მამა ვახტანგი: „ბედნიერი ვიქნები, თუკი 17 ივლისს საერთო სახალხო ჯაჭვში ხელისუფლების მომხრეებსაც ვიხილავ“

მამა ვახტანგი: „ბედნიერი ვიქნები, თუკი 17 ივლისს საერთო სახალხო ჯაჭვში ხელისუფლების მომხრეებსაც ვიხილავ“

[მანანა ნოზაძე]

ეჩმიაძინი კმაყოფილია, ქართველი მართლმადიდებლები - უკმაყოფილონი, ეჩმიაძინი მადლობას უხდის მიხეილ სააკაშვილს, დედაეკლესიის დამცველები კი ქაშუეთის ეკლესიის წინ იკრიბებიან და რელიგიური კონფესიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ.

ჯერი მიხელ სააკაშვილზეა, 15 ივლისამდე პარლამენტის უკანონო გადაწყვეტილებას ვეტო მან უნდა დაადოს. სწორედ 15 ივლისამდე მისცეს სააკაშვილს ვადა „საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. ასე თუ არ მოხდა, საპროტესტო აქციების მრავალფეროვან თემატიკას ყველაზე სენსიტიური თემა - საქართველოში მცხოვრები ავტოქტონური მართლმადიდებლების რელიგიური უფლებების შელახვა მიემატება. ხოლო 17 ივლისს 15.00 საათზე რუსთველის ძეგლთნ უფრო ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართება.

ხელისუფლებას არაერთხელ უთამაშია ადამიანების რელიგიურ გრძნობებზე: ფერიას მთა, გლდანის ეკლესიაში შეჭრა და არაერთი ფაქტი შეიძლება გავიხსენოთ. ამჯერად კი, როგორც ჩანს, სომეხთა პატრიარქის ვიზიტმა, უბრალოდ არ ჩაიარა და გაირკვა, რომ თურმე არც ისე ხელმოცარული გაუსტუმრებიათ გარეგინ მეორე საქართველოდან.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების მმართველის, მეუფე ზენონის ნათქვამი მრავლის მთქმელია: „გარეგინ მეორე რუსეთში ყოფნისას მაგიდაზე მუშტების ურტამდა და ქართული დელეგაციის წინაშე ქართველებისგან სომხური მხარის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვდა“. ალბათ, საქართველოს ხელისუფლებამაც იფიქრა, გარეგინ მეორემ მუშტები აღარ ურტყასო, და საქართველოში მოქმედ რელიგიურ კონფესიებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიანიჭა, რითაც ყველაზე მეტად სომხები იყვნენ დაინტერესებულნი.

მართლმადიდებლები შიშობენ, რომ ამიერიდან სომხები მხოლოდ რამდენიმე ეკლესიის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდებიან და გაცილებით მეტი რამის წართმევას შეეცდებიან. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრებს შორისაც აღმოჩნდნენ თავშეკავებულნი, რომლებმაც რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებული კანონის მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს. ზოგიერთმა წინდახედულმა პარლამენტარმა კენჭისყრის პროცედურაზე დასწრება არ ისურვა. თუმცა  უმრავლესობის 70 წევრმა „სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებები გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცა. მათ შორის, არიან დეპუტატები რუსუდან კერვალიშვილი, ხათუნა ოჩიაური, მიხეილ მაჭავარიანი, გია როინიშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური, კობა ხაბაზი, გიორგი გაბაშვილი, ჰარუთინ ჰოვჰანესიანი, არმენაკ ბაინდურიანი და სხვები.

ქართველი მართლმადიდებლები პარლამენტარების ამ გადაწყვეტილებამ შეურაცხყო. მართალია, ნიკა რურუა ქართველებს ამშვიდებდა, ეს ნორმალური ცივილური ნაბიჯიაო, მაგრამ ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ამით მართლმადიდებელი ეკლესია გაუფასურებული ინსტიტუტის როლში აღმოჩნდა. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ ამ კანონზე ვეტოს გამოყენებას მოითხოვს.

