ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს ახალ რეგულაციებს უწესებს. იზღუდება სესხის გაცემა და დგინდება ახალი მოთხოვნები. ფინანსისტები ამბობენ, რომ ეს გაართულებს თვითდასაქმებული ადამიანებისთვის კრედიტის მიცემას. ზოგიერთი მათგანი კი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ჭარბვალიანობის პრობლემა საერთოდაც არ დგას.
მაგალითად, თუ მოქალაქეს ბინის შეძენა სურს, ბანკი მას თანხის 50%-ზე მეტს ვეღარ მისცემს, ვიდრე არ დაადგენს, რამდენად აქვს შესაძლებლობა დაინტერესებულ პირს ყოველთვიური თანხის გადახდის.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რეგულაციები პრობლემებს იმ მოქალაქეებს შეუქმნის, რომლებსაც შემოსავალი აქვთ, თუმცა მის ოფიციალურ დადასტურებას ვერ ახერხებენ.
„ამ ცვლილებებით უფრო გართულდება თვითდასაქმებული ადამიანებისთვის სესხის მიცემა, როგორებიც არიან ძიძები, ტაქსის მძღოლები, რეპეტიტორები ან პროფილაქტიკის ხელოსნები, რომლებსაც აქვთ რეალური შემოსავალი, თუმცა ამის დადასტურება ხშირად უჭირთ. აქამდე ბანკი რა თქმა უნდა სწავლობდა ამ ადამიანების ფინანსურ შემოსავლებს და საკრედიტო ისტორიებს, მაგრამ როგორც წესი უფრო მარტივად უმტკიცებდა განვადების ტიპის სესხებს“, - განაცხადა „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი კეპულაძემ.
სებ-ის დამოკიდებულებას არ იზიარებენ არც სხვები. Okay-ის მმართველი პარტნიორი ნიკოლოზ ფერიაშვილი ამბობს, რომ კრედიტების გაცემაზე შეზღუდვების დაწესების მთავარი არგუმენტი არის ჭარბვალიანობა. ის ითვლება ასე - როგორია სამომხმარებლო სესხების საერთო მოცულობა ქვეყნის შიდა მზარდ პროდუქტთან მიმართებაში. საქართველოში კი ეს ციფრი არის დაახლოებით 30% მაშინ, როცა ევროპაში არის 60%, აშშ-ში - 85%.
„2014 წელს კურსი რომ შეიცვალა იქიდან გამომდინარე გაიზარდა პროცენტიც, თორემ 2013 წლისთვის 15% იყო. ასე რომ, რეალურ ჭარბვალიანობასთან საქმე არ გვაქვს.
შეზღუდვების დაწესებისას, ბანკების შემთხვევაში შეიძლება ვიღაცამ არგუმნეტი მოიტანოს, რომ იქ დეპოზიტარების ფულია და თუ მომხმარებელი დაკარგავს გადახდისუნარიანობას, ბანკს კრედიტს უკან ვეღარ დაუბრუნებს. შესაბამისად, ქვეყნის სიმდიდრე, ამ დეპოზიტების სახით დადგება საფრთხის ქვეშ. სხვა ალტერნატიული ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომელთაც დეპოზიტების მიღება ეკრძალებათ და საკუთარი კაპიტალით მუშაობენ, საერთოდ ნონსენსია, რომ რაიმე შეზღუდვა გაავრცელო. ის ამ შემთხვევაში მხოლოდ საკუთარ ფულს დაკარგავს და ჭარბვალიანობაც რომ გამოიწვიოს, ეს მომხმარებლის და მისი ურთიერთობაა და არანაირად არ ეხება ქვეყნის ეკონომიკას“ - განუცხადა „საქმის კურსს“ ფერიაშვილმა.
ამასობაში კომერციული ბანკები მუდმივად ზრდიან სესხების ოდენობას, მათ შორის, ფიზიკურ პირებზეც. მარტში საკრედიტო პორტფელი 286.6 მილიონი ლარით გაიზარდა, რითაც საკრედიტო დაბანდების მოცულობამ 22.2 მლრდ ლარი შეადგინა.
სებ-ის სტატისტიკით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 247.5 მლნ ლარით (2.6 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 39.1 მლნ ლარით (0.3 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.0 პროცენტით გაიზარდა).
2018 წლის მარტის განმავლობაში 1.1 პროცენტით, ანუ 134.3 მლნ ლარით გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 11.8 მლრდ ლარს გადააჭარბა.