პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო 21-დან 15 წევრამდე შემცირდა, ახალი შემადგენლობა კი ასეთია: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ასევე პარლამენტის წევრები: დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. ასევე „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარე დავით საგანელიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სხვა დეპუტატებთან ერთად დავით საგანელიძეც გამოაკლდებოდა პოლიტსაბჭოს რიგებს, თუმცა, სიტუაცია შეიცვალა.
„პოლიტსაბჭოდან წასვლის საკითხი დავაყენე, თუმცა იყო მოსაზრება, რომ პოლიტიკური ცხოვრების მართლაც დიდი გამოცდილება მაქვს და პარტიას ეს წაადგება“,- განაცხადა საგანელიძემ.
სხდომის დაწყებამდე საგანელიძე ამბობდა, რომ პოლიტსაბჭოს დატოვებდა, ვინაიდან ბოლო 2,5 წელიწადია პოლიტიკიდან წასულია, თუმცა, როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საგანელიძე ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობაშიც რჩება.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი ზოიძემ აღნიშნა მედიასთან საუბრისას, პოლიტსაბჭოს დაკომპლექტებაში ყველამ მიიღო მონაწილეობა.
„პოლიტსაბჭო პარტიის თავმჯდომარისთვის შესაბამისი და მოქნილი ინსტრუმენტი უნდა იყოს პარტიული სტრუქტურების ჩამოსაყალიბებლად და პარტიის სტრატეგიის განსასაზღვრად. შესაბამისად, პოლიტსაბჭო პარტიის თავმჯდომარის გემოვნებაზე უნდა ყოფილიყო მოწყობილი. ჩამოვყალიბდით ვინ უნდა ყოფილიყო პოლიტსაბჭოში მთავრობიდან, უმრავლესობიდან და ა.შ. “, -განაცხადა ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ დღევანდელ სხდომაზე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
„ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილთან იყო კონსულტაციები პოლიტსაბჭოს კანდიდატების შერჩევის დროს, რადგან ის ყრილობამ უნდა დაამტკიცოს პარტიის ხელმძღვანელად, ამიტომ ამაში უჩვეულო არაფერი არ არის. ახალ შემადგენლობაში არ არის წარმოდგენილი არც ერთი კომიტეტის თავმჯდომარე. გარკვეული პრინციპი იყო შეთანხმებული, რომ იქნებოდა პარლამენტიდან სპიკერატი, ასევე, ფრაქცია „ქართული ოცნება“, ამიტომ მე და ჩემი ორი მოადგილე ვართ პოლიტსაბჭოში. ასევე, გადავწყვიტეთ ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი და ორი მინისტრი ყოფილიყო პოლიტსაბჭოში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ახალი პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების პრინციპს ძველი პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი, მათ შორის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამაც.
„რა თქმა უნდა, იყო გარკვეული შეკამათება, რაც, სამწუხაროდ, გადავიდა საჯარო სივრცეში, მაგრამ ეს პრობლემა აბსოლუტურად ამოწურულია“, - დასძინა მდინარაძემ.
როგორც პოლიტსაბჭოს უკვე ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, მთავარი არ არის, იქნებოდა თუ არა თვითონ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში - მთავარია, რომ იცვლება დამოკიდებულება.
მისივე შეფასებით, განახლებული პოლიტსაბჭო არის ოპტიმალური და მას იმედი აქვს, რომ პოლიტსაბჭოს წევრებს ყრილობა მხარს დაუჭერს.
„პოლიტსაბჭოს განახლებული ფორმატის მთავარი ღირსება არის ის, რომ პირველი ნომერია ბიძინა ივანიშვილი. ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არის ახალი შანსი ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ქვეყნისთვისაც. მთავარი საზომი არის ის, რომ ლიდერი ისევ საჭესთან არის და ისევ მზად არის უხელმძღვანელოს გუნდს“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ექსპერტი, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ახლადდაკომპლექტებული პოლიტსაბჭო უფრო ორიენტირებულია შიდა პარტიული კრიზისების გადალახვაზე, ვიდრე ხელისუფლების ეფექტურობის ამაღლებაზე.
„მე უფრო ველოდი, რომ პოლიტსაბჭო სახელმწიფო საბჭოს მოდელად იქცეოდა, სადაც პარიტეტულ საწყისებზე იქნებოდა წარმოდგენილი როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლება. მეგონა, რომ პოლიტსაბჭო მთავარი პრობლემის გადალახვაზე იქნებოდა ორიენტირებული - ეს პრობლემა არის მმართველობითი სისტემის კრიზისი ქვეყანაში, თუმცა ამ პოლიტსაბჭოს შემადგენლობით არ იკითხება, რომ ამოცანა ესაა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მისივე შეფასებით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობით მას სხვა დასკვნები გამოაქვს, კერძოდ ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ამბიციური ახალგაზრდები ახლოს ჰყავდეს გასაკონტროლებლად.
„გადაწყვეტილებაში უფრო ის იკითხება, რომ ახალგაზრდა, ამბიციური ადამიანები, რომელთაც ილუზია და პრეტენზიები გაუჩნდათ რომ ყველაფერი აკონტროლონ, დასვეს მაგიდასთან, სადაც მათ თავის ადგილზე „მოსვამენ“.
საერთოდ ასეა, ურჩები შორს არ უნდა გყავდეს, რომ საკუთარი ადგილი იცოდნენ. მე ვგულისხმობ იმ ახალგაზრდებს, რომელთაც არიეს უმრავლესობა“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
როგორც ექსპერტი, დავით ზარდიაშვილი აცხადებს, ჯერჯერობით, პრინციპულად არაფერი შეცვლილა, პოლიტსაბჭოს დაემატა ბიძინა ივანიშვილი, ხოლო გუნდში დარჩნენ ის ძირითადი ფიგურები, ვინც იყვნენ.
„ლიდერები ვინც იყვნენ და ვისთანაც ასოცირდებოდა ეს პარტია, ყველა იქ არის და დანარჩენს დრო და საქმე გამოაჩენს. თუ მოახერხებს „ქართული ოცნება“ და ჩამოყალიბდება ევროპული ტიპის პარტიად, იმ ხარვეზებს რაც აქვს და რაც გვაჩვენა ბოლო კონფლიქტმა, თუკი დაძლევს ხომ კარგი, თუ არა - ვნახოთ, რა მოხდება“, აცხადებს ზარდიაშვილი.