პრეზიდენტი სატელევიზო დებატებზე უარს ამბობს

პრეზიდენტი სატელევიზო დებატებზე უარს ამბობს

პარლამენტში ჩაშლილი დებატების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებს სთავაზობს. უმრავლესობა კითხვა-პასუხის რეჟიმში მზად არის, უკვე მთელი საზოგადოების თვალწინ დაუსვას პრეზიდენტს ის კითხვები, რომლის დასმასაც პარლამენტში აპირებდნენ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრივილეგირებულ მდგომაროებაში არ ჩააყენებენ არც ერთ მედია საშუალებას და კონკრეტული არხი, თუ სად შედგება დებატები, თავად მედია საშუალებების შეთანხმების საგანია. მანამდე კი უმრავლესობა პრეზიდენტის პასუხს დაელოდება.

„ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტს მიეცემა შესაძლებლობა, რომ სწორედ იმ ფორმატში გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რომლებზეც გუშინ პარლამენტში ისაუბრა. პრეზიდენტმა პირდაპირ მიუთითა პარლამენტს, რომ დაგვერღვია კანონმდებლობა და დაგვერღვია პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც პარლამენტის მარეგულირებელი კანონმდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია, იმ მოტივით, რომ მას არ ეძლეოდა საშუალება შეკითხვებზე პასუხის გაცემის“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

საქართველოს პრეზიდენტი სატელევიზიო დებატებზე უარს ამბობს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, უმრავლესობის მხრიდან მიიღეს აბსოლუტურად უღირსი და არასერიოზული შეთავაზება.

„მართლა მაინტერესებს ხოლმე, ამას ერთი ადამიანი ფიქრობს თუ ყველა ერთად ჯდება ხოლმე და ასეთ სიბრძნეებს  მოიფიქრებენ. კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქციის უზრუნველყოფის ნაცვლად, რომელიც საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების წარმართვას გულისხმობდა, უმრავლესობის მხრიდან მივიღეთ ყოვლად უღირსი და არასერიოზული შეთავაზება.

პრეზიდენტი მზად იყო კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია შეესრულებინა, გაეკეთებინა მოხსენება, რაც მან გააკეთა კიდეც და შემდგომ, შესულიყო დებატებში ყველა ტელევიზიის თვალწინ, პირდაპირ ეთერში. სამწუხაროდ, უმრავლესობამ მას ამის საშუალება არ მისცა. უმრავლესობა გაექცა ამ დებატებს. გასაგებია, უმრავლესობისთვის ერთპარტიული პერფორმანსი ყველაზე უფრო კომფორტულია და ისინი დარჩნენ ამ კომფორტის ზონაში. სამწუხაროა, რომ ქვეყანა ამ გზით მიჰყავთ“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის უარს უმრავლესობაში იმით ხსნიან, რომ მას არ სურს დებატების რეჟიმში რეალურად გასცეს საზოგადოებას პასუხები მის მიმართ დაგროვილ შეკითხვებზე. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის შეფასებით, ეს მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ პრეზიდენტს არ სურს საკუთარ საქმიანობაზე საუბარი და იჩენს უკიდურეს უპასუხისმგებლობას.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი  გაიქცა საქართველოს პარლამენტიდან, გაექცა კითხვებს, რომელიც ჰქონდა საზოგადოებას. დღეს ის გაექცა დებატებს, იმიტომ, რომ მას, როგორც ჩანს, არ სურს დებატების რეჟიმში რეალურად გასცეს საზოგადოებას პასუხები მის მიმართ დაგროვილ შეკითხვებზე, ამიტომ მან დღეს უარი თქვა ამ დებატებზე.

ეს იმას მიანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ, რომ ხუთი წლის თავზე, როდესაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა პრეზიდენტისა, რომ საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს თავისი საქმიანობის შესახებ, მას არ უნდა ამ თემაზე საუბარი და იჩენს უკიდურეს უპასუხისმგებლობას“, - განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტი დებატებზე დასწრების გარეშე იმიტომ დატოვა, რომ მას მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა არ უნდოდა. მინისტრი აცხადებს, რომ პრეზიდენტის შეწყალების კრიტერიუმებთან დაკავშირებით კითხვები აქვს. წულუკიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე კვირის წინ, შეწყალების წესში ცვლილებები განახორციელა, რომლის თანახმადაც, გააადვილა იმ პირების შეწყალება, რომლებიც სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულთან შემხებლობაში არიან და იხდიან სხვადასხვა დანაშაულზე სასჯელს.

