„ქართულ ოცნებაში“ ფუნქციური ადამიანების დეფიციტია, ამიტომ „ოცნება“ სულ უფრო მეტად ინტერესდება „ევროპული საქართველოთი“

„ქართულ ოცნებაში“ ფუნქციური ადამიანების დეფიციტია, ამიტომ „ოცნება“ სულ უფრო მეტად ინტერესდება „ევროპული საქართველოთი“

რა ხიბლი აქვს „ევროპულ საქართველოს“ და რა შემთხვევაში შეიძლება გაერთიანდეს „ევროპული საქართველო“ და „ქართული ოცნების“ ნეოლიბერტარიანული ფრთა?!

წარსულის შეფასება, ბრძოლის მეთოდები, სტრატეგია და ტაქტიკა ,- სწორედ ეს ძირითადი მიზეზები გახდა უთანხმოების საფუძველი, რის გამოც გასულ წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიული წევრების ნაწილი გამოეყო და ახალი პარტია „ევროპული საქართველო“ შექმნა.

თავდაპირველად „ევროპული საქართველოს“ მისამართით სულ უფრო ხშირად ისმოდა შეფასებები, რომ ისინი „ნაციონალურ“ წარსულს ვერასდროს ჩამოიშორებდნენ. თუმცა დღეს უკვე „ევროპული საქართველოს“ „ნაციონალური ხიბლი“ უფრო უბრალო ხალხის მეხსიერებას შემორჩა, ხელისუფლებისთვის კი „ევროპული საქართველო“ ყოველდღიურად უფრო კონსტრუქციული ხდება.

ამას წინათ კახა კალაძემ ენმ-ს მარგინალური, ხოლო „ევროპულ საქართველოს“ კონსტრუქციული ოპოზიცია უწოდა. მანვე აღნიშნა, რომ „ჩვენ უნდა გავყოთ ოპოზიცია, ერთია „ნაცმოძრაობა“, ხოლო მეორეა „ევროპული საქართველო“, რომელთანაც ვთანამშრომლობთ იმიტომ, რომ ისინი არიან კონსტრუქციულები. დესტრუქციულ, მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ თანამშრომლობას“.

თავად „ევროპული საქართველოს“, ამ მემარჯვენე ცენტრისტულ პოლიტიკურ ძალას მკაფიოდ გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია აქვს, რომლის პრიორიტეტიც საქართველოს ევროპულ სახელმწიფოთა მრავალფეროვან და ერთიან ოჯახში დაბრუნებაა, რაც უნდა განხორციელდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის გზით.

ქართველ ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ შეიძლება „ევროპული საქართველო“ და „ქართული ოცნების“ ნეოლიბერტარიანული ფრთა გაერთიანდეს და მომდევნო არჩევნებში სწორედ ამ იდეოლოგიური ნიშნით გადაჯგუფებული პარტიები და ბლოკები ვიხილოთ.

ხოლო ბოლოდროინდელი მოვლენების შეფასებისას (რაც პრეზიდენტის მიერ ოჯახური მოძალადის შეწყალების ფაქტს მოჰყვა), პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ასკვნის, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი, „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით.

იკვეთება თუ არა „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ კონტურები და სჭირდებათ თუ არა მათ ერთმანეთი?

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ ცოტა პარადოქსული მდგომარეობაა, მისი კონტურები იკვეთება ყველასთან და არავისთან, რადგან „ქართული ოცნება“ ძალიან ხელოვნური გაერთიანებაა. ეს იყო უშუალოდ კონკრეტული გავლენიანი პირების საახლობლო სივრცეების, მათთვის სასურველი ადამიანების შემოყვანის გზით შექმნილი გუნდი და ასეთნაირად ჩამოყალიბდა პარლამენტში ეს სივრცე.

„აქ არ არის საუბარი არც პლატფორმაზე, არც ხედვაზე, არც იდეოლოგიაზე, არც ერთობლივ საერთო მიზანზე, აქ არის ყველა ტიპის ადამიანი. შესაბამისად, ერთდროულად შეიძლება კონტური იკვეთებოდეს როგორც ყველასთან, ისე არავისთან. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, ყოფილი პრემიერი საჯარო გამოსვლებში ხშირად ამბობდა, რომ „ნაციონალების“ პრობლემა იყო ორი-სამი ადამიანი - მერაბიშვილი, სააკაშვილი, ადეიშვილი. თორემ თავისთავად ის ძალა ეფექტურ საქმიანობასაც ეწეოდა. თუკი ჩვენ დავუშვებთ, რომ ყოფილი პრემიერის ინტერესშია, რომ გარკვეული პროცესები შეიცვალოს, რადგან „ქართული ოცნება“ არ არის მაღალი წარმატებულობით გამოხატული, ამ შემთხვევაში, „ევროპულ საქართველოსთან“ სიმბიოზზე ფიქრი შეიძლება. გარკვეული მიზანშეწონილობაც შეიძლება დავინახოთ ამაში. თუმცა როგორ აუხსნიან ამას ჩვენს საზოგადოებას, სადაც დღითი დღე უფრო მწვავე და ნეგატიური დამოკიდებულება მატულობს, თუ რატომ არიან ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები „ქართულ ოცნებაში“?! ამიტომ ძნელი სათქმელია, როგორ მოხერხდება ამის ვიზუალიზაცია და გამოჩენა საზოგადოების წინაშე“, - აცხადებს არჩილ გამზარდია, რომლის აზრითაც, თუკი მმართველი ძალა, ან კონკრეტული გავლენის პირები ჩათვლიან, რომ დღეს საზოგადოება იმდენად პასიურია, რომ ყველაფერს გაატარებს, მაშინ ნებისმიერი ცვლილება შეიძლება განხორციელდეს.