თუმცა, ბევრი მოელოდა, რომ ყველაზე დიდ განგაშს ქრისტიან-დემოკრატები ატეხდნენ, მათ ხომ ხშირად ახსენდებოდათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, განსაკუთრებით - წინასაარჩევნოდ. ქდმ-მ კი პოზიცია მას შემდეგ დააფიქსირა, რაც ქართველი ერის აღშფოთება გარდაუვალი აღმოჩნდა. ქდმ-მ მაშინვე  მართლმადიდებლობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით, ხელმოწერების შეგროვების შესახებ გააკეთა განცხადება.  

ამასობაში, ქვაშუეთის ტაძართან შეკრებილმა საერთო სახალხო „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრებმა სპეციალური მიმართვა გააცნეს საზოგადოებას. კერძოდ, მათი თქმით, ზემოხსენებულ კანონს ვეტო უნდა დაედოს, მართლმადიდებლობა საქართველოში ოფიციალურ რელიგიად გამოიცხადდეს (ამ მიზნით ხელმოწერების შეგროვება და რეფერენდუმისთვის მზადება დაიწყება), მართლმადიდებელი რელიგიის წარმომადგენლები უნდა ჩაერთონ პოლიტიკისა და იდეოლოგიის განსაზღვრაში და ოფიციალური სტატუსით მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა უწყებების საქმიანობაში (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და პირველი არხის სამეთვალყურეო საბჭო).

გარდა ამისა, უნდა შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის საკონსტიტუციო შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას.

„წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრებმა ამ ოთხი მოთხოვნის აუცილებელი დაკმაყოფილება მოითხოვეს. რაც შეეხება პირველ მოთხოვნას, ეს უკვე პრეზიდენტის კომპეტენციაა.

„მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხი და საქართველო ყოველთვის იყო და დღესაც რჩება ტოლერანტულ სახელმწიფოდ, სადაც განსხვავებული რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენლებს სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობიან, მაგრამ ქართველი საზოგადოებისათვის ყოვლად მიუღებელია დემოკრატიული ღირებულებების იგნორირებისა და ეკლესიის როლის დაკნინების ხარჯზე სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლების უფლებათა დაცვა, რაც ისედაც დაცულია და არ ილახება“, - ნათქვამია მიმართვაში.

„კეთილი ინებონ და, როგორც პარტიზანულად მიიღეს ეს კანონი, ყველას აზრის გაუთვალისწინებლად, გამონახონ სამართლებრივი საშუალებები და დაადონ ამ კანონს ვეტო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ამ კანონზე ვეტო არ დაადეს და უკან არ გაიწვიეს, კვირას, წირვის შემდეგ მოვუწოდებ მთელ ქართველ ერს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რა კონფესიისაც უნდა იყოს, გამოვიდეთ და დავანახოთ ამ ხელისუფლებას, რომ საქართველოში მთავარი მოქმედი პირი არის ქართველი ერი და საქართველოს მოქალაქეები“, - აღნიშნა „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრმა სოსო მანჯავიძემ.

მისი თქმით, დღეს ქართველი ერის ეგზისტენციალიზმის - ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. ამიტომ, ზაფხულისა და სიცხის მომიზეზება არგუმენტად არ გამოდგება. მანვე ქართველ სამართალდამცავებს მიმართა და შეახსენა, რომ მათ ხელისუფლება საკუთარი სამშობლოს გასანადგურებლად იყენებს.

„როგორც კი იხელთა დრო ამ ხელისუფლებამ და დაინახა, რომ შეუძლია, პროტესტის ამ ფორმით დათრგუნვა, როცა იფიქრა, რომ ის მთლიანად მართავს საქართველოს, სწორედ ასეთი ანტიქართული და ანტისახელმწოფოებრივი კანონების მისაღებად გამოიყენა დრო“, - აღნიშნა მანჯავიძემ.