„იმედს გამოვთქვამ, რომ პრეზიდენტის ამგვარი ცვლილებები, საქართველოს როგორც კორუფციასთან წარმატებით მებრძოლი სახელმწიფოს რეიტინგებში საერთაშორისო დონეზე არ აისახება და შესაბამისად, მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო, როგორც სახელმწიფო პრეზიდენტის ამ გაუაზრებელი გადაწყვეტილების გამო არ დაზიანდეს. სხვა მხრივ, მეც როგორც იუსტიციის მინისტრს, მაქვს კითხვის ნიშნები, რა კრიტერიუმებით იწყალებს ის სხვადასხვა დამნაშავეს“, - განაცხდა თეა წულუკიანმა.

საპარლამენტო ოპოზიცია რეგლამენტის შეცვლის შესაძლებლობაზე საუბრობს და უმრავლესობას შურისძიებასა და სიჯიუტეში ადანაშაულებს. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია. იგი ფიქრობს, რომ დებატების შეთავაზება იაფფასიანი პოლიტიკური პიარია.

„ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან იაფფასიანი პიარის მცდელობაა. დებატის წინააღმდეგები არ ვართ, მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ეს გუშინდელ ვითომ „პრინციპულობას“ ვერ გაამართლებს. მათ შეეძლოთ საღი აზრის ფარგლებში ცვლილებები მიეღოთ და დაეთმოთ პრეზიდენტისთვის, მაგრამ გამოიჩინეს რაღაც „პოლიტიკური ღირსება“, რაც სხვა დროს ავიწყდებათ ხოლმე. პრინციპულობაა საჭირო, როცა მინისტრები რეგლამენტს არღვევენ და პარლამენტს შეურაცხყოფას აყენებენ. ამას უმრავლესობაში ითმენენ და სრულ უთავმოყვარეობას ავლენენ“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, სატელევიზიო დებატები უნდა შედგეს გიორგი მარგველაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. დეპუტატი თვლის, რომ მხოლოდ ასეთი დებატები იქნება ლოგიკური.

„ხუთი წლის განმავლობაში ხდებოდა პრეზიდენტის ნებისმიერი აზრის იგნორირება და რაღა ახლა გადაწყვიტეს, რომ საჭიროა პრეზიდენტის აზრის გაგება დებატების რეჟიმში? მე რომ პრეზიდენტი ვიყო დავთანხმდებოდი, ოღონდ დებატები უნდა წარიმართოს „ქართული ოცნების“ რეალურ ხელმძღვანელთან, ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

საპარლამენტო დებატები არ სურდათ, ჩაშალეს რეგლამენტური ახირების გამო. ახლა უნდათ სატელევიზიო სივრცეში დებატები. მარგველაშვილსა და ივანიშვილს შორის, როგორც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, უკვე პარტიის ოფიციალურ ხელმძღვანელს შორის დებატები იქნებოდა ლოგიკური და არა მარგველაშვილისა და რომელიღაც ფრაქციის „ჭ“-კლასის პოლიტიკოსების მონაწილეობით“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, დეპუტატი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტში არის ჯგუფი, მდინარაძე-კობახიძე-მათიკაშვილი, რომელსაც აქვს ბოლშევიკური სულისკვეთება. დეპუტატის განცხადებით, როცა კობახიძე საპრეზიდენტო ხარჯების შესწავლაზე საუბრობს და ამ დროს პრეზიდენტს დებატებში მონაწილეობის საშუალება არ აქვს, სწორედ ესაა ბოლშევიზმი.

„როდესაც ბატონი კობახიძე აკეთებს ამ განცხადებას, რომ უნდა მოხდეს საპრეზიდენტო ხარჯების შესწავლა, ეს არის ბოლშევიკური სულისკვეთება და ეს არის საბჭოთა აზროვნება. ეს რომ სხვა ვითარება ყოფილიყო, პარლამენტიდან რომ არ წასულიყო პრეზიდენტი, საშუალება რომ მისცემოდა დებატში გამოსვლის, მაშინ - კი. მაგრამ ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან პრეზიდენტის ხარჯებზე საუბარი არის ბოლშევიზმის გამოხატულება“, - ამბობს ირმა ინაშვილი.