ჩაშლილი სხდომა - პრემიერი უმრავლესობის სხდომას არ დაესწრება?

ჩაშლილი სხდომა - პრემიერი უმრავლესობის სხდომას არ დაესწრება?

უმრავლესობის სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო. „ქართული ოცნების“ წევრი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დეპუტატის გიორგი კახიანის განცხადებით, მიზეზი, რის გამოც უმრავლესობის სხდომა გადაიდო, არის ის, რომ ბევრი დეპუტატი ქუთაისში არ იმყოფება, ხოლო სხდომაში მონაწილეობის მიღების სურვილი ყველას აქვს. მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ შეხვედრა ჩატარდეს თბილისში.

თუმცა არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის ნაწილმა სხდომის დასწრებაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ ქუთაისში დაანოსებულ უმრავლესობის სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არ დაესწრებოდა. საპარლამენტო უმრავლესობის კულუარებში ამბობენ, რომ საჯარო დაპირისპირების შემდეგ კვირიკაშვილმა სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადა.

შესაბამისად, როგორ დასრულდება დაპირისპირების ახალი ეტაპი მმართველ გუნდში, უცნობია. უმრავლესობის წევრებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე, როდის და სად ჩატარდება უმრავლესობის სხდომა, რადგან გუნდის ლიდერებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მმართველი გუნდის წევრი ნუკრი ქანთარია განმარტავს, რომ ყველა კითხვას, რომელიც პარტიის ზოგიერთ წარმომადგენელს აქვს, პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს და სხდომის ჩატარების დიდი ხნით გადაწევის პერსპექტივას ნეგატიურად აფასებს.

„ერთი დღე იქით-აქეთ, ეს არაფერი, მაგრამ ეს რომ ჩვენ გადავიტანოთ მარადიულობაში, ეს არის ძალიან ცუდი“, - აცხადებს ნუკრი ქანთარია.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დღეს, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართებოდა. უმრავლესობის შეკრებაზე განხილვის ძირითადი თემა ის დაპირისპირება უნდა ყოფილიყო, რომელიც მმართველ გუნდში წარმოიშვა.

დეპუტატი გედევან ფოფხაძე, რომლის გადაწყვეტილება და განცხადება უმრავლესობაში საჯარო დაპირისპირების მიზეზი გახდა, აცხადებს, რომ მისთვის პრინციპულია, უმრავლესობის შეხვედრა შედგეს და კონკრეტული შედეგებით დასრულდეს. როგორც დეპუტატი აცხადებს, უმრავლესობას თავისი ლიდერები ჰყავს და როგორც საჭიროდ ჩათვლიან, სხდომას იმ დროს და იმ ადგილას ჩაატარებენ.

დეპუტატის განცხადებით, სხდომის ხელოვნურად ჩაშლას ადგილი არ აქვს: „ამოცანა უნდა იყოს ის, რომ უმრავლესობამ რაც შეიძლება ეფექტური ფორმატი შექმანას და შეთანხმდნენ იმაზე, რომ თუ უმრავლესობის წევრს განსხვავებული აზრი აქვს, თუ ეს მისთვის პრინციპულია, უნდა ითქვას მედიასთანაც. საზოგადეობამ უნდა იცოდეს, არა მარტო საბოლოო პოზიცია, არამედ რაღაც დონეზე ის პროცესი, რომლითაც საბოლოო შედეგი ჩამოყალიბდა“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

რაც შეეხება უმრავლესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის დასწრების საკითხს, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ეს თავად გიორგი კვირიკაშვილმა უნდა გადაწყვიტოს.

„პრემიერი არის პარტიის თავმჯდომარე და მას სრული უფლება აქვს უმრავლესობის პოლიტიკურ აქტივობაში მიიღოს მონაწილეობა და პოზიციების შეჯერებას შეუწყოს ხელი. აქედან გამომდინარე, მას ამის შანსი უნდა მივცეთ, თორემ მისი მონაწილეობა აუცლილებელი არის თუ არა, ამის მიზანშეწონილობა მან უნდა გადაწყვიტოს, ჩვენგან ამაზე აპელირება არ იქნება. ჩვენი ამოცანა არის, უმრავლესობაში პროცესებზე შეჯერება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ შიდაპარტიული კონსულტაციები დაწყებულია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც დეპუტატებმა წამოჭრეს. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა სპიკერატს, ფრაქციების თავმჯდომარეებს, კომიტეტებს და უმრავლესობის სხდომა უახლოეს მომავალში იმ პირობებში გაიმართება, როდესაც ყველა დეპუტატს ექნება მონაწილეობის შესაძლებლობა.

„ქუთაისში სესიაზე ნაწილი არ იმყოფება, ამიტომ სხდომა გაიმართება მაშინ, როდესაც სრული დასწრება იქნება უზრუნველყოფილი. რასაც ჩვენ მედიაში ვხედავთ, ეს არის გადაჭარბებული მოლოდინები ამ სხდომაზე. არასწორია წარმოჩენა, თითქოს უმრავლესობის ერთი სხდომა იქნება პანაცია, სადაც ყველაფერი მოგვარდება, პირიქით, გადაჭრის პროცესი უკვე მიმდინარეობს და ეს არის მთავარი. სხდომა, პრაქტიკულად, იქნება შეჯამება იმ სამუშაოების, რომელსაც ჩვენ ამ დღეებში ვატარებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ უმრავლესობის შეხვედრა არ არის ის შეხვედრა, რა სკანდალური მოლოდინიც გააჩნია ზოგიერთს.

„რასაკვირველია, ჯობია შეხვედრა უკეთესად მომზადდეს, თემებიც გავიაროთ, პოზიციებიც შევაჯეროთ და ვიმსჯელოთ საკითხებზე, რომელიც გვაერთიანებს. პარლამენტის თავმჯდომარე როდესაც იხილავს საკითხს კოლეგებთან ერთად, გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ისეთი ან ასეთი, ასე რომ, პარლამენტის თავმჯდომარე სრულად ეთანხმება იმ პოზიციას, რაც ახლა გითხარით. კითხვა - შეცდომა დაუშვა და სხვა კითხვები, ვფიქრობ, ძიებაა იმის, რაიმე კრიტიკული ვათქმევინოთ ერთმანეთს, ეს საინტერესო აღარ არის, დამიჯერეთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.