საქართველოს მთავრობა ფინანსთა სამინისტროსთან ერთად სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას იწყებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რეფორმა გულისხმობს ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის ფაქტობრივად, ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას. მისივე შეფასებით, მაკროეკონიმიკური პერსპექტივის გადასახედიდან, ახალგაზრდა მეწარმეები და სტარტაპერები ნებისმიერი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა არიან. როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ის საპროცენტო განაკვეთები, რაც ჩვენს სისტემაშია, ფაქტობრივად, არ იძლევა ბიზნესის დაწყების შანსს.
ამასთან, ფინანსთა მინისტრი საბანკო სისტემას საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებს, როგორც მამუკა ბახტაძე აცხადებს, იდეები ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება იმ მიზეზის გამო, რომ სასტარტო კაპიტალზე წვდომა არის გართულებული.
ცნობისათვის - ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საფინანსო სექტორმა მთავრობისგან მწვავე დარტყმა მიიღო. თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ თუკი სამომავლოდ ეკონომიკაზე ბანკების გავლენა შემცირდება, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, საბანკო სექტორი არის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი სექტორი, ამ სექტორის წარმომადგენლები არიან წარმოდგენილები მსოფლიოს წამყვან საფონდო ბირჟებზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვა სექტორებშიც იყოს სწრაფი ზრდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბაზარზე მხოლოდ 300 კომპანიაა, საიდანაც ბიუჯეტი ივსება.
„ჩვენი სასტარტო კაპიტალის რეფორმის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობდეს არანაირი წინაღობა იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანი პროექტები და იდეები განხორციელდეს ჩვენს ეკონომიკაში. შესაბამისად, ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად, შევიმუშავებთ ისეთი თამაშის წესებს, ისეთ ფინანსურ მექანიზმებს, რომელიც ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და სტარტაპ ბიზნესის განვითარებას“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, რომელიც სისტემის რეფორმირებით სიღარიბის დამარცხებას აპირებს.
პარლამენტის წევრი, კახა ოქრიაშვილი თვლის, რომ საბანკო სისტემა, რომელიც დღეს, ძირითადად, ორი ბანკით არის წარმოდგენილი, გახლავთ ჩვენი ბიზნესის გაღარიბებისა და მოსახლების გაღატაკების მთავარი ფაქტორი. ოქრიაშვილი სრულად ეთანხმება „დასმულ დიაგნოზს“ და ამბობს, რომ შექმნილი მდგომარეობა იწვევს ქვეყნის სტაგნაციას და უკვე იქცა ჩვენი ეკონომიკის მუხრუჭად.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე თვლის, რომ ბახტაძეს და ხელისუფლებას ეს განცხადება უკან ცუდად დაუბრუნდება. გოცირიძის შეფასებით, არსებული საბანკო მონსტრის სისტემა ამ ხელისუფლების შექმნილია და ახლა მიხვდნენ, რომ დიდი შეცდომა დაუშვეს.
„მთელი საბიუჯეტო ნაშთები კომერციულ ბანკებში დეპოზიტების სახით ინახება და რეალურად, საკრედიტო რესურსებს პრობლემებს უქმნის“,- მიიჩნევს გოცირიძე.
მისი შეფასებით, როდესაც საბანკო სისტემა დახურულია, მრავალი უარყოფითი მხარე მოჰყვება, მათ შორის, ყველაზე ძვირი სესხები.
„მთავრობას ორი კურდღლის დაჭერა უნდოდა. ერთი - ბანკების კრიტიკით ხალხისთვის ესიამოვნებინა და მეორე - ვითომ ხალხს იაფ ფულს მისცემენ და ასე დაეხმარებიან. ესეც მორიგი უაზრო ფულის ფლანგვაა, ისე, როგორც სოფლის მეურნეობაში ჩაყრილი მილიონები - რეალურად ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვის გამართლება ამ ხერხით უნდათ. არადა სინამდვილეში მათ ეს ყველაფერი ახლობლებს და ნათესავებს მოახმარეს. ყველაფერი ეს პოპულისტური საარჩევნო ხრიკია. რა თქმა უნდა, რომ ბახტაძემ ეს განცხადება ივანიშვილის დავალებით გააკეთა“, - აცხადებს გოცირიძე.