ამავე მოძრაობის ლიდერმა, ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ეს კანონი სხვადასხვა რელიგიურ აღმსარებელთა უფლებებს არღვევს, რადგან ისინი პირდაპირ დამოკიდებულნი ხდებიან საქართველოს ხელისუფლებაზე.

მისივე თქმით, 15 ივლისამდე დარჩენილ დროს გამოიყენებენ იმისთვის, რათა დისიდენტური მეთოდებით, ყველა საინფორმაციო საშუალებით, პირადი კონტაქტებით გააგებინონ ხალხს, რა დიდი საშიშროების წინაშე დააყენა ხელისუფლებამ ჩვენი ეკლესია და მთლიანად საქართველო.

სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებისთვის ამ სადაო სტატუსის მინიჭების შესახებ პრესაგე. ტვ. ესაუბრა სასულიერო პირებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს.

როგორც ქვაშუეთის ტაძრის მოძღვარმა მამა ვახტანგმა გვითხრა, ეს ანტიქართული ქმედებაა, რაც ორმაგად სამწუხაროა, რადგან მისი ავტორი საკუთარი ხელისუფლებაა.

„თუ კი, ადრე ჩვენ მტრებს ვეძებდით სხვადასხვა ერთეულ თავადებში, დღეს უშუალოდ ხელისუფლება გახლავთ საკუთარი ხალხის მტერი. რა თქმა უნდა, თუკი ეს ხელისუფლება მოიაზრება ჩვენს ხელისუფლად. მე ვფიქრობ, ეს ხელისუფლება რომელი ქვეყნის წარმომადგენელიც არის, სწორედ მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ზედმეტად და კარგად ზრუნავენ თავიანთი სომხური ქვეყნისათვის. გამოსავალია ის, რომ ერი და ბერი, ხელიხელჩაკიდებულნი დავდგეთ ჩვენი ტაძრების ირგვლივ. ქუჩაში კი არ გამოვიდეთ და ვიწანწალოთ, არამედ ტაძრების ირგვლივ მოვიყაროთ თავი და საზოგადოებას ვამცნოთ, რომ ჩვენ ერთად ვიქნებით და ყოველთვის დავიცავთ დედა ეკლესიას, მამულს, ენას, სარწმუნოებას“, - გვითხრა მამა ვახტანგმა.

მისი თქმით, იგი ბედნიერი იქნება, თუკი ამ საერთო სახალხო ჯაჭვში ხელისუფლების მომხრეებსაც იხილავს.

„საცოდავი ხალხია ის 70 პარლამენტარი, რომლებსაც მეტი ჭკუა არ მისცა ღმერთმა იმისთვის, რაც გააკეთეს. უფალი იესო ქრისტე როცა მობრძანდა და საქრისტიანო დააარსა, 12 მოციქულის გარდა, „სამოცდაათთაგანი“ ვიცით ჩვენ, ანუ მაცხოვარს 70 მოციქული ჰყავდა. როგორც ჩანს, ამჟამადაც ანტიქრისტე აჯავრებს უფალს და 70 უწმინდური მოციქული ამოიყენა გვერდით ამ საკითხის გადასაწყვეტად. მომხდარი ჩვენი ერისა და ქართული ეკლესიისთვის დამაკნინებელია. წარმოიდგინეთ, თითოეული ქართველის ოჯახში რომ შევიდნენ და ოჯახის წევრებს უთხრან, მამათქვენი ვიქნებიო. ამ პარლამენტარებს თუ ასე უნდათ, საკუთარ დედებთან შეუშვან და მათთან იყვნენ ასეთი „მამები“, - განუცხადა პრესაგე.ტვ-ს მამა ვახტანგმა.

მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილება პირდაპირ მიმართულია საქართველოს ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ.

