2 მაისს პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის მატებას ელოდებიან - უკვე ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით სწორედ ამ დღეს გამოვა. ასევე დადასტურდა, რომ გამოსვლას პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები დაესწრებიან. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, როგორი იქნება პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატი და გაიმართება თუ არა პოლიტიკური დებატები.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, პარლამენტში გიორგი მარგველაშვილის გამოსვლის თარიღად 2 მაისი მისი უცხოეთში დაგეგმილი ვიზიტების გამო გადაწყდა.
რაც შეეხება მთავრობის დასწრებას, არსებობდა ეჭვი, რომ პრემიერი პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლას არ დაესწრებოდა, უმრავლესობის ლიდრები აღნიშნავდნენ, რომ ეს მხოლოდ პრემიერ კვირიკაშვილის გადასაწყვეტი იყო.
კვირიკაშვილის ადმინისტრაციამ მხოლოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაადასტურა, რომ მთავრობა პარლამენტში მივა და დაპირისპირების მიუხედავად მთავარ პოლიტიკურ მოვლენაში მონაწილეობას მიიღებს.
როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენების გარკვეულ ნაწილს უნდა შეადგენდეს საკუთარი საქმიანობის ანგარიშიც.
„საერთოდ მოხსენება კრიტიკული უნდა იყოს. მასში უნდა აღინიშნოს პოზიტიურიც, რაც ძალიან ბევრია. წინა მოხსენების დროს, პრეზიდენტმა ამაზე საუბარს თავი აარიდა. ჩემი აზრით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გარდა, პრეზიდენტმა საკუთარ საქმიანობაზე, საკუთარ როლზეც უნდა ისაუბროს და არა მარტო ხედვებზე, რაც პრინციპში სუბიექტურია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
უმრავლესობა წინასწარ კრიტიკულად არის განწყობილი პრეზიდენტის, სავარაუდოდ, კრიტიკული მოხსენების მიმართ.
როგორც ვოლსკი აცხადებს, პრეზიდენტის მიერ საპარლამენტო მოხსენების წინ, ჩვენთან მიმართებით ეჟოვის ხსენება არა მხოლოდ არაკორექტულია, არამედ გარკვეულწილად პოლიტიკური სიბეცეა. შეგახსენებთ, ეჟოვი საკავშირო შინსახკომს ედგა სათავეში და 1936-37 წლების „წმენდებიც“ მის სახელთან იყო დაკავშირებული.
„იმ დონის ინსტიტუტიდან, როგორიც არის პრეზიდენტის ინსტიტუცია, ამის გაჟღერება არის მავნებლური, როგორც ჩვენთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ასევე საერთაშორისო დონეზეც“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
გიორგი მარგველაშვილმა პატიმრების შეწყალების საკითხთან დაკავშირებით კრიტიკის ტალღას აჭარის ტელევიზიის ეთერში უპასუხა და განაცხადა, რომ პროპაგანდისტულმა შავმა პიარმა ქვეყანა ნულოვანი ტოლერანტობის მდგომარეობაში არ უნდა დააბრუნოს.
„ეს არის შავი პროპაგანდა. მე ძალიან შემაშფოთა იმან, რომ დავინახე, ამ შავი პროპაგანდის პირობებში იქნა გაცხადებული, რომ საჭიროა ნულოვანი ტოლერანტობა. ჩვენ დავინახეთ პირდაპირი პროპაგანდისტული ომი „შპარგალკებით“, ეჟოვის ლექსიკით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის რანგში ბოლო მოხსენების გაკეთება მმართველ გუნდთან გამწვავებული ურთიერთობის ფონზე მოუწევს.
მიუხედავად დაპირისპირებისა მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რმ შეხვედრა კონსტრუქციულად ჩაივლის თუმცა მარგველაშვილს კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოუწევს.
საპარლამენტო უმცირესობაში ვარაუდობენ, რომ მმართველი გუნდი ამ შემთხვევასაც პრეზიდენტზე თავდასხმისთვის გამოიყენებს.
პრეზიდენტი საგაზაფხულო სესიის მეორე ნახევარში წელს პირველად წარსდგება - 2017 წელს საქართველოს პრეზიდენტი მოხსენებით 8 აპრილს გამოვიდა, 2016 წელს 3 თებერვალს, 2015 წელს 31 მარტს და 2014 წელს 21 თებერვალს.