პარლამენტმა პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში უკვე მოისმინა და დებატებისთვის ემზადება. ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოხსენების მოსასმენად პარლამენტში იმყოფებიან მთავრობის წარმომადგენლები და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ეს არის მისი პარლამენტში მეხუთე გამოსვლა და ამიტომ გადაწყვიტა, ყოფილიყო შემაჯამებელი იმ პერიოდის და იმ ბოლო წლების, როცა მმართველ გუნდთან ერთად მოღვაწეობდა.
„მახსენდება 2013 წელი, როდესაც ჩვენ ერთად ვმოღვაწეობდით საქართველოს მთავრობაში და ის სულისკვეთება, რაც მაშინ იყო. მაშინ განხორციელებული რეფორმები, ის რაც გააკეთა დათო სერგეენკომ, რაც გააკეთა დათო კირვალიძემ, ის რაც მე გავაკეთე განათლების სისტემაში იყო ორიენტირებული საქართველოს რიგით მოქალაქეზე, იყო ორიენტირებული იმაზე, რომ რიგითი ქართველის ყოფა შეცვლილიყო. შემიძლია ვთქვა, რომ იმის მერე განათლების სისტემაში არც არაფერი გაკეთებულა. ასე მოხდა ჯანდაცვაში, ასე მოხდა სოფლის მეურნეობაში და ამ სულისკვეთებით მე დავთანხმდი ვყოფილიყავი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, რათა ეს მუშაობა გაგრძელებულიყო“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდედნტმა ხაზი გაუსვა იმ მიღწევებს, რაც ამ ხელისუფლებამ მოიპოვა - ეს არის საგარეო მიმართულება - შეერთებულ შტატებთან ეფექტური თანამშრომლობა, მათ შორის თავდაცვის სფეროში და მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით.
ამასთან, როგორც მარგველაშილმა აღნიშნა, ევროპული ინტეგრაცია შთამბეჭდავ შედეგებს გვაჩვენებს - ეს არის ასოცირება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და უმაღლესი დონის დიალოგი.
მანვე თავდაცვის სისტემაში რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმები საქართველოში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რუსეთთან არსებულ ვითარებას და აღნიშნა, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება შეცდომა იქნებოდა.
„ყველა პოლიტიკურ კონტექსტს რომ თავი დავანებოთ, თვითგადარჩენის ინსტიქტის ტოლფასია, რომ ასეთი ინსტიტუტები არ გავაუქმოთ“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.
ამ კონტექსტში პრეზიდენტმა, განაცხადა რომ რუსეთის მიმართ, რომელიც საკუთარი განვითარების აგრესიულ ფაზაში იმყოფება, სწორი და ადეკვატურია საქართველოს მიერ არჩეული სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ამ ფონზე მსოფლიო თანამეგობრობის როლზე ისაუბრა.
რაც შეეხება შენიშვნებს, პრეზიდენტის კრიტიკა ძირითადად, საშინაო პოლიტიკას შეეხო - მარგველაშვილის შეფასებით, 2016 წლის არჩევნები იყო პოლიტიკური კლასის მიზანმიმართული გაქრობა. მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში არ გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ გაძლიერებულიყო პოლიტიკური ოპოზიცია.
საქართველოს პრეზიდენტის აზრით, პრობლემებია მედიის თავისუფლების თვალსაზრისითაც - მედიის მიმართ არაძალადობრივი, მაგრამ სირთულეეების შექმნა ხდება და მედიის წარმომადგენლები სტრესის რეჟიმში მუშაობენ.
პრეზიდენტი შეეხო საკადრო პოლიტიკასაც - მარგველაშვილის შეფასებით, როდესაც პროკურატურაში და სხვა სისხლის სამართლებრივ დევნის ორგანოებში იმ ინდივიდებს არ ვცვლით, რომელთა ხელითაც ხდებოდა ძალადობა, რანაირად უნდა ჰქონდეს იმედი, რომ გამოძიებული იქნება ზვიად გამსახურდიას, ზურაბ ჟვანიას, რაფალიანცის, მუხთარლის საქმეები. მისი თქმით, სამართალდამცველი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია არ მომხდარა.
რაც შეეხება საშინაო პოლიტიკის მიღწევებს, მარგველაშვილის შეფასებით, ჩვენ შევძელით და ბიზნესზე წნეხი ნამდვილად აღარ ხორციელდება, ბიზნესი დღეს თავისუფალია.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „მცირე და საშუალო ბიზნესი ჯერ კიდევ ძალიან მცირე მოცულობით არის ჩვენს ქვეყანაში და ჯერ კიდევ დიდი ბიზნესის ჩრდილშია“.
დაბოლოს, პრეზიდენტი შეეხო სოციალურ თემასაც, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის კვლავ უმწვავესი და მტკივნეული საკითხია.
