[ეკა ბაქრაძე]
რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებაზე ხელისუფლებაზე მეტად ოპოზიცია რომ აქტიურობს, მთავრობის წევრებს სწორედ ეს ვერ მოუნელებიათ. მინისტრ ქობალიას ბიზნეს-მორალი სწორედ რომ შეუსაბამო დროს ახსენდება.
საქართველოს ეკონომიკის მდგრადი მინისტრი ვერონიკა ქობალიას აზრით, რუსული ჯარების მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის პირობებში, ქართული პროდუციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ საუბარი არასწორია.
ასეთი აზრი ქობალიას მას შემდეგ ჩამოუყალიბდა, რაც რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ონიშჩენკოსა და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავას შეხვედრის დეტალებს გაეცნო. კუკავა ამტკიცებს, რომ წლის ბოლომდე ქართული ღვინო, შესაძლოა, რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს.
„გააჩნია, რის სანაცვლოდ დაბრუნდება ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე. ვფიქრობ, ჯერ ოკუპაციის საკითხი უნდა გადაწყდეს, რუსეთის ბაზერზე ქართული ღვინის დაბრუნებაზე კი ამის შემდეგ დავიწყოთ საუბარი“, - განაცხადა ქობალიამ.
ეკონომიკის მინისტრს რუსული ოკუპაციის პირობებში ქართული ღვინის ჩრდილოეთში დაბრუნება მორალურად გამართლებულ ნაბიჯად არ მიაჩნია, მაგრამ საქართველოს ეკონომიკისთვის სტრატეგიული საწარმოების რუსეთისთვის გადაბარებაში პრობლემას ვერ ხედავს. როდესაც საქართველოს მთელ ენერგოსექტორს, ოქროს საბადოებს, წყლის კომპანიებს, გაზის სექტორს რუსები აკონტროლობენ, ხოლო ენგურჰესს, რკინიგზას და მაგისტრალურ გაზსადენს ეპოტინებიან (ამ ობიექტების რესებსითვის მიყიდვა მხოლოდ საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული პროტესტის შედეგად შეჩერდა), საქართველოს მთავრობას მაშინ ოკუპაცია არ ახსენდება, მაგრამ თუკი რუსეთში ღვინის დაბრუნებაზე მიდგა საუბარი, ეს მიზანშეუწონელ ნაბიჯად ითვლება.
ჯერჯერობით რუსეთში რაიმე ტიპის ქართული პროდუქციის დაბრუნებაზე მხოლოდ საუბრები მიმდინარეობს და რეალური ნაბიჯები გადაიდგმება ბვერი წყალი ჩაივლის. თუმცა, ქართული ოპოზიციური სპექტრი სხვა განწყობაზეა. პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი ამტკიცებს, რომ ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე 2011 წელსვე დაბრუნდება.
კახა კუკავამ და გიორგი ცანავამ ჩრდილოეთით იმოგზაურეს და მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმს გენადი ონიშჩენკოსაც შეხვდნენ.
„შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებისთვის აუცილებელი როგორც სამართლებრივი, ასევე ტექნიკური პროცედურების შეთანხმება დაიწყება. ამ მიზნით უახლოეს პერიოდში ქართველი მეწარმეების და ექსპერტების მონაწილეობით სპეციალური შეხვედრა გაიმართება. მეწარმეებს და დარგის ექსპერტებს მივმართავთ, ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები მოგვაწოდონ. იმედია, უახლოეს მომავალში პრაქტიკული ნაბიჯები გადაიდგმება და 2011 წლის დასრულებამდე ქართული ნაწარმი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე რუსეთის ბაზარზე დაბრუნდება“, - განაცხადა კუკავამ, რომლის თქმით, ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთველის წინ, რომელიც სააკაშვილის მთავრობის ანტიეროვნული პოლიტიკის შედეგად უკვე მერამდენე წელია, პრაქტიკულად, აღარ მიმდინარეობს.
„უმთავრესი პოტენციალი სწორედ დსთ-ის ბაზარს უკავშირდება, რადგანაც ემბარგოს პირობებშიც კი ეს ბაზარი ევროპულ ან მით უფრო ამერიკულ ბაზარზე საქართველოს საექსპორტო პოტენციალს ბევრად აჭარბებს. სამწუხაროა, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების დარეგულირების მთავარ ბარიერს დღეს უკვე არა რუსული, არამედ საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს.
სააკაშვილის რეჟიმს მოვუწოდებთ, რადგანაც ამ მიმართულებით წლების განმავლობაში ქართველი გლეხებისა და მეწარმეებისთვის პოზიტიური არაფერი გააკეთეს, ამჯერად ჩვენს წამოწყებას ხელს ნუ შეუშლიან, რითაც მოგებული მთლიანად ქვეყანა დარჩება და არა რომელიმე მხარე“, - აცხადებს კუკავა.