[თეონა ხარაბაძე]
ნაციონალები საპატრიარქოს უკვე ღიად დაუპირისპირდნენ. რატომ გაკეთდა ეს მაინცდამაინც ახლა, ძნელი სათქმელია. მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი კარგად ჰქონდა გათვლილი. ყოველ შემთხვევაში, კანონპროექტი, რომელიც საქართველოში არსებული რელიგიებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს, მოულოდნელად იქნა ინიცრებული და ძალზე დაჩქარებული წესით განიხილეს. რაც მთავარია, საპატრიარქოს არც ერთი შენიშვნა არ იქნა გათვალისწინებული.
საუბარია საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების, ლაშა თორდიას, ჩიორა თაქთაქიშვილის და ნუგზარ წიკლაურის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც „სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
ცვლილებების თანახმად, საქართველოსთან ისტორიულ ურთიერთობაში მყოფ და ევროსაბჭოს ქვეყნებში რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭებათ.
კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების უფლება ხუთ რელიგიურ კონფესიას: რომაულ კათოლიკურ ეკლესიას, სომხურ სამოციქულო ეკლესიას, მუსლიმანთა თემს, იუდეველთა თემს და საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას ენიჭებოდა.
პარლამენტში მეორე მოსმენისათვის წარმოდგენილ კანონპროექტში ასეთი ჩამონათვალი აღარ არსებობდა და მასში ჩაიწერა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაარეგისტრიროს საქართველოსთან ისტორიული კავშირის მქონე რელიგიური გაერთიანებები, ან ის რელიგიური გაერთიანებები, რომლებიც ასეთი სტატუსით ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში სარგებლობენ.
მეორე მოსმენისათვის წარმოდგენილ კანონპროექტში კიდევ ერთი ცვლილება აღმოჩნდა. კერძოდ, რელიგიურ გაერთიანებებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირების უფლების მინიჭების მიუხედავად, სურვილის შემთხვევაში, კერძო სამართლის - არასამაწარმეო (არაკომერციულ) სუბიექტებად დარეგისტირების უფლება არ ეზღუდებათ.
ამასთან, საჯარო სამართლის იურიდული პირის ფორმით რეგისტრირებული რელიგიური გაერთიანებების მიმართ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონი არ გავრცელდება.
კანონპროექტი პარლამენტში ხუთშაბათს, 30 ივნისს დარეგისტრირდა და პარასკევს, 1 ივლისს რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით იქნა მიღებული.
ამ რამდენიმე დღის განმავლობაში კი, ამ კანონპროექტის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟი ატყდა, რადგან საზოგადოების დიდ ნაწილს სჯერა, რომ ამით მართლმადიდებლობის როლის დაკნინება ხდება.
მართალია, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ცვლილება რელიგიური კონფესიებისთვის მხოლოდ იურიდიული სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს და ამით მართლმადიდებელ რელიგიას არანაირი საფრთხე არ ექმნება, მაგრამ თავად იმ ფაქტმა, რომ კანონპროექტი ძალზე დაჩქარებული წესით, ყოველგარი ახსნა-განმარტებების გარეშე იქნა მიღებული, ძალზე ბევრი კითხვა გააჩინა. ეს კითხვები კი ბოლო დღეების განმავლობაში საპარტრიარქოს მხრიდან გაკეთებულმა მოწოდებამაც გააძლიერა, სადაც ხელისუფლებას სთხოვდნენ, რომ აღნიშნული საკითხი შესწავლის გარეშე არ ყოფილიყო მიღებული.
გუშინ დღის განმავლობაში იყო მოლოდინი, რომ ხელისუფლება საპატრიარქოს ამ მოწოდებას გაიზიარებდა, მაგრამ საბოლოოდ შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს.
ხელისუფლება მხოლოდ იმის ვალდებულებას იღებს, რომ შესაბამის ქვეყნებთან ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დაცვასა და სტატუსის შესახებ მოლაპარაკებები აწარმოოს.
ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა საპატრიარქოში რელიგიური გაერთიანების სტატუსის შესახებ კონსულტაციები გამართა.
მანამდე კი სესიაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, ლაშა თორდიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა: „კონსულტაციების შედეგად გადაწყდა - კოდექსში ხაზგასმით ჩაიწერება, რომ კონსტიტუციით შეთანხმება მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საქართველოს სამოციქულო მართმადიდებლურ ეკლესიას ეხება“.
