საქართველოს პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. სხდომის დატოვებას წინ უძღვოდა კამათი პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. გიორგი მარგველაშვილი დებატებში ჩართვას ითხოვდა, რაზეც ირაკლი კობახიძემ უარი განუცხადა. შესაბამისად, მარგველაშვილმა დებატების გამართვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის სხდომა დატოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა დებატების სახე მიეცათ დისკუსიისთვის და გარკვეული კითხვებისთვის პასუხი გაეცა. საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა და პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვის საშუალება ექნებოდა.
„ეს არ არის დებატები, როდესაც მე ვისმენ ერთმანეთის მიყოლებით განცხადებებს და არ მაქვს შესაძლებლობა, ჩავერთო დისკუსიაში. ასე რომ, თუ რაიმე პროცედურული თემა არის გასავლელი, გავიაროთ და მომეცით საშუალება, დისკუსიაში შევიდე პატივცემულ დეპუტატებთან“, - მიმართა პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს.
საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ქვეყნის პრეზიდენტს შეახსენა, რომ სხდომა მას მიჰყავს და მისი მოვალეობაა დაიცვას რეგლამენტი.
„სხდომა მე მიმყავს, ბატონო გიორგი, ჩემი მოვალეობაა რეგლამენტის დაცვა. დებატების წესი დადგენილია საქართველოს პარლამენტში 1995 წლიდან, როდესაც თქვენი მეგობარი ბატონო ზურაბ ჟვანია იყო პარლამენტის თავმჯდომარე და იმის მერე ეს წესი არ შეცვლილა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ არასწორია, რასაც პრეზიდენტი აკეთებს.
კობახიძეს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ არ ახსოვს, პრეზიდენტს არ ჰქონოდა პასუხის გაცემის შესაძლებლობა.
„გააკეთეთ ისეთი ცვლილება, რომ მე შემეძლოს დებატებში შესვლა. მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ამ სხდომას, რომელიც არ მაძლევს შესაძლებლობას, შევიდე დისკუსიაში დეპუტატებთან, არ დავესწრები“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და ამ სიტყვების შემდეგ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
თუმცა, რამდენიმე წუთში გადაწყვეტილება შეცვალა და პარლამენტის შენობაში დაბრუნდა, მაგრამ სხდომათა დარბაზის ნაცვლად, საკუთარი სამუშაო ოთახში დაიკავა, სადაც გადაწყვეტილების აღსრულებას ელოდება.
„პრეზიდენტისთვის პასუხის გაცემას იმ კითხვებზე, რომელსაც სვამს პარლამენტი, როდესაც ამას პარლამენტი მიკრძალავს, მე შინაარსს ვერ ვხედავ. მე შემიძლია ტელევიზორში ვუყურო ამ სხდომას. აქედან გამომდინარე, მე ველოდები, რომ პარლამენტი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და მომცემს შესაძლებლობას დებატების ფორმატში შევიდე პატივცემულ დეპუტატებთან.
ველოდები, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. არსად არ წერია რეგლამენტში, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს პასუხის გაცემის შესაძლებლობა. თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩემთვის სიტყვის მოცემის თაობაზე, რა თქმა უნდა დავბრუნდები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტი პარლამენტის უპატივცემულობაში დაადანაშულა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც პრეზიდენტის პროტესტს სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტი ვერ შეიცვლება.
„რეგლამენტს კანონის ტოლფასი ძალა აქვს და ვერ შეიცვლება. რეგლამენტის მიხედვით პრეზიდენტი დეპუტატების კითხვებს ბოლოს პასუხობს. ისეთი ეჭვი მიჩნდება, რომ ეს იყო წინასწარ განზრახული და დაგეგმილი ნაბიჯი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო ოპოზიცია „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ უმრავლესობას პოლიტიკური დებატების ფორმატის კორექტირებასა და დისკუსიაში პრეზიდენტის ჩართვას სთხოვს. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს პარლამენტის წევრებთან დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობა და პარლამენტმა პრეზიდენტს ამაზე უარი არ უნდა უთხრას.
