არსებული საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიში დაპირისპირების ფონზე წარიმართა. პრეზიდენტმა ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადა 30-წუთიან გამოსვლაში შეაჯამა. პრეზიდენტი კრიტიკული იყო ყველა მიმართულებით. მან მთავრობა და პარლამენტი თვითმმართველი ქალაქების გაუქმების გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თუ თვალს გადავავლებთ, რა გაკეთდა 2017 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, დავინახავთ, რომ ძირითადი ცვლილებებით შესუსტდა ქვეყნის დემოკრატია და ქვეყნის ინსტიტუტები.
„შევასუსტეთ თვითმმართველობა ნაკლები თვითმმართველი ქალაქებით; პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებით გავაუქმეთ არჩევნები, რაც მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო იყო და რაც მთავარია, ათწლეულობით დაპირებული რეფორმა საპარლამენტო არჩევნებისა 2024 წლისათვის გადავავადეთ“, - განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებას არ იზიარებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, რომლის განცხადებით, ბევრ შემთხვევაში პრეზიდენტს არასწორი შეფასებები ჰქონდა.
„მაგალითისთვის, თვითმმართველობის დასუსტებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეფასებაზე ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, პრეზიდენტს დაავიწყდა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩვენ მივიღეთ თვითმმართველობის კოდექსი, ჩვენ გავაძლიერეთ, სწორედ რომ, თვითმმართველობის არჩევნები. ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ცოტა ხანში შევა ძალაში, უფრო მკაფიოდ განისაზღვრა სახელმწიფოს ვალდებულებები თვითმმართველობების მიმართ როგორც მათი დაფინანსების, ასევე მათი უფლებების ნაწილში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით 7 თვითმმართველ ქალაქს - თელავს, გორს, მცხეთას, ახალციხეს, ოზურგეთს, ზუგდიდსა და ამბროლაურს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი გაუუქმდა და ამავე ცვლილებით, ისინი სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანდა. მაშინ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ვეტო დაადო, თუმცა, პარლამენტმა ვეტო დაძლია და 2017 წლის ბოლოდან საქართველოში მხოლოდ 5 თვითმმართველი ქალაქი არსებობს.
პრეზიდენტის შეფასებას არ იზიარებს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, დავით ზარდიაშვილი რომლის განცხადებით, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ თვითმმართველობის ხარისხი ქალაქების რაოდენობით არ იზომება. მისი თქმით, არავითარი განსხვავება მუნიციპალიტეტსა და ქალაქს შორის სტატუსის თვალსაზრისით არ არსებობს.
„ქალაქი ერქმევა თუ მუნიციპალიტეტი, ეს არ არის სადავო თემა, ამაზე არ შეიძლება არსებითი მსჯელობა ააგო. რაც მთავარია, როდესაც კონსტიტუციაზე ლაპარაკობს, საკონსტიტუციო რეფორმაზე და თვითმმართველობაზე დაავიწყდა მთავარი - კონსტიტუციაში საკმაოდ დაკონკრეტებულია თვითმმართველობის უფლებები.
კონსტიტუციას დაემატა ორი სრულიად ახალი მუხლი, რაც თვითმმართველობის უფლებათა გარანტიას წარმოადგენს, ეს არის - სუბსიდიარობის პრინციპი და უფლებამოსილებებსა და რესურსებს შორის თანაზომიერების პრინციპი. დეცენტრალიზაციის პოლიტიკაზე საქართველოს პარლამენტში 5 აპრილს გაკეთდა განცხადება. მთავრობა მუშაობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის რეფორმებზე.
როდესაც ლაპარაკობს, რომ თვითმმართველობა დაასუსტეს და თან ამას ლაპარაკობს მთლიანად მმართველობის სისტემის ცვილებების კონტექსტში, რასაკვირველია, ასეთი შეფასება არის უაღრესად ზერელე და არასერიოზული. ძალიან სამარცხვინოა როდესაც პრეზიდენტი ასეთ არასერიოზულ პოლიტიკურ მოსაზრებებზე აგებს ხოლმე თავის მოხსენებას. უხერხულია უბრალოდ, აკადემიურად უნდა მოემზადებინა სიტყვა, პროცესის ცალმხრივად დანახვა არის ძალიან პოპულისტური თემა, ძალიან სამარცხვინო. პრეზიდენტი ასეთ პოზიციაზე არ უნდა იყოს, ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.