თორდიას თქმით, ასევე კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკებები შესაბამის სახელმწიფოსთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, ასევე სხვა საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვალა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე. აგრეთვე - შესაბამის სახელმწიფოსთან საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიის სტატუსთან დაკავშირებით.
ამასთან, საქართველოს პარლამენტი თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს ცვლილებების მომზადებას შესაბამის კანონში, რომლითაც განისაზღვრება ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული მართლმადიდებლური ტაძრების დაცვის დამატებითი ღონისძიებები.
ეს არის ის საკითხები, რაც საპატრიარქოსთან დაჩქარებული წესით შეთანხმდა. მაგრამ, როგორც საბოლოოდ გაირკვა, პარლამენტმა მაინც ისეთი ცვლილება დააკანონა, რომელიც საპარტრიარქოსთვის მიუღებელი იყო.
როგორც კენჭიყრის შემდეგ პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „საქართველოს საპატრიარქოსთვის სახელმწიფო მხრიდან ვალდებულებების აღების საკითხი მნიშვნელოვანი არ აღმოჩნდა”.
„დეტალებზე არ მინდა საუბარი, თუმცა საპატრიარქო ითხოვდა, რომ რელიგიურ გაერთიანებებს, რომელთაც საჯარო სამართლის იურიდიული პირად დარეგისტრირების უფლება მიეცემოდათ მათი ჩამონათვალი მაქსიმალურად მცირე ყოფილიყო. ეს არის დისკრიმინაციული მიდგომა, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით“, - აღნიშნა კუბლაშვილმა.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განმარტებით, მათი მხრიდან საპატრიარქოს შეთავაზეს, რომ სახელმწიფო უცხო ქვეყნებში საკუთარ თავზე აიღებდა ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, ასევე სხვა საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვალა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე მოლაპარაკების, ასევე შესაბამის სახელმწიფოსთან საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს.
ასევე პარლამენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ეკლესიების დაცვაზე დამატებით საკანონმდებლო ცვლილებებს განახორციელდებდა.
აღსანიშნავია, რომ ეს კანონპროექტი დაჩქარებული წესით იხილება და გარკვეული გაუგებრობა ამანაც გამოიწვია.
კანონპროექტი პირველი მოსმენით, პარასკევს, რიგგარეშე სესიაზე დაჩქარებული წესით იქნა მიღებული და მაშინვე ითქვა, რომ ეს საკითხი განსაჯას საჭიროებს და ამისთვის გარკვეული დრო იყო საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოს მხრიდანაც იყო თხოვნა, საკითხი დაჩქარებულად არ განხილულიყო, პარლამენტმა გუშინ მაინც, მეორე და მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით განიხილა.
საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კი ის არგუმენტი დასახელდა, რომ საკითხის გადადება საჭირო არ იყო. საკითხის გადადების მოთხოვნით ჯონდი ბაღათურია, ლევან ვეფხვაძე და გურამ ჩახვაძე გამოვიდნენ.
„ეკლესიამ გუშინ მოგვიწოდა, რომ გადავდოთ ამ საკითხის განხილვა. ამასთან, საჭიროა კონსულტაციები როგორც საპატრიარქოსთან, ასევე იმ რელიგიური გაერთიანებებთან, რომლებსაც ეს ცვლილება შეეხებათ. ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, შემოგვაქვს აღიარებული რელიგიების ცნება, რომელიც შემოტანილ რედაქციაში ნათლად არ არის განმარტებული. შესასწავლია აღიარებული რელიგიების შესახებ საერთაშორისო პრაქტიკა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
გურამ ჩახვაძემ კი კოლეგებს მოუწოდა, პატივი სცენ საპატრიარქოს განცხადებას და შეაჩერონ ცვლილების მიღება.
„გვაქვს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება. ამ საკითხზე მსჯელობაა საჭირო, ამას საზოგადოება ელოდება. ერთადერთო მიზეზი, რატომაც ვითხოვ გადადებას, არის საპატრიარქოს თხოვნა. გთხოვთ, ანგარიში გავუწიოთ ამ თხოვნას და ეს საკითხი გადავდოთ. გასაგებია, რომ ვსაუბრობთ მეზობელ და სხვა კონფესიებზე, გვინდა, რომ დავადასტუროთ მათ მიმართ პატივისცემა, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, თუ პატივი არ ვეცით იმ ეკლესიას, რომლის შვილებიც ვართ“, - განაცხადა გურამ ჩახვაძე.
