„ოცნებაში“ მიმდინარეობს ბრძოლა ნეოლიბერტარიანელებსა და ნეოკონსერვატორებს შორის და ეს კიდევ უფრო გახლეჩს მას“

„ოცნებაში“ მიმდინარეობს ბრძოლა ნეოლიბერტარიანელებსა და ნეოკონსერვატორებს შორის და ეს კიდევ უფრო გახლეჩს მას“

„ქართული ოცნება“ ერთგვარი ეთიკის კოდექსის მიღებას აპირებს, რომლის დამრღვევი დეპუტატებისთვისაც სანქციები დაწესდება. მმართველ გუნდში აქტიურად საუბრობენ შიდა პარტიული დოკუმენტის შემუშავებაზე. დოკუმენტის ტექსტს უმრავლესობის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარუდგენს.

პარტიულ დოკუმენტზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გედევან ფოფხაძემ ხმაურით დატოვა უმრავლესობა. რას მოიტანს უმრავლესობის შიგნით დისციპლინის გამკაცრება, რომლითაც ურთიერთობისა და გადაწყვეტილებების მიღების ფორმა განისაზღვრება?!

შიდა პარტიული დოკუმენტის მიღებას მორიგ ქაღალდომანიად აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ ყველა პარტიას თავისი პირადი პრიორიტეტი აქვს. პოლიტოლოგიაში ასეთი ცნებაც არსებობს - „ავტორიტარული ტიპის პოლიტიკური პარტიები“. ამდენად, თუკი „ქართული ოცნებაც“ აპირებს, ამ ნორმაზე გადავიდეს, ეს მისი პრეროგატივაა და ამას ვერავინ დაუშლის.

„საერთოდ, პარტიის მართვაში არსებობს რამდენიმე ტიპი -ლიბერალური, იერარქიული, ავტორიტარული. რომელს აირჩევს „ქართული ოცნება“, მისი პრეროგატივაა. აჯობებს, „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავოს მკვეთრად გამოხატული იდეოლოგიური ბაზა და იდეოლოგიურად მოახდინოს თავისი წევრების შერჩევა. ეს გაცილებით უფრო პრაგმატულ ნიადაგზე არსებული იქნება და მართვასაც უფრო გააიოლებს. მერე რა, რომ ეკლექტურია „ქართული ოცნების“ შემადგენლობა. ჩვენ გვახსოვს ბლოკი „მშვიდობა“, მერე ჩვენ ვნახეთ „მოქალაქეთა კავშირი“, შემდეგ- „ნაციონალური მოძრაობა“, ახლა „ქართული ოცნებაა“. ფაქტობრივად, ეს ერთჯერადი პარტიებია, რომლებიც შეიქმნა გარკვეული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ბლოკი „მშვიდობა“ შეიქმნა, რათა ედუარდ შევარდნაძის მმართველობა განემტკიცებინა, „მოქალაქეთა კავშირიც“, ასევე, ამ მიზნით შეიქმნა და ერთ პიროვნებაზე იყო მორგებული. ასე იყო „ნაცმოძრაობაც“ და ასეა „ოცნებაც“. ეს პარტიები მორგებულია კონკრეტულ პიროვნებებზე, პოლიტიკურ ფიგურებზე. თუ ადრე ეს იყო შევარდნაძე, ან სააკაშვილი, ახლა ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

როცა მმართველ პარტიებს თავისი მყარი სტრუქტურები არ გააჩნიათ და ისიც არ იციან, პარტიაში ვინ ვინ არის და რა ფუნქციებს ასრულებს, ეს არის ქართული პოლიტიკის ანაქრონიზმი და დროებითი მოვლენა. ეს ნიშნავს, რომ მაღალი პოლიტიკური კულტურა არ გვაქვს. ასეთი პარტიების ბედი ძალიან ხანმოკლეა. ისინი ასრულებენ თავიანთ ფუნქციას და მერე ხუხულასავით იშლებიან“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, ბლოკი „მშვიდობა“ და ე.წ. „მოქკავშირი“, ასევე, „ნაცმოძრაობა“ იყვნენ პოლიტიკურ და არა იდეოლოგიურ პლატფორმაზე გაერთიანებულნი. მათ იდეოლოგიური პლატფორმა საერთოდ არ ჰქონდათ. ქართული პოლიტიკური პარტიებიდან იდეოლოგიური პლატფორმა მხოლოდ „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას“ ჰქონდა. სანამ გია ჭანტურიას მოკლავდნენ, მას ჰქონდა იდეოლოგიურად კარგად გამართული, კლასიკურად გამოხატული პოლიტიკური პლატფორმა და მისი იდეოლოგია ქრისტიანულ-დემოკრატიული იყო.