დეპუტატი თვლის, რომ ივანიშვილმა კვირიკაშვილს ხელ-ფეხი შეუკრა გახარიასა და ბახტაძის დანიშვნით.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის თავმდჯომარე, რომან კაკულია განმარტავს, რომ მამუკა ბახტაძის ინიციატივა არ ნიშნავს ბანკებთან ბრძოლას.
„თუ აღნიშნულ ინიციატივას შევავსებთ მთავრობის მხრიდან ორი მნიშვნლოვანი ფაქტორით, კერძოდ მკაფიოდ განსაზღვრული ფარდობითი უპირატესობების, კვლევებით რეგიონების დონეზე, ანუ განისაზღვროს რაში უნდა ჩაიდოს ფული. ასევე მნიშვნელოვანია ტრენინგები და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები, რაც კონკრეტულ ადამიანებს დაეხმარება. საბოლოოდ, ეს არის გამოსავალი და შედეგად ასეთ ადამიანებს გაეზრდებათ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა“, - აცხადებს რომან კაკულია.
კაკულია თვლის, რომ ბანკების პრობლემა ბიზნესთან კონკურენციაა და მამუკა ბახტაძის მიერ დაანონსებული ინიციატივა მის მოგვარებას გულისხმობს.
„რაც შეეხება არაპროფილურ აქტივებს, ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს საკმაოდ კარგი ინიციტივები აქვს და უკვე გარკვეული ბანიჯები გადაიდგა კიდეც. მივიღეთ შესაბამისი კანონმდებლობა და მნიშვნელოვანია, ჩვენთან ერთად ბანკირებმა და ბანკებმაც გააცნობიერონ, რომ არაპროფილური აქტივებით საქმიანობა საზიანოა ისევ მათთვის, მათივე კონკურენტუნარიანობისთვის. უმჯობესია, მხოლოდ საბანკო საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი“, - განმარტავს კაკულია.
„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე თვლის, რომ საბანკო სისტემა არა საინვესტიციო ინსტრუმენტი, არამედ, საკრედიტო ინსტიტუტია და ნუ მოვთხოვთ მას ყველაფრის დაფინანსებას, ასევე, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაკეთდა მსგავსი განცხადება.
ხაზარაძის განმარტებით, ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე გადადის ქართულ საბანკო სისტემაზე, რომელიც არის ქართული ეკონომიკის 60%-ის დამფინანსებელი.
ოპონენტებისგან განსხვავებით, ხაზარაძე თვლის, რომ რეგიონში ქართულ საბანკო სისტემას აქვს ყველაზე დაბალი განაკვეთი რომელსაც იძლევა კორპორაციებზე. თუმცა, მისივე თქმით, სამწუხაროა ის, ფაქტი რომ ეკონომიკის დამფინანსებელი არის მარტო ქართული საბანკო სისტემა და არ არსებობს ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმები, კაპიტალური ბაზარი, საფონდო ბირჟა, ფონდები, ვენჩურ კაპიტალი, რომელიც იმედია შეიქმნება იმ რეფორმების შესაბამისად, რომელიც მიმდინარეობს.
კულუარული ინფორმაციით, საბანკო სექტორზე დარტყმა იმ შიდა ბრძოლების გამოძახილია, რომელიც გავლენების დასაბალანსებლად მიმდინარეობს. თავის დროზე წახალისებული სექტორი გავლენის იარაღად რომ არ იქცეს, მისი კალაპოტში ჩასმა გახდა საჭირო - მსგავსი სვლები მოსალოდნელიც იყო, თუმცა სამწუხარო რეალობაა, რომ ბიზნესისა და პოლიტიკის გამყოფი ხაზები ვერც ამ ხელისუფლების პირობებში შეიქმნა და მსგავსი პერსპექტივის კონტურები კვლავ საკმაოდ ბუნდოვანია.