საკადრო წმენდა პოლიტსაბჭოდან იწყება?

საკადრო წმენდა პოლიტსაბჭოდან იწყება?

„ქართულ ოცნებაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, მმართველი გუნდი პოლიტსაბჭოს წევრების რაოდენობისა და შემადგენლობის ცვლილებას გეგმავს და როგორც ცნობილია, პარტიის ყრილობის მომზადებასთან დაკავშირებითაც იმჯელებენ, რომელიც 11 მაისს უნდა ჩატარდეს. სავარაუდოდ, დღესვე ცნობილი გახდება, ვინ დატოვებს დაკავებულ თანამდებობას.

მმართველი გუნდის ლიდერები დეტალებს არ ახმაურებენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ახალ პოლიტსაბჭოს „ქართული ოცნება“ ყრილობაზე, ახალ პარტიის თავმჯდომარესთან ერთად დაამტკიცებს. ცნობილი ხდება ისიც, რომ პარტიის ლიდერებს შორის იქნებიან ახალი სახეები მინისტრთა კაბინეტიდან.

ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობა მოქმედმა პოლიტსაბჭომ უნდა წარუდგინოს ყრილობას, რომელიც ირჩევს ახალ შემადგენლობას.

„დღევანდელმა პოლიტსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს მათ შორის ის საკითხი, რამდენკაციანი შემადგენლობით იქნება, შემცირდება რაოდენობა და ეს იქნება უფრო ოპტიმალური და ეფექტიანი მუშაობაში, თუ დარჩება იგივე შემადგენლობა ან გაზრდილი შემადგენლობა, არ ვიცი რაზე ჩამოვყალიბდებით საბოლოო ჯამში“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

რამდენიმე მოქმედი წევრი ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში რჩება - მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის მოქმედი გენერალური მდივანი, კახი კალაძე პოლიტსაბჭოს არ დატოვებენ.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შემადგენლობასთან ერთად, დღევანდელ პოლიტსაბჭოზე პარტიის სამომავლო გაძლიერების პერსპექტივები იქნება განხილული.

„მე უკვე გავაკეთე კომენტარი და ძალიან კარგია პარტიისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარე ხდება. ეს პარტიის გაძლიერებას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, დღემდე თვითონ პარტია, როგორც ინსტიტუცია „ქართული ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის.

„ძალიან კარგია, რომ პარტია გაძლიერდება და უკვე არჩევნებიდან არჩევნებამდე, მთლიანად ამ ციკლის განმავლობაში იმუშავებს კიდევ უფრო აქტიურად. ეს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ 2024 წლისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკვე განვითარებული პარტიების სისტემით, ინფრასტრუქტურით, რაც საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პოლიტსაბჭოში ცვლილებების თაობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნების შესახებ ინფორმაცია გახმაურდა. სავარაუდოდ, არ არის გამორიცხული, რომ პოლიტსაბჭოში მინისტრთა კაბინეტის წევრებმაც გადაინაცვლონ.

პარტიის გენერალური მდივანი, კახი კალაძე ამბობს, რომ პოლიტსაბჭოს რეორგანიზაციის მიზეზი გუნდში არსებული განხეთქილება არ არის.

ასეა თუ არა, სავარაუდოდ, მალე გამოჩნდება - ლაკმუსი ახალი სია იქნება, რითაც ნათელი გახდება, ტოვებენ თუ არა პოლიტსაბჭოს ის დეპუტატები, რომლებმაც ბოლო დროს მწვავე განცხადებებით დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს არსებული შემადგენლობა ორი წლის წინ პარტიის ყრილობაზე, საპარლამენტო არჩევნებამდე დამტკიცდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც პარტიის თავმჯდომარის ვაკანტური პოსტი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პარტიიდან წასვლის შემდეგ ჩაიბარა, პოლიტსაბჭოს ახალი 9 წევრი წარუდგინა.

ძველი წევრები, კახა კალაძე, გიორგი ვოლსკი, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ირაკლი სესიაშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი, დავით საგანელიძე, ნოდარ ხადური, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე კვლავ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში დარჩნენ.

2016 წლის 14 მაისს ახალი წევრები გახდნენ დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე, ზვიად გონაძე და ირაკლი კობახიძე, რომელმაც პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა დაიკავა.

როგორც პარტია „ქართული ოცნების“ ახლადარჩეული ხელმძღვანელი აცხადებდა, მას სჯეროდა, რომ ახალ გუნდთან ერთად მიაღწევდა დასახულ მიზანს და ქვეყნის სტაბილური განვითარებით მოუტანდა კეთილდღეობას ყველას. კიდევ ერთი ამოცანა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება იყო, რომელსაც მმართველმა პარტიამ წარმატებით გაართვა თავი.