სოსო მანჯავიძე: „მართლმადიდებლობა ოფიციალურ რელიგიად უნდა გამოცხადდეს“

სოსო მანჯავიძე: „მართლმადიდებლობა ოფიციალურ რელიგიად უნდა გამოცხადდეს“

[ნინო მიქიაშვილი]

პარლამენტის მიერ 5 ივლისს მიღებულ კანონს რელიგიური ორგანიზაციებისთვის სტატუსის მინიჭების შესახებ, „საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის“ ლიდერი, სოსო მანჯავიძე იმ პრაქტიკის გაგრძელებად აფასებს, რომელსაც მისი აზრით, ხელისუფლება მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ახორციელებს.

მანჯავიძე მართლმადიდებლობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებას მოითხოვს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი „უნდა ვაიძულოთ ამ კანონს ვეტო დაადოს“.

როგორ აფასებთ რელიგიური გაერთიანებების შესახებ იურიდიული სტატუსის მინიჭების შესახებ 5 ივლისს მიღებულ კანონს?

სოსო მანჯავიძე: პარტიზანული წესით მიღებული კანონი რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია, რადგან არავინ გაითვალისწინა მართლმადიდებელი ეკლესიის, ქართველი ერის პოზიცია. ეს იმ პრაქტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ხელისუფლება მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად ახორციელებს - არავის არაფერს ეკითხება, ისე ცვლის კონსტიტუციას და ისე იღებს ქვეყნისთვის დამღუპველ გადაწყვეტილებებს.

ამ კანონის ფაქტიური შემოქმედი ლევან რამიშვილი და „თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ დაფრთიანებული „ნაციონალები“ არიან. სწორედ ეს ფრთა შედგება ქართველთმოძულე ადამიანებისგან, რომლებიც მიზანმიმართულად ებრძვიან ყოველივე ეროვნულს და ასრულებენ რჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი საერთაშორისო ძალების შეკვეთებს.

მასმედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 5 ივლისს, კენჭისყრაში მონაწილოება 70-მა პარლამენტარმა მიიღო. ყველა ის დეპუტატი, რომელმაც  რელიგიების შესახებ კანონს ხმა მისცა, ქვეყნის, ერის და საზოგადოების მოღალატეა.

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ კანონის რეალიზებას?

- ამ კანონში ნათლად ჩანს, რომ სომხური სამოციქულო ეკლესიის, რომაულ კათოლიკური ეკლესიის, მუსულმანთა თემის, ბაპტისტურ-ევანგელისტური თემის და იუდეველთა თემის უფლებები გაუთანაბრდება მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებებს, რაც გულისხმობს: მათ მიერ პროზელიტიზმის შეუფერხებლად განხორციელებას (ანუ ქადაგებას კონკრეტული დენომინაციის სასარგებლოდ); სახელმწიფოსგან იგივე ტიპის ხელშეწყობას, რაც აქამდე ჰქონდა მართლმადიდებელ ეკლესიას; საკულტო ნაგებობების ისეთივე ინსტენსივობით მშენებლობას, როგორსაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ახორციელებს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღნიშნულ დენომინაციებს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეუდარებლად დიდი ფინანსური საშუალებები აქვთ და საქართველოში არსებული კატასტროფული სოციალური ფონია, ძნელი არ არის იმის წარმოდგენა, რა შედეგებს მოიტანს ზემოხსენებული კანონის რეალიზება.

პროზელიტიზმი გულისხმობს გარკვეულ სფეროებში შეღავათებს, ფინანსურ დახმარებებს, ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანი ამ ზეგავლენის ქვეშ მოექცევა, ვინაიდან ადამიანები  შეცდომებისკენ მიდრეკილნი არიან.

ამ კანონის მიღებით უხეშად დაირღვა სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება. მოგეხსენებათ, ქართველი ერის უდიდესი უმრავლესობა აღმსარებლობით მართლმადიდებელი ქრისტიანია და 5 ივლისს მიღებული კანონი ამ მონოლითის დარღვევას ისახავს მიზნად.

თქვენი აზრით, რისთვის?

- რისთვის ანადგურებენ ბიზნესს, რისთვის გაანადგურეს სოფლის მეურნეობა, განათლების სფერო? ყველა სისტემა გაანადგურეს, რომელიც ერის იდენტობისთვის აუცილებელია. ერთადერთი ეკლესია იყო დარჩენილი და მასაც გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს. თან ეს იმდენად მზაკვრულად გააკეთეს, რომ ეს დარტყმა არა უშუალოდ სახელმწიფოსგან წამოვა, არამედ, მათ აქვთ იმის ბერკეტები, რომ მოხდეს დაპირისპირება ამ დენომინაციებს შორის. ხელისუფლებას აქვს ამ დაპირისპირების მართვის და მართლმადიდებელი ეკლესიისთვის დარტყმების მიყენების საშუალება, რომელიც დამანგრეველი იქნება.

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება არის ჩვენი ქვეყნისა და ერისადმი მტრულად განწყობილი ძალების შეკვეთების შემსრულებელი. ახლა, როდესაც ხელისუფლებამ, პოლიტიკური ოპოზიციის ორივე ფლანგის უპასუხისმგებლო, ინფანტილური და გამყიდველური მოქმედებების შედეგად პროტესტის ჩახშობა შეძლო, თავისი ნამდვილი სახე მომენტალურად გამოაჩინა - როგორც კი ხალხის პროტესტი ჩაახშო და ფაქტიურად, გაანადგურა და თავს გრძნობს გაბატონებულად, მომენტალურად მიიღო ქვეყნისთის დამღუპველი კანონპროექტი.

თუ ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა და თვითმყოფადობა, მიხეილ სააკაშვილი უნდა ვაიძულოთ ამ კანონს ვეტო დაადოს. მართლმადიდებლობა ოფიციალურ რელიგიად უნდა გამოცხადდეს.