ორკვირიანი პაუზის შემდეგ, გედევან ფოფხაძე პარლამენტში მივიდა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში კომუნიკაციის პრობლემა არსებობს. ფოფხაძეს არ მოსწონს, რომ უმრავლესობის წევრებს შორის კომუნიკაცია ჟურნალისტების მეშვეობით ინტერვიუებით ხდება.
ამბობს, რომ კომუნიკაცია უნდა არსებობდეს და ყველა საკითხი შეიძლება დალაგდეს, იმ პროცედურების სწორი გაწერით, რაც მნიშვნელოვანია უმრავლესობის სრულფასოვანი საქმიანობისთვის. რაც შეეხება უმრავლესობის დატოვებას თუ გუნდში დარჩენის გადაწყვეტილებას, ფოფხაძე ამ გადაწყვეტილებას უმრავლესობის სხდომის შედეგ მიიღებს.
თუმცა, დაპირისპირება უმრავლესობაში კიდევ უფრო მწვავდება. გედევან ფოფხაძე ამჯერად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს უპირისპირდება და მისი ფაქსიმილეს გაყალბებაში ადანაშაულებს. დეპუტატი ამბობს, რომ კილაძემ მისი ფაქსიმილე მისი ნებართვის გარეშე მაშინ გამოიყენა, როდესაც ფოფხაძე მივლინებაში იმყოფებოდა.
„მოხდა რაღაც კონფლიქტი ჩვენ შორის, მივლინებაში ყოფნის დროს ჩემი ფაქსიმილე ჩემი ნებართვის გარეშე გამოიყენა, მე ვერ გავიგე ეს რატომ გააკეთა და აღარ მაინტერესებდა ამ ადამიანთან ურთიერთობა. მოვიკითხე, ვთქვი ხალხო ამას რატომ აკეთებს ეს ადამიანი, ეს ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია?“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ, რომელიც ადასტურებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არსებულ დაძაბულ ურთიერთობას და აქვე ადასტურებს, რომ ის სხდომებს იშვიათად ესწრება.
თავის მხრივ, ბრალდებას უარყოფს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ფოფხაძეს ცილისმწამებელ ჭორიკანა კაცს უწოდებს. სოფიო კილაძე უარყოფს, რომ მისი პირველი მოადგილის ფაქსიმილეს მისი ნებართვის გარეშე გამოყენების ფაქტს და ხაზგასმით აცხადებს, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და ის რაზეც ფოფხაძე საუბრობს, მხოლოდ ცილისწამებაა.
„რაც შეეხება სავარაუდო დანაშაულს, მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, როგორ შემეძლო გამეყალბებინა ფაქსიმილე, როცა ქვეყანაში ფიზიკურად არ ვიყავი. ვიყავი ჩინეთში და თუ ჩინეთიდან შეიძლება ფაქსიმილეს გაყალბება, მაშინ კი ბატონო, დანაშაული ჩამიდენია. გარდა ამისა, იურისტმა კაცმა უნდა იცოდეს, რომ თუ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და ის ამას ფარავდა, თავად უნდა მიეცეს პასუხისგებაში. მაშინ გედის პასუხისმგებლობაზეც ვიფიქროთ. გედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი კაცი, ჭორაობასა და ცილისწამებას ურჩევნია საქმე აკეთოს, რაშიც ის ხელფასს იღებს. საერთოდ არ დადის კომიტეტის სხდომებზე, საქმის გაკეთებაზე რომ არაფერი ითქვას“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.
გედევან ფოფხაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან, შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე გადაინაცვლოს და ამ პოზიციაზე ვანო ზარდიაშვილი შეცვალოს, ხოლო თავის მხრივ, ზარდიაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავოს. აღნიშნული ცვლილება მისაღებია როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძისთვის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთვის, რომელიც ასევე დაპირისპირებულია ვანო ზარდიაშვილთან.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ის თანამდებობაა, რომელსაც კომიტეტი ხმათა უმრავლესობით უშუალოდ კომიტეტის თავმჯდომარის წარდგენით ირჩევს. თუმცა, როგორც ეკა ბესელია ამბობს, ისურვებდა, რომ დეპუტატებმა საკუთარი ენერგია იმ საქმეების მოგვარებაზე მიმართონ, რისთვისაც ხალხმა აირჩიეს და არა შიდა საუბრების თუ განწყობების გარჩევაზე.
„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ყველაზე დატვირთული იყო და ძალიან დიდ სამუშაოს ეწეოდა. გედევან ფოფხაძე ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია, ერთად ბევრი გვიმუშავია და არასდროს მასთან პრობლემა არ მქონია“, - აცხადებს ეკა ბესელია.
უმრავლესობის შიგნით დაპირისპირებას უარყოფს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი, რომლის განცხადებით, არანაირი კომუნიკაციის პრობლემა უმარვლესობას ერთმანეთთან არ აქვს. მისი თქმით, საზოგადოება არ არის მიჩვეული საპარლამენტო დემოკრატიის ამხელა დონეს.
„უმრავლესობის ფორმატში მოხდება შეხვედრა და ყველა კითხვას იქ გაეცემა პასუხი. ზედმეტი ალიაქოთი არ არის საჭირო ამ თემასთან დაკავშირებით. არანაირი კომუნიკაციის პრობლემა ჩვენ ერთმანეთთან არ გვაქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოება არ არის მიჩვეული საპარლამენტო დემოკრატიის ამხელა დონეს. ყოველთვის იმართებოდა საქართველოში ერთი პირის მიერ ვერტიკალში პარლამენტიც და ვერავინ ვერ ბედავდა იმას, რომ ერთი ზედმეტი სიტყვა და პროტესტი ან უარყოფითი დამოკიდებულება რომელიმე საკითხის მიმართ გამოეხატა. დღეს, 116 კაციან უმრავლესობაში ძალიან მაღალი ხარისხის დემოკრატიაა“, - ამბობს დავით მათიკაშვილი.