„ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდება ნატოს წევრი“

„ერთ მშვენიერ დღეს საქართველო გახდება ნატოს წევრი“

ერთი წლის შემდეგ საქართველო კვლავ ნატო-ს საპარლამენტო ფორუმს მასპინძლობს - კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი სესიაშვილმა, შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როსარია პულისმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ.

მთავარი აქცენტები რეგიონსა და მსოფლიოში მშვიდობის პოლიტიკაზე გაკეთდა, ქართულმა მხარემ საქართველოსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებს გაუსვა ხაზი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიუხედავად შიდა სირთულეებისა, ევროკავშირმა და ნატო-მ გაფართოებაზე თავი არ უნდა შეიკავონ. კობახიძის თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, რომ ევროკავშირმაც და ნატო-მაც უფრო აქტიურად ითანამშრომლონ არაწევრ ქვეყნებთან იმისთვის, რომ დაეხმარონ მათ დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ეკონომოკური მისადაგებობის, თავდაცვისუნარიანობისა და მოქნილობის გაძლიერებაში.

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ღია კარის პოლიტიკის შეჩერება ან შეწყვეტა გამოიწვევს გავლენის ზონებისა და გამყოფი ხაზების წარმოქმნას ევროპის კონტინენტზე და წაახალისებს იმ ნეგატიურ პროცესებს, რომლებიც სრულიად შეუქცევადი შეიძლება გახდეს.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ კი განაცხადა, რომ ერთ მშვენიერ დღეს საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, მანამდე კი უნდა გავაღრმავოთ თანამშრომლობა.

როგორც ალიმ აღნიშნა, პარტნიორობა არ ნიშნავს წევრობას და ამას სჭირდება რეფორმები.

„საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება არის ევროპის უსაფრთხოების ნაწილი. რაც აქ მოხდება, აუცილებლად აისახება ევროპაზე. გვინდა ვიხილოთ ეს რეგიონი, როგორც თავისუფალი განვითარების რეგიონი. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ გაუგებრობის ფონზე, რომელიც რეგიონშია, რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს რეგიონები, ანექსირებულია ყირიმი, რთულია ვითარება უკრაინაში. რუსეთი იბრძვის, რომ გაიმყაროს პოზიციები სირიაში, სადაც პირდაპირ მუშაობს ასადის რეჟიმთან. ალიანსის წინაშე დგას დიდი ამოცანა სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის შენარჩუნების თვალსაზრისით. საქართველო არის არაჩვეულებრივი მაგალითი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის. ეს ინტეგრაცია არის ტრანსფორმაციის საშუალება - დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების გარანტი. ვიცით, რამდენად მონდომებულია საქართველოს რომ მიაღწიოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ნატო-მ, ევროკავშირმა და საქართველომ ერთად უნდა იზრუნონ, რომ შეინარჩუნონ ეს დინამიკა“,- განაცხადა პაოლი ალიმ.

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, როსარია პულისმა ხაზი გაუსვა, რომ სემინარი საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან თარიღს ემთხვევა, როგორიცაა დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე და ამასთან ერთდ, ეს არის წელი, როდესაც ქვეყანა განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად, სრულად გადავა საპარლამენტო სისტემაზე..

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან არის ყველაზე ძლიერი და ფართომასშტაბიანი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ხოლო ბათუმში შეკრება ნამდვილად დიდი შესაძლებლობაა, რადგან ერთობლივად განიხილება გეოპოლიტიკური გამოწვევები და საქართველოს პროგრესი, რომელიც მიღწეულია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

ვიცე-პრემიერმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. მინისტრი ასევე შეეხო ნატო-ს მომავალი სამიტის საკითხებს, რომელსაც მისი თქმით, საქართველო კარგად მომზადებული ხვდება.