ოპოზიციის მხრიდან გაკეთდა შეთავაზება, რომ პრეზიდენტის დასკვნითი სიტყვა საპარლამენტო სუბიექტის გამოსვლებს შორის დებატების ფარგლებში გადანაწილდეს. თავის მხრივ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, დებატების ბოლოს პრეზიდენტს ექნება შესაძლებლობა, გამოვიდეს დასკვითი სიტყვით და დღევანდელი სხდომა შეაჯამოს.
ამ თემაზე დისკუსია პარლამენტში გრძელდება. უმრავლესობის პოზიციაა, რომ პარლამენტმა რეგლამენტით დადგენილი ფორმატი დაიცვას და არ მოხდეს რეგლამენტიდან გადახვევა. „ქართული ოცნების წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი პარლამენტს გაბუტობანას ეთამაშება.
„პირველ რიგში, მე მგონია, რომ ინსტიტუტისადმი ეს არის ძალიან შეურაცხმყოფელი. გაბუტობანას გვეთამაშება პრეზიდენტი. საუბრობს, იმაზე, მსურს დებატიო და გარბის დარბაზიდან, თუ მას სურს დებატი, მაშინ უნდა მოისმინოს, დებატებში შევიდეთ და ვიმსჯელოთ, რა გამოსავალია. მე არ მესმის ლოგიკა, გსურდეს დებატი და გარბოდე დარბაზიდან“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, სიტუაცია არაორდინალურია და აღნიშნავს, რომ მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, უნდა მოხდეს გამონაკლისის დაშვება.
„ის, რასაც ბატონი ირაკლი კობახიძე აცხადებს რეგლამენტთან დაკავშირებით, სამართლებრივად და პროცედურულად ნამდვილად სწორია და ნამდვილად ასეა, ამიტომ, რეგლამენტზე არ ვდაობთ. კოლეგებო, ჩვენ ვართ ძალიან არაორდინალურ სიტუაციაში. პოლიტიკაში ძალიან დიდი ხანი ყოფნის მიუხედავად, მე არ მახსენდება ასეთი ფაქტი, რომ პრეზიდენტს დეტოვებინოს დებატები, მისი ყოველწლიური მიმართვის შემდეგ.
ამიტომ, მინდა მოგიწოდოთ და გთხოვოთ, ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას, მხოლოდ რეგლამენტის პროცედურული მხარიდან გამომდინარე და ნუ იქნება ეს სხდომის წამყვანის გადაწყვეტილება, რომელიც ამას დაასაბუთებს რეგლამენტის პროცედურული დაცვის საბაბით. ეს არის ძალიან არაორდინალური სიტუაცია, ვიმყოფებით პოლიტიკური გადაწყვეტილების წინაშე, ამიტომ თქვენი უფლებაა, დაუშვათ გამონაკლისი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს პარლამენტში დებატები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პრეზიდენტმა კანონმდებლების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლა დაასრულა. უმრავლესობამ მთავარი აქცენტი სწორედ სკანდალურ და ხმაურიან შეწყალებაზე გააკეთა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს მიმართა, რომ პასუხები აქვს გასაცემი მრავალ კითხვაზე შეწყალებებთან დაკავშირებით - მდინარაძისთვის საინტერესოა, რატომ ხდება კონვეირული სისტემით, ყოველგვარი რეალური ანალიზის გარეშე მსჯავრდებულთა შეწყალებები.
„70-80%-ზე მეტი მსჯავრდებული იყო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში და 9-10 ათასი პატიმრიდან თქვენ 3 600-ზე მეტი შეიწყალეთ თქვენი საპრეზიდენტო ვადის პირობებში. თქვენ შეიწყალეთ ადამიანი, რომლის საქმის განხილვა არ იყო დასრულებული სამივე ინსტანციის სასამართლოში; შეიწყალეთ ოჯახის წევრი, რომელსაც 17 წლიდან მხოლოდ 3 წელი მოახდევინეთ და ეს მოხდა შესაბამისი კომისიის გვერდის ავლით.
