2018 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოსახლეობა რიგით მე-5 პრეზიდენტს აირჩევს. პარტიებს საპრეზიდენტო კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მატულობს პოლიტიკური დაპირისპირება. „ქართული ოცნება“ არ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია უპირისპირდება. მმართველი გუნდის შემდეგ, სამიზნე „ევროპული საქართველო“ გახდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა, ორ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, პრეზიდენტის წინააღმდეგ „შავი პიარის“ აგორებას ცდილობს. ბრალდებას არასერიოზულს უწოდებს მმართველი გუნდი და ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცდილობს სხვას გადააბრალოს ის შეცდომა, რომელსაც რეალურად ადმინისტრაცია უშვებს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ, ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ნათლად დაინახა კიდევ ერთი უბინძურესი „შავი პიარის“ ტალღა, რომელიც ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მის მიმართ „შავი პიარი“ კიდევ ბევრჯერ იქნება: „სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვცხოვრობთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
თუკი გასული წლების მოვლენებს გადავხედავთ, პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირების ეს ფორმა ახალი არ არის, მაგრამ როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, გარდა იმისა, რომ ეს დაპირისპირება ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს, უინტერესოა საზოგადოებისთვის, იმ საზოგადოებისთვის, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის მძიმე და რომელმაც არჩევანი უნდა გააკეთოს ოქტომბერში.
„სამწუხაროდ, პროცესები ისე ვითარდება, როგორც ვითარდება. ამ შემთხვევაში არც ერთი დაპირსიპირების ხაზგასმა მიმაჩნია სწორედ, თავი რომ დავანებოთ იმას აინტერესებს თუ არა ვინმეს ეს ამბავი, რაც თვითონ მარგველაშვილისთვის არ არის სწორი და მომგებიანი. თვითონ მარგველაშვილს არ მოუხდენია ამ საკითხის პოლიტიზირება. უკვე მისი ადმინისტრაცია აქტიურობს და რატომ აქტიურობს, რატომ უკეთებენ ასეთ ცუდ საქმეს, არ მესმის. მე მგონია, რომ შეცდომას ჩადიან, რადგან მობეზრდა საზოგადოებას უკვე ამ ტიპის პოლიტიკური ბრძოლა. ყველა საკითხის პოლიტიზირება თვითონ პოლიტიკოსებისთვის არის წამგებიანი. მით უფრო ამ ბოლო ტრაგედიის პოლიტიზირება არავის არ უხდება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგი არ იზიარებს შეფასებას, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა, ორ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, პრეზიდენტის წინააღმდეგ „შავი პიარის“ აგორებას სცდილობს.
„უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის რა ურთიერთობაც არის, ეს უკვე ცხადია. მაგრამ ის, რომ ეს ვითარება საარჩევნო ბრძოლისთვის შექმნილი რაუნდია, ასე არ არის. პრეზიდენტი მარგველაშვილი არ არის ერთადერთი კონკურენტი და შეიძლება არც ის კონკურენტია, რომლისთვისაც ამხელა ძალისხმევას და ამდენად წამგებიან ნაბიჯს გადადგამდა ერთი, ან მეორე მხარე“, - განმარტავს რამაზ საყვარელიძე.
შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას პრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას უწოდებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი, რომლის განცხადებით, სახელმწიფო უწყებები, იმის ნაცვლად, რომ ებრძოდნენ კრიმინალს, დაკავებულები არიან „შავი პიარის“ წარმოებით საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმ ორ გაერთიანებულ პარტიასთან ერთად, რომელიც მისი თქმით, არის „ქართული ოცნება“ და „ევროპული საქართველო“.
„იმის ნაცვლად, რომ შესაბამისმა უწყებებმა ვერ დაიცვეს მოქალაქე, რომელმაც მიმართა დასაცავად, დაიწყეს საქართველოს პრეზიდენტზე გადაბრალება და მივიღეთ პასუხად ბინძური „შავი პიარი“. მე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ვაცხადებ, რომ არც ერთი უწყებიდან - არც შსს-დან, არც პროკურატურიდან არ მიგვიღია არანაირი ის სტატისტიკა, რომელზეც ვითომ გუშინ საუბრობდნენ, მაგრამ სინამდვილეში ეს უწყებები ამ არალეგალურ სტატისტიკას, რომლის სანდოობაში კაცმა არ იცის რამდენად უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, აძლევენ მათ რუპორ პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ ეს სტატისტიკა ლეგალურად იყოს შეფუთული“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პასუხობს ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომლის განცხადებით, აბაშიშვილის განცხადება შექმნილი ვითარების ადეკვატური არ არის: „ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი კითხვა დაისვას ამ საკითხებზე. ეს არც ხუმრობაა, არც სერიოზული ანალიზია და არაადეკვატურია შექმნილი ვითარების“, - აცხადებს გია ვოლსკი.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციას თუ ჰგონია, უპასუხისმგებლო ნაბიჯებს რომ გადადგამს და ნარკორეალიზატორებს გამოუშვებს, ამაზე ოპოზიცია პირში წყალს ჩაიგუბებს, ძალიან ცდება“, - ასე პასუხობს ბრალდების კიდევ ერთი ადრესატი, „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს. დეპუტატის განცხადებით, მარგველაშვილმა და აბაშიშვილმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ ქმედებაზე, კარგად გაიაზრონ, რა შეცდომებიც დაუშვეს და მომავალში გამოასწორონ.
„რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, მათ რა აქვთ სათქმელი მარგველაშვილზე, როდესაც მასზე სამჯერ და ოთხჯერ მეტი პატიმარი ჰყავთ გათავისუფებული საქმის შესწავლის და მომზადების გარეშე“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილზე თავდასხმა კამპანიურ ხასიათს ატარებს. მისი თქმით, საქართველოში კრიმინოგენული ვითარება რომ არის უმძიმეს მდგომარეობაში ეს არის პირველ რიგში „ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურება.
„შეწყალების კომისია და შეწყალების მექანიზმები რომ დასახვეწია ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ახლა, ერთი განყენებული შემთხვევის გამო პრეზიდენტზე თავდასხმა გაცილებით უფრო ატარებს კამპანიურ ხასიათს და ბევრ ეჭვს ბადებს ვიდრე ის, რომ ეს არის პოლიტიკური ძალების მიერ მცდელობა დაიხვეწოს შეწყალების მექანიზმები“, - ამბობს ნინო კალანდაძე.