[თეონა ხარაბაძე]
საპარლამენტო უმრავლესობა მთელი დღის განმავლობაში ფიქრობდა, რა კომენტარი გაეკეთებინა საკუთარ გადაწყვეტილებაზე და მხოლოდ ის მოიფიქრა, რომ ისევ ის ეთქვა, „სამოქალაქო კოდექსში“ შეტანილი ცვლილება რელიგიებს მხოლოდ იურიდიულ სტატუსს ანიჭებს და ამით ბევრი არაფერი იცვლებაო.
ასეთი შეფასებები გუშინწინაც ბევრი გაკეთდა და ხელისუფლებას იმდენი პასუხისმგებლობა მაინც უნდა გამოეჩინა, რომ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე პასუხი გაეცა.
პასუხი კი ის იყო, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები კომენტარის თუ განმარტების გაკეთებას მთელი დღე თავს არიდებდნენ. ზოგმა რა მოიმიზეზა და ზოგმა – რა. პარლამენტის თავმჯდომარე, როგორც ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე, საზღვარგარეთ არის სამუშაო ვიზიტით. სხვა საკითხია, რატომ არიდებს პარლამენტის თავმჯდომარე თავს სადაო საკითხებს. პრესაჯი.ტვ ამ საკითხს აუცილებლად დაუბრუნდება. დღეს კი მნიშვნელოვანი ის არის, რომ უმრავლესობას სათქმელი არაფერი აქვს.
არადა, ფაქტია, რომ საზოგადოებას კითხვები გააჩნია. ეს კითხვები კი ქვეყნისთვის მთავარ საკითხს – რელიგიურ ფასეულობას შეეხება.
ისიც უნდა ითქვას, რომ საზოგადოების პროტესტი გარკვეულწილად იმანაც გამოიწვია, რომ ფაქტობრივად უცნობი იყო, რა მიიღო პარლამენტმა. რამდენიმე დღის წინ მხოლოდ ის ითქვა, რომ ცვლილება შედიოდა „სამოქალაქო კოდექსში“, რომლის თანახმად, რელიგიურ კონფესიებს იურიდიული სტატუსი მიენიჭებოდათ და ეს რას ნიშნავდა, ამაზე არაფერი თქმულა. ეჭვები კი იმანაც გააძლიერა, რომ საკითხი საჩქაროდ, საზოგადოებრივი განხილვის გარეშე იქნა მიღებული.
მედიისთვის მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი, რომ სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კოდექსს დაემატა 1509-ე პრიმა მუხლი - „რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესის განსაზღვრა“. აქ ნათქვამია, რომ რელიგიური გაერთიანებები შეიძლება დარეგისტრირდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ ეს არ ზღუდავს რელიგიური გაერთიანებების უფლებას, დარეგისტრირდნენ, როგორც ამ კოდექსით გათვალისწინებული არასამეწარმეო პირებად (არაკომერციული იურიდიული პირები), ასევე, ეწეოდნენ საქმიანობას, როგორც სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული არარეგისტრირებული კავშირი.
გარდა ამისა, მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კი უფლებამოსილია, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიულ კავშირში მყოფი რელიგიური მიმდინარეობა, ან ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.
რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესის მე-5 პუნქტში კი ნათქვამია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებების მიმართ არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოსკანონი.
აღნიშნული მუხლის ბოლო, მე-6 პუნქტში კი ნათქვამია, რომ „ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის მიმართ მოქმედებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციისთვის დადგენილი წესი და მათი უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კოდექსის მეორე თავით.
ეს გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან შეფასდა, როგორც რელიგიებისთვის იურიდიული სტატუსის მიღების შესაძლებლობად. მათი თქმით, ეს არანაირად არ აკნინებს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსს.
თუმცა, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „უკვე მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს“.
„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ 4 ივლისს გაკეთებული განცხადების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოში თავისი ინიციატივით მოვიდნენ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, რათა შემოეთავაზებინათ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის შეცვილილი ვარიანტი, სადაც კვლავ უპირობოდ იყო დაფიქსირებული რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აღიარების საკითხი. საპატრიარქო კვლავ აყენებდა წინადადებას კანონის მიღების პროცესის შეჩერების, მისი საჯარო განხილვისა და საზოგადოებრივი აზრის კონსენსუსის მიღწევის თაობაზე, შემდეგ კი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით კომპრომისული ვარიანტიც შესთავაზა. შეთანხმება ვერ შედგა, რაც მეტად სამწუხაროა, რადგან აწ უკვე მიღებული კანონი ეწინააღმდეგება როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს. ვფიქრობთ, ეს კანონი თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომავალშივე გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გუშინწინ საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობისთვის საპატრიარქოს პოზიცია გაუგებარია, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პრობლემა ორი მიმართულებით შეიქმნება.
ერთ-ერთი შესაძლო შედეგი კი, იურისტების განმარტებით არის ამ ეკლესიებისთვის ქონების გადაცემის საკითხი.
როგორც იურისტები განმარტავენ, დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფოს აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების გადაცემის უფლება ისეთი იურიდიული პირებისთვის, რომლებიც არის შექმნილი სახელმწიფო ორგანოების მიერ. რელიგიური გაერთიანება ვერ იქნება სახელმწიფო ორგანოს მიერ შექმნილი და, თუ სპეციალური კანონით არ იქნა გასაზღვრული, მაშინ მათთვის ქონების გადაცემა ვერ მოხდება.
აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალში, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია, ცალკე გამოიყო.
პარლამენტის მიერ „სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილების შეტანამდე, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ითვლებოდა „კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი“.
პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კი, სამოქალაქო კოდექსის 1509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
„კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია“.
