[მერაბ ბრეგაძე]
საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ კანონი პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა. პროექტს მხარი დაუჭირა უმრავლესობის 70-მა დეპუტატმა, არცერთის წინააღმდეგ. კენჭისყრას ოპოზიცია არ ესწრებოდა, რადგან ისინი საკითხის განხილვის გადადებას ითხოვდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.
„სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტში გასულ კვირას შევიდა. პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და გუშინ როგორც მეორე, ისე მესამე მოსმენით დაამტკიცა. საქართველოს საპატრიარქომ აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა.
თუმცა, კულტურის მინისტრი ნიკა რურუა „დარწმუნებულია“, რომ „ჩვენი ეკლესია მიღებულ გადაწყვეტილებას აბსოლუტურად ჯანსაღად შეხვდება“. მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედი რელიგური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება ცივილური და ნორმალური ნაბიჯია:
„ეს ნორმალური, ცივილური ნაბიჯია. ამას, რა თქმა უნდა, მივესალმები. ეს გადაწყვეტილება რამე დისკომფორტს და მით უმეტეს, საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ამით არავის რაიმე სახის პრივილეგია არ ენიჭება, პირიქით, ეს არის დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპზე აგებული რეჟიმი, რომელიც ბევრ ქვეყანაშია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ აგრესიულმა ისლამმა და შემდეგ ათეისტურმა ქვეყანამ ვერაფერი დააკლო ჩვენს რწმენას. მას არც თანასწორობის განსაზღვრელი ვერანაირი ნორმა ვერ დაარღვევს. ეს არის პარანოია, რომლისგანაც მალე გავთავისუფლდებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას ჩვენი ეკლესია აბსოლუტურად ჯანსაღად შეხვდება“.
რაც შეეხება სომხური ეკლესიის წარმომადგენელთა განცხადებას, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება მათ საშუალებას მისცემს, დაიბრუნონ საქართველოში სომხური ეკლესიები, რომლებიც ამჟამად კულტურის სამინისტროს ეკუთვნის, რურუამ განაცხადა, რომ კომენტარს ამ განცხადების წაკითხვამდე ვერ გააკეთებს.
„ხელისუფლების ქმედებით გამარჯვებული აღმოჩნდა გარეგინ მეორე და მე მინდა გითხრათ, რომ დამარცხებული ქართული ეკლესია, არც საქართველოში ვიქნებით და არც - არსად“, – ეს განცხადება ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, თეა სიჭინავას გადაცემა „არგუმენტებში“ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების მმართველმა მეუფე ზენონმა გააკეთა:
„როდესაც სომხეთის პატრიარქი ჩამოვიდა საქართველოში, ის ჩამოვიდა კონკრეტული მისიით: მიეღო საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი საქართველოში და მიეღო მესაკუთრის უფლების აღდგენა იმ ეკლესია–მონასტრებზე და ნაგებობზე, რაზეც იგი აცხადებდა პრეტენზიას. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მის უწმინდესობასთან შეხვედრის შემდეგ, მისმა უწმინდესობამ, როდესაც მოისმინა ეს განცხადება, მას უთხრა, რომ არა გვაქვს საწინააღმდეგო, რომ მიიღოთ სტატუსი, თუმცაღა, ჩვენც გვაქვს ჩვენი მოთხოვნები სომხეთში ქართული ეპარქიისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ. და მაშინ ასეთი რამ მოხდა, რომ სომხეთის პატრიარქმა წინააღმდეგობა არ გამოხატა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ბოლო წუთებში მან უარი განაცხადა ხელმოწერაზე, აი, ამ შეთანხმების“.
მეუფე ზენონის თქმით, გარეგინ მეორის ვიზიტს ცოტა ხანში მოჰყვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედვარდ ნალბანდიანის ვიზიტი. მეუფე ზენონის აზრით, ეს ვიზიტი სწორედ „ამ სტატუსის მიღებას უკავშირდებოდა“:
„სომხურმა ეკლესიამ იმ წუთში მიზანს ვერ მიაღწია, როგორც მას ჰქონდა დასახული, მაგრამ მან მიაღწია ხელისუფლების საშუალებით... როდესაც სომხეთის პატრიარქი დაბრუნდა სამშობლოში, მის ვიზიტს საქართველოში მოყვა ძალიან უარყოფითი გამოხმაურება სომხურ წრეებში და ასეთი ტერმინითაც იყო ასახული, რომ გამარჯვებული ვერ დაბრუნდა სომხეთის პატრიარქი“.
