პარლამენტის პლენარული სხდომა 2 მაისს 12.00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლით დაიწყება.
რეგლამენტის გათვალისწინებით, როგორც წესი, პრეზიდენტი პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე უნდა მივიდეს, თუმცა ამჯერად, გიორგი მარგველაშვილი წლიური ანგარიშით საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესიის თითქმის მიწურულს, 2 მაისს წარდგება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრებს. რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ პროცედურებს, ირაკლი კობახიძის განმარტებით, რეგლამენტით გათვალისწინებულია ორი ფორმატი - ფრაქციების გამოსვლები და პოლიტიკური დებატები.
„ტრადიციულად იყო ხოლმე მოთხოვნა პოლიტიკური დებატების გამართვის თაობაზე, ამჯერად არც პრეზიდენტის და არც ოპოზიციის მხრიდან ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა, თუმცა ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ტრადიცია, რომელიც ჩამოყალიბდა და ამავე რეჟიმში წარვმართოთ ამ საკითხის განხილვა. როგორც მოგეხსენებათ, დებატების გამართვის შემთხვევაში სიტყვა ეძლევათ დამოუკიდებელ დეპუტატებს, ფრაქციებს, უმცირესობას, უმრავლესობას, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს და პარლამენტის თავმჯდომარეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბიუროს წევრებმა კენჭი უყარეს პარლამენტის თავმჯდომარის წინადადებას პოლიტიკური დებატების გამართვასთან დაკავშირებით და ამ საკითხს მხარი დაუჭირეს.
ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, საპარლამენტო ტრიბუნა პირველ რიგში დამოუკიდებელ დეპუტატებს დაეთმობათ, მათ შემდეგ 15-წუთიანი რეგლამენტით ფრაქციები ისარგებლებენ, 45-45 წუთი გამოიყოფა საპარლამენტო უმცირესობისთვის და უმრავლესობისთვის. პოლიტიკური დებატები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების და პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლებით დასრულდება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარტებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამჟამად პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მოეწყოს დებატები.
„ეს ყოველთვის განხილვის საგანი ხდებოდა, როგორც პრეზიდენტის, ასევე ოპოზიციის მხრიდანაც. ისინი ყოველთვის გამოთქვამდნენ დებატების ჩატარების სურვილს, მაგრამ ახლა მათ ასეთი სურვილი არ გამოუთქვამთ. პრეზიდენტის მხრიდან ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს ბოლოდროინდელ მოვლენებს, რომელიც მის გარშემო განვითარდა და რომელსაც უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოების მხრიდან, თუმცა ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ ამჟამად პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ მოეწყოს დებატები“, - განაცხადა კახიანმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე ვარაუდობს, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა, პრეზიდენტს თავს დაესხას და ამიტომ მოიწვია დებატები.
როგორც კაპანაძე აცხადებს, „ევროპული საქართველოს“ მხრიდან კითხვები იქნება დასმული პირველ რიგში, მთავრობის მიმართ, თუ როგორ აპირებენ გაუმკლავდნენ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს - გაზრდილ კრიმინალს, კორუფციას და ა.შ.
გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეგლამენტს არ აპროტესტებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ის ადასტურებს, რომ პრეზიდენტი დებატების მომხრეა.
„რეგლამენტით ინიცირება ვერ ხდება ჩვენგან, თორემ პოლიტიკური განცხადებით კიდევ ერთხელ შემიძლია დავადასტურო, რომ მხარს ვუჭერთ დებატებს“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.
მისივე შეფასებით, ცალკეული პოლიტიკოსები ხშირად პრეზიდენტს რომ რაღაცა ჯერ არ უთქვამს და არ უფიქრია, იმის შესახებ წინასწარ საუბრობენ ხოლმე.
„მსგავსი რამ ამ წლების განმავლობაშიც კი არ უთქვამს. პირიქით, ჩვენი მხრიდან ყოველთვის ფიქსირდებოდა პოზიცია, რომ ყოველთვის ვემხრობოდით დებატებს და მხარს ვუჭერდით ყველა წინადადებას, რომლიც დაკავშირებული იყო დებატებთან“,- აღნიშნა აბაშიშვილმა.
როგორც აბაშიშვილი აცხადებს, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხარს უჭერს დებატებს არა მხოლოდ საპარლამენტო ფორმატში, არამედ ზოგადად, მიესალმება პოლიტიკაში დებატების კულტურის ჩამოყალიბებას.