რაც შეეხება დღევანდელობას, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ ახლა მიმდინარეობს ბრძოლა ნეოლიბერტარიანელებსა და ნეოკონსერვატორებს შორის. აქ უკვე იდეოლოგიური ჭრილი შემოდის და ეს კიდევ უფრო გახლეჩს მმართველ პოლიტიკურ ძალას უკვე იდეოლოგიის საფუძველზე.

„ახლა ყალიბდება სწორედ ორი იდეოლოგიური მიმართულება-ნეოკონსერვატიზმი და ნეოლიბერტარიანიზმი. თუ ახლა გვაქვს პოლიტიკური პარტიები ჰორიზონტალური დაყოფით, შესაძლოა, მივიღოთ პარტიები ვერტიკალური დაყოფით. ანუ შეიძლება, „ევროპული საქართველო“ და „ქართული ოცნების“ ნეოლიბერტარიანული ფრთა გაერთიანდეს და მომდევნო არჩევნებში სწორედ ამ იდეოლოგიური ნიშნით გადაჯგუფებული პოლიტიკური პარტიები და ბლოკები ვიხილოთ. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც იდეოლოგიის ფონზე მოხდება პოლიტიკური ბრძოლა და პოლიტიკური კონკურენცია. ნინია კაკაბაძის ფაქტორმაც აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებაში“ აღმოჩნდა 55 ნეოლიბერტარიანელი, ხოლო „ევროპული საქართველო“ მთლიანად ნეოლიბერტარიანული ტიპის გაერთიანებაა. „ქართული ოცნების“ ნეოკონსერვატორებმა კი გამოხატეს პროტესტი და მე ვიზიარებ მათ შემართებას. მეც, როგორც ნეოკონსერვატორი, იქ რომ ვყოფილიყავი, იმავეს გავაკეთებდი“.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ეთიკის დოკუმენტის მიღებამდე მმართველი გუნდის პრიორიტეტი უნდა იყოს ისეთი კანონების მიღება, რათა კორუფცია შემცირდეს, ნეპოტიზმი გაქრეს და პროფესიონალებმა იშოვონ სამუშაო. ეს მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ყვავის პარტიულობა, ნათესაობა და მამიდაშვილ-ბიძაშვილობა. ჩვენ ხელფასს იმიტომ კი არ ვუხდით პარლამენტარებს, რომ თავაზიანი ლაპარაკი ისწავლონ, არამედ იმიტომ, რომ კანონები დაწერონ“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

მედიაექსპერტი ლელა კურდღელაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ შიდაპარტიული დემოკრატიის ინსტრუმენტები და შიდაპარტიული დემოკრატიული მართვა როგორი უნდა იყოს, ეს მთელ მსოფლიოში შესწავლილი ნორმაა. ამიტომ ჩვენს მმართველ გუნდს შეუძლია, ეს ინსტრუმენტები გადმოიღოს და დანერგოს.

„ზოგადად, არსებობს ეთიკის ნორმები და არა მგონია, პარტიაში ისეთი ხალხი შეიყვანონ, რომელთაც მერე დასჭირდებათ ეთიკის ნორმების სწავლა. ის, რომ პარტია გუნდურად უნდა მუშაობდეს, ეს ისედაც უნდა იცოდეს პარტიამ. პარტიაში რომ შიდა პარტიული დემოკრატია უნდა არსებობდეს, ესეც უნდა იცოდეს პარტიამ. თუ ეს ნორმები არ არსებობს, დამატებითი დოკუმენტის შექმნა ვერაფერს უშველის. თუ უნდათ, ვიღაცას სანქციები დაუწესონ, ეს სხვა თემაა, მაგრამ რეალურად შიდა პარტიული დოკუმენტის შემუშავებით პარტიას ვერ უშველიან“.