თუმცა, იგივე მუხლს დაემატა ახალი, „ზ“ ქვეპუნქტი - „ამ კოდექსის 1509 პრიმა მუხლით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებები“.
კოდექსის 1509 პრიმა მუხლით კი ის რელიგიური გაერთიანებები იგულისხმებიან, რომლების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირდებიან. კერძოდ ისინი, რომელთაც საქართველოსთან ისტორიული კავშირი აქვს და ან ის რელიგიური მიმდინარეობები, რომელიც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში კანონმდებლობით მიჩნეულია რელიგიად.
შესაბამისად, „სამოქალაქო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებით, „სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ითვლებიან: ა) სახელმწიფო; ბ) თვითმმართველი ერთეული; გ) სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან ჩამოყალიბებული სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით; დ) სახელმწიფო დაწესებულებები და სახელმწიფო ფონდები, რომლებიც არ არის შექმნილი სამოქალაქო კოდექსის ან მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად; ე) საჯარო მიზნების მისაღწევად კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები (პოლიტიკური პარტიები და სხვა); ვ) კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია; ზ) ამ კოდექსის 1509 პრიმა მუხლით გათვალისწინებული რელიგიური გაერთიანებები“.
აღსანიშნავია, გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხური ეკლესია ხელისუფლებისგან ქონების გადაცემას უკვე ითხოვს და ამ ეტაპზე საუბარია 6 ეკლესიაზე.
მეორე პრობლემა კი, როგორც ქრისტიან-დემოკრატები აცხადებენ, იქნება ის, რომ უახლოეს მომავალში „რელიგიური გაერთიანებების“ შესახებ კანონის მიღება დადგება დღის წესრიგში, რაც კონკორდატის საკითხის გადახედვასაც გამოიწვევს.
როგორც ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, სამოქალაქო კოდექსში პარლამენტის მიერ შეტანილი ცვლილებების კიდევ ერთი საფრთხე არის ის, რომ ავტომატურად დღის წესრიგში დგება „რელიგიურ გაერთიანებების შესახებ“ კანონის მიღება.
მისი თქმით, სხვანაირად რეგისტრირებას ვერც ერთი გაერთიანება ვერ მოახერხებს, რადგან წესდებაში რა უნდა ეწეროს, ეს „რელიგიური გაერთიანების შესახებ“ კანონით უნდა განისაზღვროს.
„რელიგიური გაერთიანებების შესახებ“ კანონის მიღებით კი, ვეფხვაძის შეფასებით, პრაქტიკულად, კონკორდატი თავისი აზრით გახდება სადაო და ევსროსაბჭოს წევრ 50 ქვეყანაში აღიარებული რელიგიურ მიმდინარეობა, ზუსტად იგივე შეღავათს და დამოკიდებულებას მოითხოვს, რაც მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს. „ეს არ არის ევროპული ტიპის მიდგომა, რადგან ევროპაში მსგავსი ტიპის მიდგომა ნამდვილად არ არსებობს“, - დასძინა ვეფხვაძემ.
ამასთან, კიდევ ერთ საფრთხედ ლევან ვეფხვაძე იმ გარემოებასაც ასახელებს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში აღიარებული რელიგიის ცნება შემოდის ისე რომ, კანონის ავტორებმა ამ ტერმინის არსი არც იციან.
მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში არსებობს აღიარებული რელიგიის ცნება და ამ რელიგიებს აქვთ რეგისტრაციისთვის აუცილებელი კრიტერიუმები, ერთ-ერთი კრიტერიუმი კი არის მრევლის არსებობა და მოსახლეობის გარკვეული პროცენტის მრევლად გაწევრიანება. ამ კრიტერიუმების არარსებობის გარეშე კი, რელიგიის აღიარება ვეფხვაძეს გაუგებრად მიაჩნია.
მისთვის ასევე გაუგებარია, როგორ და რატომ უნდა მიიღოს საჯარო რეესტრის დირექტორმა გადაწყვეტილება, თუ რომელ რელიგიურ გაერთიანებას აქვს ისტორიული კავშირი საქართველოსთან და რომელს არა.
ფაქტია, რომ პრობლემა არსებობს და ხელისუფლების დუმილით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება.
სწორედ ამიტომ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი გამოსავალს იმაში ხედავს, რომ ამ კანონს ვეტო დაადოს. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, უმრავლესობას ეს კანონი სააკაშვილის თანხმობის და მითითების გარეშე მიეღო, თანაც ასე ნაჩქარევი წესით. ამიტომაც, ძნელი წარმოსადგენია, რომ მან ამ კანონს ვეტო დაადოს. თუმცა, ეს უახლოეს 15 დღეში გამოჩნდება.
გარდა ამისა, არსებობს მეორე გზაც. ეს არის ის, რომ პოლიტიკურმა ძალებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. ამის საფუძველს კი მათ ის აძლევს, რომ კანონპროექტი რეგლამენტის დარღვევით იქნა განხილული. მესამე მოსმენაზე, რომელიც კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, არსებითი ხასიათის ცვლილებები შევიდა.
ქრისტიან-დემოკრატები პრობლემის მოსაგვარებლად მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას მიიჩნევენ.
„არც იმდენად მიამიტები ვართ, ვირწმუნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის თანხმობის გარეშე მომზადდა და მას კანონპროექტზე ვეტოს დადება მოვთხოვოთ“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე და აღნიშნავს, რომ ქრისტიან-დემოკრატები გამოსავალს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაში ხედავენ.
„ჩვენ მზად ვართ, ამ მიზნით პირდაპირ მივმართოთ საქართველოს მოსახლეობას და საერთო სახალხო გამოკითხვის გზით, მოვამზადოთ წინაპირობა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელი 200 ათასი ხელმოწერის შესაგროვებლად“, - აცხადებს ვეფხვაძე.