მისივე განმარტებით, საქართველოში კათოლიკური და ბაპტისტური ეკლესიები არ ითხოვდნენ საჯარო სამართლის იურიდიული სტატუსის მინიჭებას:
„დღევანდელი სტატუსის შესახებ, როდესაც გაჩნდა მოცემულობა, აღმოჩნდა, რომ კათოლიკური ეკლესია ამ თემასთან დაკავშირებით სრულიად არ იყო საქმის კურსში. უფრო მეტიც, მას ეს სტატუსი არ ჰქონდა მოთხოვნაში, მას ჰქონდა საერთაშორისო სტატუსის მოთხოვნა, იმიტომ, რომ ის საერთაშორისო სუბიექტს წარმოადგენს და, შესაბამისად, უნდოდა ამ სახით დარეგისტრირება საქართველოში. ბაპტისტურ–ევანგელისტურ ეკლესიას, ასევე, არ მიაჩნდა და არ მიაჩნია, რომ ეს არის მისთვის საუკეთესო სტატუსი, მას თავისი ხედვები გააჩნია“.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია პრეზიდენტ სააკაშვილისგან პარლამენტის მიერ დღეს მიღებულ კანონთან დაკავშირებით ვეტოს უფლების გამოყენებას ითხოვს. როგორც პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, ირაკლი ალასანია ფიქრობს, რომ რელიგიური გაერთიანებებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭებამდე საჯარო და მრავალმხრივი დისკუსია უნდა გამართულიყო:
„მივმართავ მიხეილ სააკაშვილს, გამოიყენოს ვეტოს უფლება და ერთპარტიული პარლამენტის მიერ ნაჩქარევად მიღებულ კანონს ხელი არ მოაწეროს, რათა დაიწყოს ამ საკითხზე მრავალმხრივი საჯარო დისკუსია“.
„მმართველი პარტია თანმიმდევრულად ამკვიდრებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის და საქართველოს საპატრიარქოს იგნორირების პოლიტიკას, ვინაიდან ვერ ხედავს მის როლს და ადგილს „საოცნებო სინგაპურში“, – აცხადებენ „ეროვნულ ფორუმში“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეკლესია და საპატრიარქო არასოდეს ჩარეულა სახელმწიფოს საერო, პოლიტიკურ საქმიანობაში:
„მიუხედავად ამისა, ხელისუფლებაც და სამოქალაქო სექტორის ბევრი წარმომადგენელი, დაუდევრად ეპყრობა საპატრიარქოს უშუალო კომპეტენციაში შემავალ საკითხთა თაობაზე ეკლესიის ზომიერ, სამართლიან და ბრძნულ პოზიციას. ეკლესიისა და მისი უწმინდესობის თუნდაც რამდენიმე რჩევა და მოსაზრება ყურად რომ გვეღო ყველას, გაცილებით უკეთესი იქნებოდა ქვეყნისთვის და ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით“.
„ეროვნულ ფორუმში“ ანგარიშგასაწევად და სავალდებულოდ მიაჩნიათ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის ნაჩქარევად განხილვის მცდელობისას საპატრიარქოს სწორი შეფასების გათვალისწინება:
„წინააღმდეგ შემთხვევაში, გაცილებით მძიმე პრობლემების წინაშე აღმოჩნდება მთელი საზოგადოება“.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ მართლმადიდებელი ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით, სექტემბრიდან მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. ამის შესახებ „ქრისტიან-დემოკრატმა“ ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტის მიერ რელიგიური კონფესიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების უპრეცედენტოდ მცირე დროში მიღება, განხილვის გადადების შესახებ საპატრიარქოს თხოვნისა და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე, ქვეყნისთვის მეტად საშიში ქმედებაა, რაზეც პასუხისმგებლობა საპარლამენტო უმრავლესობასა და კანონპროექტის ინიციატორებს ეკისრებათ.
ვეფხვაძის თქმით, საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ მოიძებნება პრეცედენტი, როდესაც რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხს ხელისუფლება ცალმხრივად განიხილავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეკომენდაციისა და შესაბამისი პოზიციის გათვალისწინების გარეშე.
„ქრისტიან-დემოკრატებს“ უჭირთ, ახსნა მოუძებნონ ხელისუფლების ამ „უპასუხისმგებლობას“, თუმცა დარწმუნებულნი არიან, რომ შედეგი თავად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იქნება მძიმე, რომელთა წევრებიც „აღარ ერიდებიან ანტიეკლესიური განწყობების ღიად გამოხატვას“:
„არც იმდენად მიამიტები ვართ, ვირწმუნოთ, რომ ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის თანხმობის გარეშე მომზადდა და მას კანონპროექტზე ვეტოს დადება მოვთხოვოთ“.
მისივე თქმით, ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ დაარწმუნა საზოგადოება „ქრისტიან-დემოკრატების“ სწორ მიდგომაში, რომლის მიხედვით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა გაეზარდოს კონსტიტუციური სტატუსი და მართლმადიდებელი ქრისტიანობა საქართველოში ოფიციალურ რელიგიად უნდა გამოცხადდეს:
„ჩვენ მზად ვართ, ამ მიზნით პირდაპირ მივმართოთ საქართველოს მოსახლეობას და საერთო სახალხო გამოკითხვის გზით, მოვამზადოთ წინაპირობა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის აუცილებელი 200 ათასი ხელმოწერის შესაგროვებლად“.
ამერიკის საელჩო საქართველოში პარლამენტის მიერ რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებს. როგორც „პირWელს“ საელჩოში განუცხადეს, „ეს ქვეყნის შიდა საქმეა, თანაც – საკმაოდ სენსიტიური საკითხი, ამდენად ამერიკის საელჩო ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებს“.
