანების გუნდები იყო, რომლებმაც სია შეადგინეს, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში ყველანი ივანიშვილმა შეიყვანა...
გამოწვევები, როგორც საგარეო, ისე საშინაო, საკმაოდ სერიოზულია. მმართველი პარტიის თავმჯდომარის რანგში, ახალი პოლიტსაბჭოს სახით ივანიშვილმა ის ფიგურებიც შემოგვთავაზა, რომლებთან ერთადაც აპირებს მუშაობას. თუმცა პოლიტსაბჭოში არ ჩანან რეფორმატორებად ცნობილი მინისტრები...
- პოლიტსაბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ იმედგაცრუება გამოიწვია მათში, ვინც ივანიშვილის მეორედ მოსვლას ცვლილებების იმედით შეხვდა. ახალი პოლიტსაბჭოს მიმართაც არ აქვს ნდობა საზოგადოებას. თუმცა, მაინც მგონია, რომ ეს ივანიშვილის მრავალკომბინაციური თამაშის პირველი ნაბიჯია.
თუ კიდევ ერთხელ შევეხებით სახელისუფლო კოროზიას, ხელისუფლების შიგნით გუნდები უკვე ისე იყვნენ დაპირისპირებულნი, რომ ლოგიკურად, ივანიშვილს უკვე ყველასთვის უნდა მიეჩინა თავისი ადგილი. მაგრამ ამ შემთხვევაში არსებობდა რისკი, ეს გუნდები გაერთიანებულიყო საერთო პატრონის, ივანიშვილის წინააღმდეგ. ამიტომაც, მან ჯერჯერობით ერთი გუნდი დააშოშმინა, ამ შემთხვევაში, კვირიკაშვილის გუნდი, რომელსაც, დამოუკიდებელი პოლიტიკური მომავლის შენების გარკვეული მცდელობები, როგორც ჩანს, ჰქონდა. ხოლო, პირობითად კალაძის გუნდი პოლიტსაბჭოში შეიყვანა, რითიც მოარულ ხმებს თუ რეალურ სურვილს კალაძის მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის ფორმირების შესახებ, დროებით მაინც საფუძველი გამოაცალა. ასე რომ, ტაქტიკურად სწორი ნაბიჯი გადადგა.
როდესაც დაპირისპირება დაიწყო, მაშინვე ვამბობდი, რომ ძველ შემადგენლობას ნაკლებად ჰქონდა ახალ შემადგენლობასთან გამკლავების შანსი - ეს სრულიად ლოგიკურია, როდესაც მოდის ახალი თაობა. გარდა ამისა, ძველ შემადგენლობას ნაკლებად აქვს 2020 წლის საპარლამენტო სიაში მოხვედრის შანსი, თუმცა არც ახალ თაობას აქვს გზა ვარდებით მოფენილი.
თუმცა ის, რომ ახალი თაობით დააკომპლექტა ივანიშვილმა პოლიტსაბჭო, ვფიქრობ, გუნდში სიმშვიდის შემოტანას ემსახურება.
რაც შეეხება რეფორმებს, აღმასრულებელ ხელისუფლებაში არის რამდენიმე საინტერესო სახე, რომლებთან ერთადაც შესაძლებელია, ცვლილებებს ჩაეყაროს საფუძველი.
მამუკა ბახტაძეს, გიორგი გახარიას, მაია ცქიტიშვილს, ძველებიდან - კახა კახიშვილს და რამდენიმე სხვას არ აქვთ ამოწურული ნდობის რესურსი. მათი სახით საყრდენი ბირთვი ჰყავს ივანიშვილს აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
თუმცა ის კოსმეტიკური ცვლილებები, რაც პოლიტსაბჭომ განიცადა, სრულიად არასაკმარისია იმისათვის, რომ ხელისუფლებაში სერიოზული რეფორმები დაიწყოს. მეორე და მესამე ნაბიჯი აუცილებლად უნდა იყოს ახალი, რეფორმატორული გუნდის შექმნა.
სავარაუდოდ, ასეთი მონახაზი არსებობს - პრემიერ-მინისტრად - მაია ცქიტიშვილი, პრეზიენტად - მამუკა ბახტაძე და გარკვეული ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში. რამდენად ეფექტიანი შეიძლება აღმოჩნდეს მსგავსი კომბინაცია?
- იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის მეორედ შემოსვლა პოლიტიკაში იყოს ისეთივე შედეგიანი, როგორიც მისი პირველი განაცხადი 2012 წელს, ძალიან სწრაფი და რადიკალური ნაბიჯების გადადგმა დასჭირდება. როგორც ვთქვი, გარკვეული ბირთვი არსებობს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, თუმცა რეფორმატორთა ჯგუფში ახალი სახეების შემოყვანაც აუცილებელი იქნება.
ძალიან ეფექტური იქნებოდა, პირველ რიგში, სასამართლო ხელისუფლების „გამოხვეტა“, რაც როგორც ქართულ, ისე დასავლურ საზოგადოებაში ნდობის განახლებას გამოიწვევს.
ასევე, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, რომ „შუას გაკრეფვის“ პრინციპი, რომელიც 2012 წელს იმ ეფექტის მომტანი იყო, რომ საზოგადოებას გაერკვია, რომელ მხარეს დამდგარიყო, ახლა შეიცვალოს საზოგადოების გაერთიანების პრინციპით და ივანიშვილი გამოვიდეს სწორედ საზოგადოების გაერთიანების ინიციატივით.
რაც შეეხება ახალ სახეებს და იმ კომბინაციას, რომელიც თქვენ ახსენეთ, მაია ცქიტიშვილი რა პოზიციაზეც მუშაობდა, იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და შედეგიანი სახელმწიფო მოხელე. ახალ ამპლუაში როგორი იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს; თუმცა, თუ ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ გონიერი და გამოცდილი ადამიანია ბიძინა ივანიშვილის გუნდში, ეს მაია ცქიტიშვილია.
გარდა ამისა, ყოველთვის მხარს ვუჭერ ქალების წამოწევას საპასუხისმგებლო პოლიტიკურ თანამდებობებზე და თუ მართლაც ასე მოხდა, ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს ქალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება.
რაც შეეხება ბახტაძეს, მისთვის საზოგადოებისათვის მისაღები იმიჯის შექმნა იმდენად ფორსირებულად და სწრაფი ტემპით მოხდა, თანაც ეს ისე საინტერესოდ წარიმართა, რომ აშკარაა, რაღაცისთვის ამზადებენ.
არ ვგულისხმობ მხოლოდ საბანკო სისტემასთან დაკავშირებულ განცხადებებს, საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით დაწყებული მინისტრობაც შეიძლება გავიხსენოთ. სააკაშვილის პერიოდშიც კი არ მახსენდება ამ ტემპით ვიღაცისთვის იმიჯის შექმნა - ამდენად ცხადია, რომ ტრამპლინისთვის ამზადებენ. რა შეიძლება იყოს ეს თანამდებობა, მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება - და იმასაც ვნახავთ, რამდენად შეესაბამება ეს პიარი მის რეალურ თვისებებს და შესაძლებლობებს.
კარგი იქნება, ბიძინა ივანიშვილს ეცადა, მსოფლიოში გაფანტული ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდების ნაღები მოეხსნა და რეფორმატორულ გუნდში შემოყვანა. საქართველოშიც, მათ შორის, რეგიონებშიც არის ბევრი, არანაკლებ ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელმაც სხვადასხვა სფეროში საკუთარი თავი იპოვა და იცის წარმატების ფასიც და გემოც - სწორედ, მათზე უნდა გაკეთდეს აქცენტი.
თუ რადიკალური რეფორმები არ გატარდა, თუ საკადრო პოლიტიკა არ შეიცვალა და მორჩილების პრინციპით გაგრძელდა ხალხის შემოკრება, ისევ ბიძინა ივანიშვილი დაზარალდება, თორემ ის მედროვეები, რომლებიც ხელისუფლებაში სხვადასხვა პარტიებიდან გადმობარგდნენ, ასევე „ქართული ოცნების“ სახეები, თავ-თავიანთ პატარ-პატარა თუ შორსმიმავალ გზებს, როგორც იქნება, გაიკვლევენ და პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს შეატოვებენ.