საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დღეს, საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართება. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც უმრავლესობა სხდომის დახურულ ფორმატში ისაუბრებს, უმრავლესობის შიგნით მიმდინარე დაპირისპირება არის. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ სხდომას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. მისი განცხადებით, განცხადებით, დაგეგმილ სხდომაზე უმრავლესობა ერთმანეთთან ურთიერთობის თემაზე იმსჯელებს და განხილული არ იქნება სხვა რომელიმე თემა.
„ზოგიერთ დეპუტატს აქვს განცდა, რომ უფრო მეტი ჩართულობა და კომუნიკაციაა საჭირო მათთან ურთიერთობის კუთხით. ალბათ, ამაზე გვექნება საუბარი. ამ წუთში დღის წესრიგში არ გვიდგას არც ერთი კონკრეტული საკითხი, რომელზეც განსხვავებული მოსაზრებებია გუნდში. არ ვამბობ, რომ არ არის საკითხები, რომელზეც არაა განსხვავებული მოსაზრება, უბრალოდ, ამ სხდომაზე ამ თემების გავლა არ გვექნება. ვისაუბრებთ ერთმანეთთან და გუნდის შიგნით ურთიერთობის თემაზე, რომელიც ყველა დეპუტატისთვის იქნება მისაღები“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე თვლის, რომ სასურველია უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილი დაესწროს. ფოფხაძის თქმით, ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი, იმ ავტორიტეტით, რაც მას, როგორც პოლიტიკოსს და ადამიანს გააჩნია ქვეყანაში და ეს პოლიტიკური კაპიტალი ეხმარება ადამიანებს რთული სიტუაციის დროს გადაწყვეტილების მიღებაში.
„შეიძლება, რაღაც საკითხების უტრირება ხდებოდეს, მაგრამ საერთო პოზიცია ფორმირდება იმით, რომ ჩვენ უნდა მოგვეცეს სრულფასოვანი მონაწილეობის საშუალება. გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ყველას მონაწილეობით, ეს არის სწორი ფორმა. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ რა პროცედურებია საჭირო.
რაც შეეხება უკმაყოფილებას, რომელიც ჩვენი მხრიდან არსებობს, ამაზე სხდომაზე შესვლამდე შეგვიძლია დავიწყოთ მსჯელობა და პოზიციაზე შევჯერდეთ. ერთადერთი დისციპლინა, რომელსაც უნდა დაემორჩილნონ დეპუტატები, არის ქვეყნის და ხალხის ინტერესები. დომინანტი არ უნდა იყოს დისციპლინაზე საუბარი“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობა გედევან ფოფხაძის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე გადაყვანაზე იმსჯელებს. ფოფხაძე ამ პოზიციაზე ვანო ზარდიაშვილს შეცვლის, ხოლო თავის მხრივ, ზარდიაშვილო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. აღნიშნული ცვლილება მისაღებია როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძისთვის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთვის, რომლებიც პირველ მოადგილეებთან დაპირისპირებულები არიან და პრაქტიკულად, ერთმანეთთან არ კონტაქტობენ. შეგახსენებთ, რომ კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ის თანამდებობაა, რომელსაც კომიტეტი ხმათა უმრავლესობით უშუალოდ კომიტეტის თავმჯდომარის წარდგენით ირჩევს.
უმრავლესობის ერთი ნაწილი არ ადასტურებს მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას, თუმცა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ადასტურებს მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას და აცხადებეს, რომ ტყუილია, როცა ამბობენ, რომ არაფერი ხდება.
„ეს ნორმალურია, თუმცა ოპოზიციისთვის, სხვა ინტერესების მქონე სუბიექტებისთვის ეს საინტერესო პროცესია და ესკალაცია ხდება. ეს გასაგებია, ოპოზიციის საქმეც ეს არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, დალაგდება, მთავარია, რომ სწორად და სწრაფად დალაგდეს“, - აცხადებს ოთარ დანელია.
გაცილებით მკაცრია საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე, რომლის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე პირობა იქნება, მოლაპარაკება ვერ შედგება.
„მათ ხელმძღვანელობას ბრჭყალებში დავარქმევ, რადგან პარლამენტს ხელმძღვანელობა არ ჰყავს. ისინი ჩვენ მიერ დელეგირებული უფლებებით სარგებლობენ და ჩვენი უფროსები ვერ იქნებიან. თქვეს, დისციპლინა ვიღაცეებმა დაარღვიეს და სანქციები იქნებაო. ისინი თვლიან, რომ ვიღაც წესრიგს არღვევს და ვიღაცის მიმართ სანქციები იქნება გათვალისწინებული. თუ ეს პირობა იქნება, პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი მოლაპარაკება ვერ შედგება“, - აცხადებს დეპუტატი.
მისი თქმით, თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ რას ვითხოვთ, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ.
„ჩემი ეს განცხადება სპონტანური არ არის, ეს ამ ადამიანების თავზეგასულობამ გამაკეთებინა და ამას აღარ გადავალ. ჩემთვის ესენი კოლექტიური ზარდიაშვილები იქნებიან. მათ დეპუტატობას კი არ ვართმევთ, გავიდნენ და მმართველობას ავიღებთ ისინი, ვინც სახეები ვიყავით. ის ხალხი, ვინც 2012 წელს, „ქართული ოცნებიდან“ დავდიოდით მოსახლეობასთან და პირობას ვდებდით, რომ ქვეყანა წარმატებული იქნებოდა, ამ ინიციატივას ისევ ავიღებთ. ეს ადამიანები ამ ვალდებულებას ვერ ასრულებენ და ჩემი იდეა იქნება, ჩვენი უფლებები დავიბრუნოთ“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.