გარდა ამისა, თუ ჩვენმა უშიშროების სამსახურმაც შეაფასა, რომ საზოგადოების აქტიობის რისკი ხელისუფლებისთვის არ არსებობს, მაშინაც შეიძლება გამოხატულად და მარტივად მიიღონ გადაწყვეტილება და „ევროპულ საქართველოს“ დაუახლოვდნენ. რა თქმა უნდა, საზოგადოებაში იქნება გარკვეული უკმაყოფილებები, მაგრამ აქ დამთავრდება მთელი პროცესი.

რა ხიბლი აქვს „ევროპულ საქართველოს“?! ამის შესახებ არჩილ გამზარდია აცხადებს, რომ აქ მხოლოდ პროევროპული ძალების გაერთიანებაზე არ არის საუბარი, რადგან საერთაშორისო საზოგადოების თვალში ეს თემა ასე მწვავე და აქტიური აღარ არის „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებით. უბრალოდ, „ქართულ ოცნებაში“ იმდენმა უფუნქციო, დისფუნქციურმა ადამიანმა მოიყარა თავი (აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე), რომ ფუნქციური ადამიანების დეფიციტი გააჩნიათ და ამიტომაც ყოფილი მმართველი ძალით შეიძლება დაინტერესდნენ.

მით უმეტეს, რომ ყოფილი მმართველი ძალის თითოეული წევრის დადებითი და უარყოფითი მხარე უკვე შეფასებულია, „ქართულ ოცნებაში“ კარგად იციან, თითოეული მათგანი რას წარმოადგენს, რა დადებითი მხარე აქვს და რა უარყოფითი.

„ეს არის ადამიანური რესურსების დიდი დეფიციტი. „ქართულმა ოცნებამ“ მოყარა ადამიანები, რომლებიც ორჯერ აბსოლუტურად არაეფექტურები აღმოჩნდნენ. ახლა კი ლაპარაკია იმ ადამიანებზე, რომლებშიც რაღაცები წარსულში მიუღებელი იყო, მაგრამ მათ თავიანთი დადებითი მხარეებიც ჰქონდათ საქმიანობის ეფექტის თვალსაზრისით. ამიტომ შეიძლება მათ სინთეზზეც იყოს საუბარი“.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი თამარ კიკნაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ძალიან სამწუხარო კონტურები იკვეთება „ევროპულ საქართველოსა“ და „ქარულ ოცნებას“ შორის, რადგან „ევროპულ საქართველოში“ გაერთიანებულნი არიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, რომელთა სინდისზეც ბევრი უარყოფითი მოვლენაა დაკავშირებული. თუ ისინი გაერთიანდებიან და საერთო ინტერესები ექნებათ, ეს ჩვენს საზოგადოებას არ მოეწონება.

„გახსოვთ, ალბათ, კახა კალაძემ რომ თქვა, არსებობს კონსტრუქციული ოპოზიციაო, ძალიან ცუდი რეაქცია მოჰყვა ამას საზოგადოებაში. „ოცნების“ ეს ფრთა ელექტორატის გარკვეულ ნაწილს შეინარჩუნებს, მაგრამ ხალხის უდიდესი უმრავლესობა მათ არ დაუჭერს მხარს, რადგან ყოფილი „ნაციონალები“ მაინც დესტრუქციულ ძალად მიაჩნიათ. შესაძლოა, ეს დასავლეთის მოთხოვნაა, რომ პროდასავლური ძალები გაერთიანდნენ, მაგრამ აქ რთული პროცესები მიმდინარეობს. მაინც საარჩევნო წელია, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოდის საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ, ალბათ, უნდა ველოდოთ პოლიტიკური ძალების გადაჯგუფების პროცესს. ეს კონტურები უკვე დღეს გამოიკვეთა და დაძაბული ურთიერთობებია.

მე არ ვარ პრეზიდენტის აპოლოგეტი და ის არ მომწონს, მაგრამ დღეს იმაზე უნდა იყოს საუბარი, რამ გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში ტოტალური აგრესია. ეს აგრესია ნამდვილად არის მძიმე, სოციალური, ეკონომიკური, იდეოლოგიური მდგომარეობის გამო, იმ საინფორმაციო პოლიტიკის გამო, რაც საქართველოშია. იმის მაგივრად, რომ ხილულ პრობლემებს ებრძოლონ, ერთმანეთთან კინკლაობით არიან დაკავებულნი და ფუნდამენტურ პრობლემებზე არ საუბრობენ. ხალხი უკვე ფსიქიკურად შეიშალა. აუცილებელია ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ადამიანების ტოლერანტულად აღზრდა“, - აღნიშნა თამარ კიკნაძემ.