„საქართველოს პარლამენტი მზადაა, რელიგიურ კონფესიებს სტატუსი მიანიჭოს. საპატრიარქო ბოიკოტს აგრძელებს“, - სტატიას ამ სათაურით ინტერნეტგამოცემა news.am აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს საპატრიარქოსთვის მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა ხელისუფლების შეთავაზებები, მათ შორის უცხოეთის სახელმწიფოებში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსთან დაკავშირებული წინადადებები. ნეწს.ამ-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა. აქვე მოყვანილია კუბლაშვილს განცხადება, რომ კონსულტაციები საპატრიარქოში გუშინაც გამართა.
news.am-ის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება გეგმავდა სხვა სახელმწიფოებში ქართული ეკლესიის სტატუსთან დაკავშირებული მოლაპრაკებების პასუხისმგებლობა აეღო და მიეღო საკანონმდებლო ცვლილებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ეკლესიების დაცვის შესახებ.
„თუმცა, ამ შეთავაზებებზე საპატრიარქოში უარი განაცხადეს“, - აღნიშნავს news.am.
„რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ კანონის მიღებით ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ფაქტობრივად, გაუფასურებული ინსტიტუტის როლში აღმოჩნდა“, – აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. მისი თქმით, ხელისუფლებამ პირველად მიიყვანა ეკლესია იქამდე, რომ მას ასეთი მკაცრი შეფასება გაეკეთებინა კანონთან დაკავშირებით.
რამაზ საყვარელიძის აზრით, გარდა იმისა, რომ შთამომავლობის თვალში ქართული ეკლესია, შესაძლოა, ისტორიულად ცუდ როლში აღმოჩნდეს, ის აწარმოებს გარკვეულ მოლაპარაკებებს, მათ შორის სომხეთის პატრიარქთან:
„ილია მეორის მიერ შემოტანილი პრინციპის თანახმად, პროცესი სიმეტრიულად უნდა წარმართულიყო და ამ სიმეტრიულობის მოლოდინში ქართული მხარე იღებს გადაწყვეტილებას ისე, რომ ეკლესია საქმის კურსში არ არის. ამ მხრივ მართლმადიდებლური ეკლესია გაუფასურებულ როლშია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც“.
მისივე თქმით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გადაქცევის შემდეგ ამა თუ იმ რელიგიურ გაერთიანებას შეეძლება საერთოდ აღარ ჰქონდეს ურთიერთობა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და ყველა პრეტენზია სახელმწიფოსთან უშუალო მოლაპარაკებისას წამოაყენოს.
საყვარელიძის აზრით, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს უფლება უნდა გამოიყენოს თუკი მას სურს, რომ ისტორიაში პოზიტიურ ფიგურად დარჩეს.
„ხელისუფლებამ საპატრიარქოსთან დიალოგს ჩვეული შეთქმულების და ზურგს უკან კეთების მეთოდი არჩია, - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი.მას საჯარო დებატებისა და განხილვების გარეშე კანონის მიღება უხერხულად ეჩვენება. მისივე თქმით, ეს არის ხელისუფლების რევოლუციური ლოგიკა და მისი მხრიდან საზოგადოების ისტორიული კორექციის მცდელობა:
„რელიგიური ჯგუფები რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ჰაერში იყვნენ გამოკიდებული, ეს არ შეიძლება. რელიგიური კანონმდებლობის მიღებას ვერ გავექცევით, ეს ჩვეულებრივი საერთაშორისო ნორმაა, მაგრამ საჭირო იყო დიალოგი და შეთანხმება. გადაეხედათ სხვა ქვეყნების გამოცდილებისთვის ამავე თემაზე და ნახავდნენ, როგორ შეიძლება ყველაფრის მოგვარება ისე, რომ არც მთავარი რელიგიური მოძრაობის ინტერესები შეილახოს და, ამავე დროს, დაცული იყოს რელიგიური უმცირესობების უფლებები. შეიძლება ამის გაკეთება ყოველგვარი შეთქმულების, მახეების დაგების და სიტუაციის ხელოვნური ესკალაციის გარეშე. საპატრიარქოსთან დიალოგით შესაძლებელი იყო გონივრულ პროექტზე შეთანხმება, თუმცა ხელისუფლებამ ისევ ჩვეული შეთქმულების და ზურგს უკან კეთების მეთოდი არჩია“.
მისი თქმით, ამგვარი თვითნებობა დაუშვებელია. ფილოსოფოსის აზრით, შექმნილი მძიმე ვითარების განმუხტვაში დიდი როლის შესრულება პრეზიდენტის ვეტოს შეუძლია:
„თუმცა, შემდეგ ულტრა-ლიბერალური წრეები ამოძრავდებიან და პრეზიდენტს ამის გამო ქოქოლას დააყრიან – როგორ გაბედა, რომ ეკლესიის ნებას დაჰყვა. ამ თემაზე უახლოეს ხანებში მრავალრიცხოვანი ბატალიები გველის“.