[ნინო მიქიაშვილი]
რელიგიური ორგანიზაციებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ, დღეს, 5 ივლისს მიღებული კანონის გამო, მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე პასუხისმგებლობას საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას აკისრებს.
საქართველოს საპატრიარქოს სახელით განცხადება თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ 4 ივლისს გაკეთებული განცხადების შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები თავისი ინიციატივით მოვიდნენ, რათა პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის შეცვილილი ვარიანტი შემოეთავაზებინათ, სადაც კვლავ უპირობოდ იყო დაფიქსირებული რელიგიური გაერთიანებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირად აღიარების საკითხი.
საპატრიარქო კვლავ აყენებდა წინადადებას, კანონის მიღების პროცესის შეჩერების, მისი საჯარო განხილვისა და საზოგადოებრივი აზრის კონსენსუსის მიღწევის თაობაზე. შემდეგ კი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით კომპრომისული ვარიანტიც შესთავაზა.
შეთანხმება ვერ შედგა, რაც მეტად სამწუხაროა, რადგან აწ უკვე მიღებული კანონი ეწინააღმდეგება, როგორც ეკლესიის, ისე ქვეყნის ინტერესებს.
ვფიქრობთ, ეს კანონი თავის უარყოფით შედეგებს ახლო მომავალშივე გამოიღებს, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედი რელიგიებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შესახებ კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით 1 ივლისს მიიღო; 5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში მეორე მოსმენით უყარა კენჭი, ხოლო დაახლოებით საღამოს რვის ნახევარზე ერთხმად დაამტკიცა - ამ კანონის მიღებას უმრავლესობის 70-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი; წინაარმდეგი არც ერთი წასულა.
საპარლამენტო ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიუღია, რადგან ისინი 4 ივლისს, პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადების გათვალისწინებას ითხოვდნენ, რომლითაც მისი უწმინდესობა კანონპროექტის განხილვის შეჩერებას მოითხოვდა.