„ჩემი მეგობარი ზურა ჟვანია ამბობდა ხოლმე, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა არის მაცივარი. გამოაღებ მაცივარს და მიხვდები, როგორია ეკონომიკური მდგომარეობა... დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას დასაქმების პრობლემა უდგას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის აბსოლუტურად განსხვავებული საპარლამენტო მიმართვა, ვინაიდან ის შეეხებოდა არა ერთი წლის, არამედ რამდენიმე წლის შეჯამებას.
„ბუნებრივია, პრეზიდენტმა ისაუბრა იმ მიღწევებზე, რომელიც ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, მათ შორის ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის თუ ეკონომიკური მიმართულების ნაწილში, მაგრამ ასევე ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც არის სახეზე, მათ შორის ეკონომიკურ პრობლემებზე, დღესაც ძალიან მაღალია საქართველოში ეკონომიკური უთანასწორობა. სამწუხაროდ ის მიზანი, რომ ეკონომიკა ისე გაჯანსაღებულიყო, რომ თითოეულ მოქალაქეს საკუთარ თავზე ეგრძნო, ეს ვერ იქნა მიღწეული“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
როგორც აბაშიშვილი აცხადებს, ასევე სერიოზული პრობლემებია სასამართლო სისტემაში,საკადრო პოლიტიკაში, როდესაც დღევანდელი მმართველი ძალა მოძალადე სისტემის მსახურებს ხელისუფლებაში ინარჩუნებს; როდესაც ხელისუფლება საუბრობს, რომ დეოკუპაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ მიმართულებებით პრეზიდენტის ინიციატივებს არ ითვალისწინებს. როგორც აბაშიშვილი აღნიშნავს, ამ დამოკიდებულებით ჩანს, რომ ეს ხელისუფლება არ არის მზად რეალური ცვლილებებისთვის დემოკრატიის მიმართულებით.
თავის მხრივ, მმართველ გუნდსაც შენიშვნები აქვს პრეზიდენტის მიმართ - როგორც ჩანს, პრემიერ კვირიკაშვილს მოლოდინი გაუცრუვდა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ელოდა, რომ პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა ამ რანგში იქნებოდა გაცილებით უფრო ღრმა, მეტი ანალიზით, უფრო კონცენტრირებული, იქნებოდა პრობლემების მეტი ანალიზი და ასევე საუბარი შეეხებოდა მათი მოგვარების გზებს... „პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობასა და პრობლემებზე, რასაც ჩვენ არათუ არ უარვყოფთ, არამედ ხელისუფლების ყველა შტო მუშაობს აქტიურად, რათა ქვეყანა წინ წავიდეს ამ მიმართულებით. მან ისაუბრა ინსტიტუციებისადმი უპატივცემულობასა და ინსტიტუტების დაკნინებაზე, როდესაც თვითონ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ მათ შორის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები და ა.შ. ვფიქრობ, პრეზიდენტს გაცილებით ფართოდ უნდა მიმოეხილა ის პრობლემატიკა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის და პრეზიდენტის ინსტიტუტის უფრო მეტი გამაერთიანებლის ფუნქცია უნდა გამოეჩინა. მართალი გითხრათ, გაცილებით უფრო მეტს ველოდებოდი ამ გამოსვლისგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პრეზიდენტის ანგარიში პოპულისტურ გამოსვლად შეაფასა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ის პრეზიდენტისგან უფრო შინაარსობრივ საუბარს ელოდა არსებულ პრობლემებზე.
„პრობლემებს ჩვენც ვხედავთ და დისკუსიის არსი უნდა ყოფილიყო ამ პრობლემების მოგვარების გზების ძებნაში... მეტს ველოდი შინაარსობრივ თემებზე საუბარს, მათ შორის ჩვენი მიმართულებითაც... ობიქტური საუბარი არსებულ პრობლემებზე იქნებოდა ჩვენთვის ყველაზე მისასალმებელი“, - განაცხადა გახარიამ.
პრეზიდენტის გამოსვლის მიმართ შენიშვნები აქვს საპარლამენტო უმცირესობასაც - „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს არ უხსენებია ადამიანების გატაცება ოკუპირებული ტერიტორიებიდან, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა, არ უსაუბრია გაზრდილ კრიმინალზე, კორუფციაზე, არ გახსენებია პოლიტიკური დევნის და არაფორმალური მართვის საკითხები.
ბაქრაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში მხოლოდ პრობლემების ნაწილი ჩამოთვალა.
„მთავარი, რაც უნდა იყოს პრეზიდენტის გამოსვლაში და რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ იქნება ის, თუ ვინ არის პასუხისმგებელი დღევანდელ ვითარებაზე. არ შეიძლება მუდმივად პასუხისმგებლობიდან გაწევა, როგორც ამას აკეთებს „ქართული ოცნება... ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი უფრო გულწრფელი ყოფილიყო შეფასებაში, თუ რამ მოიტანა ის პრობლემები, რომელზეც მან ისაუბრა საკუთარ გამოსვლაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.