ენერგობაზარი ცვლილებების მოლოდინშია. მომხმარებლებს გაზის მიმწოდებლის არჩევის საშუალება ექნებათ. ეს დაახლოებით 2 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის და იგივე პროცესები უნდა დაიწყოს ელექტროენერგიის დესტრიბუციაშიც.
ბუნებრივი გაზის სექტორში დაწყებული რეფორმები მალე უნდა დასრულდეს, რითაც საქართველო ევროკავშირის მოდელს დავუახლოვდება.
„რეფორმები სიკეთეს მოუტანს თანაბრად როგორც ბიზნეს სექტორს, ასევე მოსახლეობას. პროცესი წარმოადგენს ჩვენი ბუნებრივი გაზის სექტორის მოდერნიზების და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების საშუალებას და უფრო დაგვაახლოვებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული ენერგეტიკული გაერთიანების პროტოკოლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, შემდგომი ორი წლის განმავლობაში, ბუნებრივი გაზის სექტორში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დააახლოებაზე. ეს მოიაზრებს ბუნებრივი გაზის სექტორის რესტრუქტურიზაციას და კონკურენციისთვის გახსნას, ასევე მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი სარგებელის უზრუნველყოფას.
„გაზის მომხმარებლებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ ბუნებრივი გაზის ბაზრის რეფორმები მათ სიცივეში დატოვებს, პირიქით, ენერგეტიკული პაკეტი უზრუნველყოფს კონკრეტული ნორმების შემუშავებას სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაცავად, ასევე ბუნებრივი გაზის მიწოდების გასაუმჯობესებლად და იძლევა მიმწოდებლის გამოცვლის მარტივი წესის დანერგვის გზით, გაზის მიმწოდებლის არჩევის საშუალებას. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ჩვენ შევძლებთ შევიმუშავოთ სტაბილური, გამჭვირვალე სამართლებრივი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციებს და მთავარ ამოსავალ წერტილად დაისახავს ენერგომომხმარებლებს“, - განაცხადა ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა იანეს კოპაჩმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ამბობს, რომ ევროკავშირი კვლავაც მზადაა მხარდაჭერა გაუწიოს მთავრობას. გაზის სექტორში მართლაც არის გამოწვევა და საჭიროა ეს ყველაფერი შეიცვალოს, რაც ქვეყანის ეკონომიკური განვითარებისთვის და თითოეული მოქალაქისთვის უკეთესი იქნება.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ევროპაში ენერგეტიკული რესურსების არჩევანის უფლება 15 წელზეა მეტია დანერგილია. ამ მოდელის ამოქმედება ჯერ კიდევ 2000-იან წლებში მოხდა. არა მხოლოდ მსხვილი კომპანიები, მოსახლეობაც დამოუკიდებლად აკეთებს არჩევანს 2002 წლიდან, თუ ვისგან შეიძინოს ელექტროენერგია. იგიგვე ხდება გაზის სექტორშიც 2007 წლიდან ევროპელ მომხმარებელს საშუალება აქვს დამოუკიდებლად აირჩიოს გაზის მომწოდებელი კომპანია.
„შეიძლება ითქვას იქ მომხმარებლის დიქტატია, ჩვენთან მწარმოებლისა და მარეგულირებლის, რომელიც მხარს უჭერს მწარმოებელს და მის მხარესაა. ყველა ქვეყანაში დისტრიბუციის ქსელის წილი საკმაოდ მაღალია, 50-55 პროცენტის ფარგლებშია საცალო ფასში მისი წილი. მეორე საკითხია, სწორია თუ არა ასეთი მიდგომა. ამდენად, ჩვენს ენერგეტიკოსებსა და დისტრიბუტორებს ახალი არაფერი გამოუგონებიათ, ისინი სარგებლობენ არსებული წესებით. მაგრამ ჩვენ ჩამორთმეული გვაქვს ის უფლება, რაც სხვა ქვეყნებში უკვე მიღწეულია - არჩევის თავისუფლება.
ჩვენ არ შეგვიძლია, ავირჩიოთ ის ენერგოკომპანია, რომელიც მოგვაწვდის ელექტროენერგიას. მაგალითად, საქართველოში სულ ორი ენეგროკომპანიაა: „ენერგოპროჯორჯია“ და „თელასი“ და რომც მოვინდომოთ კიდეც, თუ ინდივიდუალური ან მიკროჰესი არ იქნა, სხვა წყაროდან ელექტროენერგიას ვერ მივიღებთ“, - აცხადებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ გაზთან ერთად, აუცილებელია ელექტროენერგიის მომწოდებლის არჩევის თავისუფლებაც.