პასუხად კი პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ რელიგიური გაერთიანებების სტატუსის საკითხი წლების გამავლობაში საჭიროებდა მოგვარებას და ამ საკითხის განხილვის გადადება საჭირო არ არის.
„ჩვენ კონსულტაციები გავიარეთ ყველა დაინტერესებულ პირთან, მათ შორის - საპატრიარქოსთან. საკითხი განსახილველად მზად არის და არ არსებობს მისი გადადების აუცილებლობა“, - განაცხადა კუბლაშვილმა.
გოკა გაბაშვილის განცხადებით კი, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას განსაკუთრებული სტატუსი აქვს, რაც განსაზღვრულია კონკორდატით და გამაგრებულია კონსტიტუციით.
„რაც შეეხება სამართლებრივ-ისტორიულ ფორმას, ამას არანაირი შეხება არა აქვს საპატრიარქოსთან, აქ საუბარია სხვა რელიგიურ გაერთიანებებზე და მათთვის სამართლებრივი ფორმის მოფიქრებაზე და შეთავაზებაზე, რომ მათი დარეგისტრირდება მოხდეს“, - აღნიშნა გაბაშვილმა.
ამასთან, მან სახალხო დამცველის რეკომენდაციები დაასახელა, რამაც ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია.
როგორც გაბაშვილმა განაცხადა, სახალხო დამცველის ანგარიშში წლების განმავლობაში ხვდება ეს საკითხი, რომ სხვა რელიგიებთანაც უნდა გაფორმდეს ისეთი ხელშეკრულება, რაც მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არის გაფორმებულიო. ამასთან, მან ისიც აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მაგრამ მათთვის იურიდიული სტატუსის მინიჭება აუცილებელია.
გაბაშვილის ამ განცხადებას კი ჯონდი ბაღათურიას პროტესტი მოჰყვა.
„სახალხო დამცველს ძალიან ბევრი სხვა რეკომენდაციაც აქვს მოცემული და მაინტერესებს, რატომ იმ რეკომენდაციებს არ ასრულებთ? ეს არის სწორედ ორმაგი მიდგომა“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
უმრავლესობის არგუმენტი კი ის იყო, რომ ოპოზიციის მხრიდან ვერ მოისმინა არგუმენტი, თუ კონკრეტელად რა არ მოსწონდათ და მხოლოდ იმის გამო, რომ საკითხის განხილვა არ უნდოდათ, ვერ გადადებდნენ.
ამასთან, როგორც კუბლაშვილი აცხადებდა, ხელისუფლებამ საკითხის სესიაზე გამოტანამდე კონსულტაციები საპატრიარქოსთან გაიარა და საკითხები შეთანხმდა.
კონსულტაციების გამართვა საპატრიარქოშიც დაადასტურეს. თუმცა, მათ შეთანხმებაზე არაფერი უთქვამთ.
„ჩვენ მოვითხოვეთ სამი პუნქტის დამატება. აღნიშნულ საკითხზე ერთ კონსულტაციას კიდევ გავმართავთ და საბოლოო პასუხი დაახლოებით ერთ საათში გვეცოდინება“, - აღნიშნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ „ჯი-ეიჩ-ენ“-თან საუბრისას გუშინ იმ დროს, როდესაც საკითხი მეორე მოსმენით უკვე მიღებული იყო და მესამე მოსმენისთვის მზადება მიმდინარეობდა.
მამა გიორგიმ თავი შეიკავა იმ სამი პუნქტის დასახელებისგან, რომელთა დამატებასაც საქართველოს საპტრიარქო ითხოვს სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით.
საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ხელისუფლებას და საპატრიარქოს შორის შეთანხმება ვერ შედგა. სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საქართველოსთან ისტორიულ ურთიერთობაში მყოფ და ევროსაბჭოს ქვეყნებში რეგისტრირებულ რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭებათ.
რატომ გახდა ამ კანონპროექტის ასე ნაჩქარევი განხილვა საჭირო, არავინ იცის. თუმცა, საარჩევნოდ მაინც გამოჩნდება. მაგრამ მთავარი ის არის, რომ კანონპროექტი შემუშავებულიც კი არ იყო და ტექსტს მთელი დღის განმავლობაში უშუალოდ სესიაზე წერდნენ, რაც, ცხადია, რეგლამენტის დარღვევაა. მაგრამ ამით არავინ შეწუხებულა.
ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით, ასევე დაჩქარებული წესით, 1 ივლისს მიიღეს. შენიშვნები მაშინვე გამოითქვა და ისიც ითქვა, რომ ამ კანონპროექტის ასე ნაჩქარევად მიღება საჭირო არ იყო, მაგრამ ხელისუფლებისთვის ეს არგუმენტი, როგორც წესი, მისაღები არ აღმოჩნდა. თუმცა, კანონპროექტს დერეფნებში რომ ასწორებდნენ, ფაქტია.
სესიის დაწყებამდე ერთი საათით ადრე იურიდიული კომიტეტის სხდომა იყო დანიშნული და ეს კანონპროექტი მეორე მოსმენით უნდა განეხილათ.
შეგახსენებთ, რომ მეორე მოსმენით ხდება მუხლობრივი განხილვა და კანონპროექტის მიღების პროცედურაში ყველაზე მნიშვნელოვან საფეხურად სწორედ მეორე მოსმენა მიიჩნევა.
კომიტეტის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე ჟურნალისტი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კახა ანჯაფარიძესთან და საია-ს საპარლამენტო მდივანთან, თათული თოდუასთან ერთად ვსაუბრობდით იმ საკითხზე, რომ კანონპროექტის გარკვეული მუხლები დისკრიმინაციული იყო.
ეს ეხება კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტის იმ მუხლს, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს მხოლოდ ხუთი კონფესია მიიღებდა.
საია-ს წარმომადგენელმაც აღნიშნა, რომ ეს მუხლი აშკარად დისკრიმინაციულია და ყველა იმ კონვენციას ეწინააღმდეგება, რაზეც საქართველოს ხელი აქვს მოწერილი ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ და დასძინა, რომ მისი ორგანიზაცია ამ საკითხს კომიტეტის სხდომაზე აუცილებლად დააყენებდა.
ანჯაფარიძემ ეს რომ მოისმინა, ჯერ საია-ს წარმომადგენელს დაეთანხმა, მერე თქვა, კომიტეტის სხდომა ნახევარი საათით გვიან დაიწყებაო და გაუჩინარდა. კომიტეტის სხდომაზე კი, როდესაც თათული თოდუამ ეს საკითხი დააყენა, კანონპროექტის ავტორმა ლაშა თორდიამ განაცხადა, ეტყობა, თქვენ კანონპროექტის ჩასწორებული ვარიანტი არ გინახავთ, ეს მუხლი საერთოდ ამოღებულია და არ მესმის, რას აპროტესტებთო.
ოპოზიცია კი საკითხის გადადებას ითხოვდა და მათ ეს საკითხი ჯერ კომიტეტის სხდომაზე დააყენეს, შემდეგ ბიუროს სხდომაზე და ბოლოს სესიაზე. ისინი პარტრიარქის მიმართვასაც იშველიებდნენ, სადაც ნათქვამია, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუკი საკითხის გადადება მოხდებოდა და გადაწყვეტილება საფუძვლიანი განხილვის შემდეგ იქნებოდა მიღებული.
საკითხის განხილვის გადადება რამდენჯერმე მოითხოვეს ქრისტიან-დემოკრატებმაც და უშედეგო თხოვნის შემდეგ განაცხადეს, რომ ისინი განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.
მაგრამ ხელისუფლებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციის ეს მოთხოვნა არ გაიზიარა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხელისუფლება გუშინ საკმაოდ დაძაბული იყო. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, მიხეილ მაჭავარიანი, რომელიც გუშინდელ სხდომას თავმჯდომარეობდა, იმდენად დაბნეული იყო, რომ პროცედურაც კი შეეშალა და რეგისტრაციის გარეშე დაიწყო სხდომა, რაც რეგლამენტის დარღვევაა. არადა, ეს მაჭავარიანისგან საკმაოდ უჩვეულოა.
ფაქტია, რომ ეს კანონპროექტი საკმაოდ უჩვეულო ვითარებაში იქნა მიღებული და არსებულ ეჭვებს ეს ფაქტი კიდევ უფრო ამძაფრებს. რაში სჭირდებოდა ხელისუფლებას ამ კანონპროექტის ასე ნაჩქარევად მიღება, მით უმეტეს, თუ ეს ცვლილება რელიგიური კონფესიებისთვის მხოლოდ იურიდიული სტატუისის მინიჭებას ითვალისწინებს და ღირდა თუ არა ეს საპარტრიარქოსთან დასაპირისპირებლად, ეს უკვე უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.
ერთი რამ ფაქტია - თემამ საზოგადოება საკმაოდ ააღელვა. ეს კი საბოლოოდ რა ფორმას მიიღებს, არავინ იცის.