[გიორგი ბექაური]
პატარა ქართულ ავიაციაში დიდი ცვლილებებია. საქართველოს ლიდერ და ლამის ერთადერთ ავიაგადამზიდავში მნიშვნელოვანი ამბები ხდება. მხოლოდ ახლა გაირკვა 1 თვის წინათ მომხდარი საკადრო ცვლილებების შესახებ. ქართულ ავიასივრცეში ძალზედ ცნობილი ფიგურა თამაზ გაიაშვილი „აირზენას“ გენდირექტორობას ჩამოაშორეს, ხოლო კომპანია კი, შესაძლოა, სომხურ „არმავიას“ გადაულოცონ.
ავიაკომპანია „აირზენას“ გენერალურ დირექტორად გია ოყუჯავა დაინიშნა. ოყუჯავა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნვამდე ფრანკფურტში „აირზენას“ წარმომადგენელი იყო.
გენერალური დირექტორის დონეზე განხორციელებული საკადრო ცვლილების შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანია „აირზენას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმაც დაადასტურა, თუმცა საკადრო გადაადგილების მიზეზის დასახელებისგან თავი შეიკავა.
„აირზენას“ ახალი გენერალური დირექტორი გია ოყუჯავაა. რაც შეეხება სხვა დამატებით დეტალებს, ამის შესახებ მისი ოფიცალურად წარდგენის შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცახდა გიორგობიანმა.
იმავე წყაროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე თამაზ გაიაშვილი ავიაკომპანიის კვების ბლოკს - „ჯორჯიან ეარ სერვისს“ ხელმძღვანელობს. საკადრო ცვლილება დაახლოებით ერთი თვის წინ განხორციელდა.
ეს კიდევ ცოტაა, რაც „აირზენასთან“ დაკავშირებით ვრცელდება. საქართველოს ფლაგმანი ავიაკომპნია, შესაძლოა, სომხების ხელში აღმოჩნდეს. „აირზენა“ წილის შესაძლო გაყიდვის შესახებ სომხურ „არმავიასთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მოლაპარაკებები კომპანიებს შორის ამ დრომდე მიმდინარეობს. საინტერესოა, მთლიანად იყიდება თუ არა ქართული ავიაკომპანია, ანდა რა წილის დათმობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები? ნინო გიორგობიანის თქმით, ამ ეტაპზე საუბარი მხოლოდ თანამშრომლობის გაღრმავებაზე მიმდინარეობს.
„არმავიასთან“ მოლაპარაკებები ამ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს. შესაძლოა, ამ ეტაპზე საუბარი იყოს აქციების წილის მიყიდვაზე, ან სხვა სახის თანამშრომლობაზე. კომპანიის სრულად მიყიდვაზე კი საუბარი არ არის“, - აცხადებს გიორგობიანი, რომელიც დასძენს, რომ „აირზენა“ „არმავიასთან“ დიდი ხანია თანამშრომლობს“.
ცნობილი სომეხი ბიზნესმენი მიხეილ ბაღდასაროვი ადასტურებს, რომ საქართველოსგან „აირზენას“ შეძენის წინადადება მიიღო. მისი აზრით, ამ წინადადების განხილვა შეიძლება, რადგან „კომპანია საკმაოდ ეფექტურია“.
იმავდროულად, ბაღდასაროვი საქართველოში ბიზნესის დაფუძნებას მისთვის არარეალურად მიიჩნევს. „აიღო და გადაიტანო კაპიტალი - ცოტაა, საჭიროა იმავე პროფილის საწარმოს გახსნა, როგორითაც აქ ვარ დაკავებული და ვთვლით, რომ სადღეისოდ ეს საქართველოში არარელურია. საქართველოსგან „აირზენას“ შეძენის წინადადება მივიღე და ის შეიძლება, განვიხილოთ: კომპანია საკმაოდ ეფექტურია“, - განაცხადა ბაღდასაროვმა.
აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგ „მიკა ლიმიტედში“, რომელსაც ბაღდასაროვი ხელმძღვანელობს, ავიაკომპანიები „არმავია“, რაზდანის ცემენტის ქარხანა, საბითუმო ქარხანა „აბიტი“ და იმპორტიორი კომპანია „მიკა კორპორეიშენი“ შედის. შესაძლოა, ამ სიას მალე „აირზენაც“ შეემატოს, ხოლო ქართულმა ავიაციამ კი ადგილობრივი გადამზიდავის გარეშე გააგრძელოს არსებობა.