თქვენს მიერ შეწყალებულია 55 მსხვილი ნარკორეალიზატორი; თქვენს მიერ შეწყალებული მსჯავრდებულებიდან 575-მა ხელმეორედ ჩაიდინა 672 სხვადასხვა დანაშაული, რომელთაგან 189 მძიმე და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევა იყო, აქედან 40 - ძალადობის და ოჯახური ძალადობის შემთხვევა. ამ ფონზე კიდევ უფრო დასანანია თქვენი თავის მართლება, პასუხისმგებლობისგან თავის არიდება და არგუმენტი, თითქოს სასტიკი მკვლელების შეწყალების მიზეზი მისი დადებითი დახასიათება იყო. ბოლო
წლის განმავლობაში 21 ისეთი მსჯავრდებული შეიწყალეთ, რომელთაც უარყოფითი დახასიათება ჰქონდათ“, - მიმართა მამუკა მდინარაძემ.
დეპუატატი ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მარგველაშვილის და სააკაშვილის ლოგიკა ერთი-ერთში დაემთხვა ერთმანეთს.
„წარმოუდგენელი ამბავი იყო, როდესაც თქვენ სცადეთ ამ საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტ სააკაშილის გამართლება და მას პოლიტიკური ნიშნით დევნილი უწოდეთ, ასევე, 9-მილიონიანი თანხის დანაშაულებრივ ხარჯვას პიჯაკების საქმე უწოდეთ. თქვენ არ გამოიყენეთ უნიკალური შანსი, ყოფილიყავით პირველი პრეზიდენტი საპარლამენტო მმართველობის პირობებში, რომელიც რეალურად იქნებოდა საზოგადოების გამაერთიანებელი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ პრეზიდენტს იმიტომ უსაყვედურა, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთ მხარესთან გამართა შეხვედრა.
„არ დაინტერესებულხართ მეორე მხარესთან შეხვედრით, რომელიც ქართული მხარისთვის უდიდეს ნაწილს წარმოადგენს და მათ უფლებებსაც დაცვა სჭირდება, რომლებსაც გააჩნიათ კრიტიკული და ყურადსაღები დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ბატონო პრეზიდენტო, ხომ არ ფიქრობთ, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე ჭარბი პოზიტიური საუბარი ზრდის ინტერესს ახალგაზრდებში ნარკოტიკების მიმართ?!.
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ხელს უწყობს ზოგიერთი მედიასაშუალებაც, მაგრამ თქვენ არასოდეს გაგიკეთებიათ მოწოდება არც ერთი სამთავრობო, თუ არასამთავრობო სექტორისთვის, არც მოქალაქეებისთვის, არც მედიისთვის, რომ ეწარმოებინათ მძლავრი ანტინარკოტიკული პროპაგანდა“, - მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ.
პრეზიდენტი გააკრიტიკა „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ - დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ყურადღება გაამახვილა შერჩევით სამართალზე და აღნიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკით ხელმძღვანელობს სასამართლო, როდესაც საქმე ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ეხება.
„ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ, სასამართლო სისტემა და გააკრიტიკეთ ამ სისტემაში დანიშვნები, სინამდვილეში ამ სისტემაში დანიშვნებმა და ბევრმა სხვა მანკიერმა პრაქტიკამ მიგვიყანა იქამდე, რომ არსებობს კლანები და სწორედ ეს კლანები მართავენ სისტემას, რაზეც საუბრობს არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები.
მთელი სასამართლო სისტემა მოქმედებს ივანიშვილის დავალებით, როდესაც მაგალითად, საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილს, ან „რუსთავი2“-ს ან ნებისმიერ სხვა საქმეებს, რომელიც პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ეხება. ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ახსენეთ სტრესის რეჯიმში მოიმუშავე მედია, სინადვილეში კი ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.