თომას ჰამარბერგი: „არის შევიწროვების, შეურაცხმყოფელი დევნის და მათზე ზეწოლის სხვა ფორმების მაგალითები.“

თომას ჰამარბერგი: „არის შევიწროვების, შეურაცხმყოფელი დევნის და მათზე ზეწოლის სხვა ფორმების მაგალითები.“

[მერაბ ბრეგაძე] 

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული მოხსენება გამოაქვეყნა. თომას ჰამარბერგის განცხადებით, „მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა აღმოიფხვრას ნაკლოვანებები სასამართლო სისტემაში და გაიზარდოს მისი გამჭვირვალობა და სამართლიანობა“. ანგარიში, რომელიც 2011 წლის 18-20 აპრილს საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს ეძღვნება, აქცენტი სწორედ მართლმსაჯულების სისტემაზეა გაკეთებული.

როგორც კომისრის ანგარიშშია აღნიშნული, რიგი ნაბიჯები გადაიდგა ხელისუფლების მიერ, რათა მომხდარიყო სისხლისამართლებრივი სისტემის რეფორმა, თუმცა, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა მცირე დანაშაულზე ხორციელდება ძალზედ გრძელვადიანი პატიმრობის მეშვეობით, რაც იწვევს დაფიქრებას სასჯელის პროპორციულობაზე:

„ხელისუფლებამ უნდა მიიღოს უფრო მეტად ჰუმანური სისხლისამართლებრივი პოლიტიკა, რომელიც კონცენტრირებული იქნება უფრო აღდგენით და არა სადამსჯელო სამართლის პრინციპებზე. შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა შემცირდეს წინასწარი პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა, მათ შორის არასრულწლოვანთათვისაც“.

მიუხედავად მნიშვნელოვანი ძალისხმევისა, რომელიც გაღებულ იქნა სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, კომისარს მიაჩნია, რომ საჭიროა შემდგომი ქმედება, რათა მოხდეს მისი დაცვა არამართლზომიერი ჩარევისგან. მან რეკომენდაცია გაუწია დამატებით ზომებს, რათა თავიდან აიცილონ პოლიტიკური ზეგავლენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე და დაიცვან მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობა.

„შემდგომში იგი აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს ადგილი ჰქონდა საპოლიციო გამოძიებების დროს პროცედურული დარღვევების ზეგავლენით სამართლებრივი დევნის ფაქტებს. კომისრამდე აგრეთვე მივიდა განცხადებები ოპოზიციის აქტივისტთა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე. იგი მოუწოდებს ხელისუფლებას ნათლად და გამჭვირვალედ გასცეს პასუხი გამოხატულ უკმაყოფილებას თითოეულ ამგვარ საკითხთან მიმართებაში.

„ეფექტური ქმედებაა საჭირო სამართლიანი სასამართლოს გარანტიისა და მხარეთა შორის თანასწორობის პატივისცემის უზრუნველსაყოფად. კვლავ ხდება ისე, რომ ადვოკატები აწყდებიან სირთულეებს თავიანთი პროფესიის თავისუფლად განხორციელებისას. არის შევიწროვების, შეურაცხმყოფელი დევნის და მათზე ზეწოლის სხვა ფორმების მაგალითები. მაშინ როდესაც სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი უზრუნველჰყოფს გაზრდილი დაცვითი უფლებებით, სისხლის სამართლის სისტემა ავლენს არათანასწორობას სამართლებრივი დევნის სასარგებლოდ.

„გათვალისწინებულ უნდა იქნას სისტემური ზომები ჭეშმარიტად თანასწორი სამართალწარმოების უზრუნველსაყოფად. თავიანთი კლიენტებისადმი იურიდიული დახმარებისას დაცვის ადვოკატებს საშუალება უნდა მიეცეთ იმოქმედონ დაბრკოლების გარეშე და სრულ კონფიდენციალურობაში“.

კომისარს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს საპროცესო პროცედურებზე, რაც საქართველოში განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება სისხლის სამართლებრივ საქმეებთან მიმართებაში.

„ისეთი ფაქტორების კომბინირებამ, როგორებიცაა დამნაშავედ ცნობის მაღალი მაჩვენებელი, სასჯელის მკაცრი ზომები და სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობის დაბალი დონე, შეუძლია გავლენა იქონიოს იმაზე, რომ მიუხედავად უდანაშაულობისა მსჯავრდებულმა თავი დამნაშავედ სცნოს, რაც სამართლის დამახინჯებას იწვევს“.

თომას ჰამარბერგის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ახალი საპროცესო კოდექსი ადვოკატებისთვის უფრო ფართო უფლებებს ადგენს, სისხლის სამართლის სამართალწარმოება ადასტურებს, რომ მხარეთა თანასწორუფლებიანობა პროკურატურის სასარგებლოდაა დარღვეული.

კომისარი აღნიშნავს, რომ უნდა გატარდეს სისტემური ღონისძიებები ადვოკატთა ფართომასშტაბიანი ტრენინგის ჩათვლით, რომ აღმოიფხვრას ეს ხარვეზი და უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტ შეჯიბრებითობაზე აგებული სამართალწარმოება.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა საქართველოში სასჯელების პროპორციულობასთან დაკავშირებით  შეშფოთება გამოთქვა. ჰამარბერგი აღნიშნავს, რომ წვრილმანი დანაშაულისთვის შემოღებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ მკაცრი პოლიტიკა, დღესაც მოქმედებს. მისი შედეგია გრძელვადიანი საპატიმრო სასჯელების გამოყენება. შეშფოთება გამოითქვა სასჯელების პროპორციულობასთან დაკავშირებითაც,

ჰამარბერგი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის ერთ–ერთი პოზიტიური ასპექტი არის აქცენტის გადატანა პატიმრობის ალტერნატიულ სასჯელებზე. კომისარმა მოუწოდა ხელისუფლებას, შემდგომი ნაბიჯები გადადგას სასჯელის ზომად დაკავებისა და პატიმრობის გამოყენების შემცირებისაკენ.

ამასთან, უმაღლესი კომისრის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მიუთითებს სერიოზულ ხარვეზებზე , რომლებიც ჩრდილს აყენებენ სისხლის სამართლის გამოძიებას და სამართალწარმოებას ოპოზიციური აქტივისტების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში, სადაც ეჭვის ქვეშ დგება ამ პირთა მიმართ წაყენებული ბრალი და საბოლოო გადაწყვეტილება.

ამავე ანგარიშის მიხედვით, თომას ჰამერბერგმა ხელისუფლებას ამ საქმეებთან დაკავშირებით მკაფიო და გამჭვირვალე პასუხის მიღება სთხოვა.

„ზოგადად, საჭიროა მკაცრი ზომების მიღება სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად და იმისთვის, რომ დაცული იყოს ყველა მხარის თანასწორუფლებიანობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის შესაბამისად“.

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, თომას ჰამარბერგის ანგარიში ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.