მმართველ პარტიაში ახალი ვნებათაღელვაა - ვინ დარჩება პოლიტსაბჭოში

მმართველ პარტიაში ახალი ვნებათაღელვაა - ვინ დარჩება პოლიტსაბჭოში

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ორი თემა გახდა ქართული პოლიტელიტისთვის აქტუალური - გახდება თუ არა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი და რა ცვლილებები განხორციელდება მმართველ პარტიაში.

თბილისის მერი და მმართველი პარტიის გენერალური მდივნი, კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატად ბიძინა ივანიშვილის წარდგენის თაობაზე.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზოგადად, კანდიდატებზე ითქვა, თუ ვინ იქნება, მაგრამ ივანიშვილზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. რაც შეეხება, პარტიაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს, კალაძე აცხადებს, რომ ის რჩება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის პოსტზე.

„პოლიტსაბჭოში რა თქმა უნდა, ცვლილებები იქნება, თუ რა რაოდენობა დარჩენა და ვინ იქნება ამას უახლოეს მომავალში გაიგებს საზოგადოება. პოლიტსაბჭოს ყრილობა მაისის დასაწყისში გაიმართება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პარტიის გენერალური მდივნი უარყოფს ინფორმაციას გუნდში კრიზისის თაობაზე და ირწმუნება, რომ არც უმრავლესობის დაშლის საფრთხე არსებობს. კახა კალაძის განმარტებით, გუნდში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ეს ნორმალურია.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში უნდა დარჩეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რადგან ის არის სამეურნეო ხელმძღვანელი, რომელიც უახლოესი პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ამბიციურ გეგმებს ისახავს.

„ამ გეგმების რეალიზაცია არის მთელი მთავრობის ამოცანა, სადაც საკვანძო როლს შეასრულებს პრემიერ-მინისტრი. ვფიქრობ, რომ ის წარმოდგენილი უნდა იყოს პოლიტსაბჭოში, თუმცა არ ვიცი კონფიგურაცია და შინაარსი ამ პოლიტსაბჭოში როგორი იქნება და რა პრინციპზე იქნება აგებული“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე განმარტებით, პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით რაიმე მონახაზი ჯერ არ არსებობს.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გენერალური მდივნის კახა კალაძისა და აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მიერ თანამდებობების შენარჩუნების საკითხს, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მათი პოლიტსაბჭოში ყოფნა საჭიროა.

„ისინი თავიანთ პოზიციაზე არიან საკმაოდ მძლავრნი და ეფექტურნი იმის მიუხედავად, იქნებიან თუ არა ისინი პოლიტსაბჭოში, მაგრამ მე ვფიქრობ, საკვანძო ფიგურების პოლიტსაბჭოში ყოფნა საჭიროა. ვნახოთ როგორ დალაგდება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პოლიტსაბჭოს ერთ-ერთი წევრია, გედევან ფოფხაძე, რომლის განცხადებითაც გახმაურდა გუნდში არსებული დაპირისპირება. როგორც ფოფხაძემ განმარტა, მისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს პირადად დარჩება თუ არა პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში - მისთვის მნიშვნელოვანია პოლიტსაბჭოში იყოს ხალხი, ვისთანაც ღირებულებითი თანხვედრა აკავშირებს.

„მნიშვნელოვანია პოლიტსაბჭოში წარმოდგენილი იყოს იმ ღირებულებების და შეხედულებების ადამიანები, რომლებიც ჩვენი პოზიციის გამტარებლები იქნებიან. როგორი განწყობა და ტკივილი არის საზოგადოებასა და ქუჩაში, იმის მიმტანი უნდა იყოს პოლიტსაბჭოში. თუკი პოლიტსაბჭო კონიუნქტურაზე მორგებული პოლიტიკოსებით დაკომპლექტება, ეს პარტიასაც დააზარალებს და პოლიტსაბჭოსაც. დღეს პოლიტსაბჭოს მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ არის ფუნქციონირებადი. მთავარი დამოკიდებულება არის ის, რომ ჩემი პოზიცია და გულისტკივილი ვინმემ პოლიტსაბჭოში მიიტანოს. პიროვნულად ვიქნები თუ არა პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, ამას მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ფოფხაძემ დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე მისი მხრიდან უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან გასვლის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი წევრი, ირაკლი ტრიპოლსკი აცხადებს რომ თუ საჭიროა, პარტიის ხელმძღვანელობა მიიღებს გადაწყვეტილებას და პოლიტსაბჭოში დარჩება, ხოლო თუ არა არის საჭირო - არც ამაზე დაწყდება გული.

„არც პარტიიდან წავალ და არც უმრავლესობიდან, - მე ყოველთვის ბატონი ბიძინას გვერდით ვიდექი... მას შემდეგ, რაც ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ითქვა ათასი ტყუილი, რომ არის არაფორმალური მმართველობა და ასე შემდეგ... ჩემი აზრით, საქმე სწორედ იმაშია, რომ აღარ ერეოდა მის მიერ ჩამოყალიბებულ პარტიასთან დაკავშირებულ საქმეებში, გავიდა განზე, შემდეგ რაღაცეები აირია-დაირია მმართველობაში“, - განაცხადა ტრიპილსკიმ.

უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე, რომელიც მკვეთრი განცხადებებით გამოირჩევა, აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნის გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილია. მისი შეფასებით, ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ბევრისთვის სტიმული იქნება, რომ ცხოვრებას ახალი ენერგიით შეუტიოს. დეპუტატი ელის, რომ პარტიაში იქნება ცვლილებები, მოხდება გადახალისება, რადგან ამის საჭიროებას თავად პარტიის ხელმძღვანელობა ხედავს. როგორც ჭიჭინაძემ აღნიშნა, ამჟამად მზადება მიდის ყრილობისთვის, რათა ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარეობა ოფიციალურად გაფორმდეს.

რაც შეეხება უმრავლესობის დეპუტატების პოზიციას, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნუკრი ქანთარია თვლის, რომ ივანიშვილი ვალდებულებას იღებს, ჩაერთოს და წარმართოს პროცესები.

„ის გახდება პარტიის თავმჯდომარე და ვეღარავინ იტყვის, რომ ევკალიპტის ხის ჩრდილიდან მართავს... ეს ყველა შემთხვევაში დადებითისკენ წაიყვანს მოვლენებს“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი ახალ ხედვას და ახალი შინაარსის ცვლილებას ელოდება. რაც შეეხება პარტია „ქართულ ოცნებაში“ მოსალოდნელ ცვლილებებს დეპუტატის აზრით, „ცვლილება არის ის, რომ ის, რაც არ ვარგა, აღარ უნდა განმეორდეს“.