„ეროვნული ინტერსების ხარჯზე მოხდეს სხვა რელიგიური კონფესიებისა და გაერთიანებების ინტერესთა დაცვა?! ჩვენ არ ვამბობთ, რომ მათი უფლებები არ უნდა იყოს დაცული. პატრიარქმა ბრძანა, რომ მიეცეს მათ ეს სტატუსი, ამის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ანალოგიური მოვითხოვოთ ჩვენ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ქართული ეკლესია-მონასტრებია. საქართველოში დაამარცხო საკუთარი მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი და ამის სურვილი გაუჩნდეს სააკაშვილს, ეს სრულიად მიუღებელია“, - აცხადებს ბესელია.

მისი თქმით, მაშინ, როცა სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებას ასეთი პრივილეგირებული უფლება, სახელმწიფო ქონების გადაფორმების თუ ბიუჯეტიდან დაფინანსების საშუალება ეძლევა, რატომ არ უნდა მოვითხოვოთ ანალოგიური იმავე სომხეთში, თურქეთში, სადაც ქართული ეკლესია-მონასტრებია.

„სომხეთის პატრიარქმა საქართველოს პატრიარქისგან დასტური ვერ მიიღო, ამიტომ სააკაშვილმა გადაწყვიტა, პატრიარქს აჯობოს. ეს მხოლოდ სურვილი არ არის, ძალიან დიდი ინტერესები დგას. აქ საუბარია უზარმაზარ ფინანსურ და პოლიტიკურ ინტერესებზე, რომლის გამოც მიიღო სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს“, - აღნიშნა ბესელიამ.

ალექსანდრე შალამბერიძე აცხადებს, რომ სომხეთის პატრიარქის ვიზიტის შემდეგ მოვლენები საეჭვოდ ვითარდება.

„ეს იმიტომ მოხდა, რომ საქართველოს მთავრობას საკუთარი აზრი არ გააჩნია და სიტუაციის შესაბამისად მოქმედებს. ეტყობა, რაღაცაში დასჭირდათ და გაყიდეს თავიანთი პოზიციები. მალვით, ჩუმად გააკეთეს, ფაქტობრივად, პირველ ივლისს დაიწყეს და ხუთში დაამთავრეს. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, სხვა კონფენსიების ლანძღვა-გინება არ უნდა მოხდეს და თავად უნდა მივხედოთ ჩვენს საქმეს“, - აცხადებს შალამბერიძე.

მსახიობი დიმა ჯაიანი პრესაგე.ტვ-სთან საუბარში ქართული ეკლესიისთვის კრიტიკულ დღეს - 5 ივლისს საპატრიარქოში ვიზიტის დეტალებს იხსენებს:

„ბატონი ჭაბუას დავალებით, მე  და ლაშა ამირეჯიბი გუშინ საპატრიარქოში გახლდით. ყველაფერს ვხედავდი, თუ როგორ მობრძანდა კუბლაშვილი, როგორ შევიდა პატრიარქთან. არაფერზე არ შეთანხმდნენ, პირიქით, პატრიარქმა დამატებით კიდევ ოთხი მუხლი შეიტანა, მათ კი  ყურადღება არაფერს მიაქციეს. პირადად ჩემს ვერსიას მოგახსენებთ, ეს ყველაფერი ჩვენი ხელისუფლების ჩაწყობილია, რათა ჯერ სომხების პატრიარქი ჩამოსულიყო, ამას კი სასწრაფოდ მოჰყვა მათი საგარეო საქმეთა მინისტრის ჩამოსვლა, რომელმაც ჩვენს ხელისუფლებას კატეგორიულად წაუყენა თავისი მოთხოვნები“.

დიმა ჯაიანი მიიჩნევს, რომ ასე თუ გაგრძელდება, ხუთ და ექვს წელიწადში საქართველოს რუკაზე მართლმადიდებლური ეკლესია აღარ იქნება.

„ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“ ლიდერი ნანა კაკაბაძე მოითხოვს, საჯარო გახდეს იმ 70 ადამიანის ვინაობა, ვინც ხმა მისცა ამ კანონს. მისი თქმით, აბსოლუტურად არანორმალურ რეჟიმში მიიღეს კანონი, ხოლო 70-მა დეპუტატმა იგნორირება გაუკეთა ქართველ ხალხს და საქართველოს პატრიარქს.

„ეს ადამიანები დღეს ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობენ. ამ დროს კი, თქვენ იცით, რომ სულ მცირე, ყველა გამოკითხვით, ამ ქვეყანაში 83 % მართლმადიდებელია. საინტერესოა, ვისი წარმომადგენლები არიან ისინი იქ, როცა მათ მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია არ გაიზიარეს, რომელიც ელემენტარულს მოითხოვდა? ჩვენი ეკლესია არ მოითხოვდა, რომ კანონი არ მიღებულიყო, არამედ ამ კანონის საჯარო განხილვას ითხოვდა“.

კაკაბაძის თქმით, საქართველო ის ტერიტორიაა, რომელზეც უფლის ნებით ქართველებმა უნდა იცხოვონ. ასევე, ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ სომხებიც და სხვა ერის წარმომადგენლებიც, თუმცა მათთან არასდროს გვქონია პრობლემები. ამ პრობლემებს კი დღეს ხელოვნურად ქმნის ხელისუფლება.

მხატვარი შოთა გლურჯიძე მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღება თავად ამ კონფესიებისთვის არის სახიფათო:

„ეს ძალიან სახიფათოა, რადგან საჯარო იურიდიული პირი სახელმწიფოსგან დამოკიდებული ორგანიზაციაა. თუ მათ უნდათ, რომ სახელმწიფოსთან ანგარიშვალდებულნი იყვნენ, ეს სხვა საქმეა. მე მგონი, არცერთ კონფესიას, გარდა სომხურისა, ამის სურვილი არ გამოუთქვამს. ეტყობა, ეს სომხების დაფინანსებითა და ლობირებით ხდება“, - აღნიშნა შოთა გლურჯიძემ.

მისი თქმით, იმ 70 პარლამენტარმა, რომლებმაც მხარი დაუჭირა ამ კანონის მიღებას, საკუთარი ოჯახები დიდი ხიფათის ქვეშ ჩააგდო.

„იმას კი არ ვამბობ, რომ მათ აუცილებლად ვინმე ფიზიკურად გაუსწორდება, არამედ ასეთ ოჯახებს რაც ემართებათ, ყველამ კარგად იცის. გამოსავალს კონსოლიდაციასა და ბრძოლაში ვხედავ, ერი და ბერი ერთად უნდა დადგეს“.    

რუსთველის თეატრის მსახიობი თემიკო ჭიჭინაძე გულიდაწყვეტილი იყო, რადგან ქვაშუეთის წინ დედაეკლესიის დამცველთა დიდ რაოდენობას ელოდა.

„გული დამწყდა, რომ დღეს ცოტა ხალხი შეიკრიბა, რასაც მაინც ინფორმაციის ნაკლებობით ავხსნი. მეც ბოლო მომენტში გავიგე, რომ ასეთი აქცია ტარდებოდა. მე მგონი, საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ გადახარშა, თუ რა ხდება. მთავარია, როგორმე მიხვდეს მოსახლეობა, ამ კანონპროექტთან მიმართებით რა ბომბებია ჩადებული. ვერ ვიტყვი, რომ 17 ივლისს რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინში ვარ, მაგრამ იმედია, იმ ადამიანების კონსოლიდაცია მოხდება, რომლებიც საკუთარ თავს ამ ქვეყნის შვილებად მიიჩნევენ. აქ არ არის პოლიტიკური მოთხოვნები, არამედ ჩვენი ეკლესიის გადარჩენის აქციაა. მე მგონი, 17-ში გაცილებით მეტი ხალხი უნდა გამოვიდეს და პროტესტი გამოხატოს“.