„მოემზადე, რუსეთო, რაკეტები წამოვა!“

„მოემზადე, რუსეთო, რაკეტები წამოვა!“

მიაღწია თუ არა მსოფლიოში შექმნილმა დაძაბულობამ კულმინაციას, ძნელი სათქმელია, თუმცა, ცივი ომის რიტორიკა ასე მწვავე არასდროს ყოფილა.

9 აპრილს, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში, ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე 48 საათის განმავლობაში სერიოზულ პასუხს გასცემს ასადის რეჟიმს.

საპასუხოდ, ლიბანში, რუსეთის ელჩმა, ალექსანდრე ზასიპკინმა აღნიშნა, რომ რუსეთი სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებს და დაარტყამს იმ წერტილებს, საიდანაც ეს რაკეტები იქნება გამოშვებული, რასაც ამერიკის პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა.

„რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა - მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ აშშ-ს რაკეტები მიმართული უნდა იყოს სირიაში ტერორისტებზე და არა იმ ქვეყნის მთავრობაზე, რომელიც ტერორიზმს ებრძვის.

„ჭკვიანი“ რაკეტები ტერორისტების მიმართულებით უნდა მიფრინავდნენ და არა კანონიერი მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე წელია საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის საკუთარ ტერიტორიაზე“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.

როგორც ქვეყნის ლიდერთა განცხადებებიდან ჩანს, რუსეთის და ამერიკის გარდა სირიის კონფლიქტში ჩაერთვება დასავლეთიც და აღმოსავლეთიც.

როგორც რუსული მხარე აცხადებს, მას აშფოთებს მსოფლიოში საქმის ვითარება, რადგან მდგომარეობა სულ უფრო ქაოტური ხდება, როგორც რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რუსეთი იმედოვნებს, რომ ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს, მთელი მსოფლიო სისტემა დასტაბილურდება და პროგნოზირებადი გახდება.

ამასთან პუტინი აღნიშნავს, რომ რუსეთი კვლავაც თანმიმდევრულად გამოვა გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გასაძლიერებლად და მომავალში კვლავაც მკაცრად სრულიად დაიცავს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს.

კრემლი ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას არასერიოზულად აღიქვამს.

„ჩვენ არ ვართ „ტვიტერ-დიპლომატიის“ მონაწილეები. ჩვენ სერიოზულ მიდგომებს ვემხრობით. კვლავაც მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია არ გადაიდგას ნაბიჯები, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ისედაც ფაქიზი ვითარება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ჯეიმს მატისის განცხადებით, პენტაგონი უკვე მზადაა სირიაზე დარტყმისთვის ვარიანტების წარმოსადგენად, სავარაუდო ქიმიურ დარტყმაზე საპასუხოდ, მაგრამ, მისივე თქმით, აშშ და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ აგროვებენ ინფორმაციას.

„ჩვენ ჯერ კიდევ ვაფასებთ დაზვერვას, საკუთარ თავს და ჩვენს მოკავშირეებს. ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამაზე“, - აღნიშნა მატისმა ჟურნალისტების კითხვაზე - ნახა თუ არა საკმარისი მტკიცებულებები პრეზიდენტ ასადის დასადანაშაულებლად  სავარაუდო ქიმიურ თავდასხმაზე.

სამაგიეროდ, რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის შენაერთები და დაზვერვა სრულ მზადყოფნაშია - დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ვლადიმირ შამანოვის განცხადებით, მზადყოფნა აშშ-ის მხრიდან სირიაში მოსალოდნელ იერიშს უკავშირდება.