„პრემიერის საჯარო განცხადებას აფხაზური მხრიდან კედლის აშენება რომ მოჰყვებოდა, ამას რა გათვლა სჭირდებოდა?“

„პრემიერის საჯარო განცხადებას აფხაზური მხრიდან კედლის აშენება რომ მოჰყვებოდა, ამას რა გათვლა სჭირდებოდა?“

პრემიერის შეთავაზება ახალი სამშვიდობო ინიციატივის შესახებ საოკუპაციო რეჟიმმა არ მიიღო. „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რაც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოებას, ასევე, ხარისხიანი განათლების მიღებას და ევროინტეგრაციის გზაზე არსებული სიკეთით წვდომას გულისხმობს, დე ფაქტო აფხაზეთის რეჟიმისთვის უინტერესო აღმოჩნდა.

„ერთადერთი ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაა“, - ასეთია საოკუპაციო რეჟიმის შემონათვალი პრემიერის მიმართ.

სამაგიეროდ, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მხარს ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს. აღნიშნული შეთავაზებით კმაყოფილია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინიც.

ის, რომ დე ფაქტო რეჟიმი პრემიერის ამ ინიაციატივას ფორმალურად დაიწუნებდა, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელ კახა გოგოლაშვილს არ უკვირს. For.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ პრემიერის შეთავაზება გულუბრყვილო ნამდვილად არ არის და, რა თქმა უნდა, აფხაზებისგან ამ ეტაპზე ზუსტად ასეთ პასუხს მივიღებდით. თუმცა მთავარია, რომ ჩვენ ახლა გეგმა გვაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობა ამ გეგმას მხარს უჭერს და ეს არის საშუალება, აფხაზებსა და ოსებს რეალურზე დაველაპარაკოთ. შეიძლება, ისინი ყველაფერზე ერთად ვერ დავითანხმოთ, მაგრამ რაღაც-რაღაც საკითხებზე ნელ-ნელა მოლაპარაკება შეიძლება.

ეს შეთავაზებები უნდა განხორციელებულიყო თუ არა ფარულად? ამის თაობაზე კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ეს ძნელია სათქმელია, მაგრამ ფარულად რაღაც კომუნიკაცია და კავშირები ქართულ მხარეს აფხაზებთანაც აქვს და ოსებთანაც.

„აფხაზურ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია ამ შეთავაზების შესახებ, თუმცა მთლიანი გეგმის შესახებ რამდენად იცოდნენ, ეს აღარ ვიცი. ფაქტია, ისინი ელოდნენ, რომ საქართველოს მხარე რაღაცას შესთავაზებდა. აფხაზებისგან გაცხადებული პასუხი სულაც არ ნიშნავს უარს. უბრალოდ, მათ სიტუაცია გამოიყენეს თავიანთი პოლიტიკური განცხადებისთვის, მაგრამ ეს არის გზა იმისთვის, რომ დე ფაქტო ტერიტორიაზე მცხოვრებლებს უფრო დეტალურად ვესაუბროთ ჩვენი შეთავაზების შესახებ. ამ კონტექსტში შეიძლება ერგნეთის ბაზრობაც აღდგეს, ოღონდ სხვა ფორმით და არა ისეთი, როგორიც იყო. მთავარია, რომ გეგმა არსებობს, მის განხორციელებას ძალისხმევა და დიპლომატია სჭირდება. ასე მარტივი არ არის ამის გადაწყვეტა“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხდებს, რომ ამ ტიპის შეთავაზებები სწორი გზავნილია და კვირიკაშვილი სად იყო, როცა ასეთი იდეები იხილებოდა. კერძოდ, ინტეგრაციული პროცესები უნდა დაწყებულიყო, ჰუმანიტარული ურთიერთობებიც უნდა გაღრმავებულიყო. თუმცა ეს არ არის საჯარო დაანონსების საკითხი. ეს არის ძალიან დელიკატური თემა, რასაც კულისებში მუშაობა და ურთიერთობების გაღრმავება სჭირდება.

„პრემიერის საჯარო განცხადებას, იქითა მხრიდან რომ კედლის აშენება მოჰყვებოდა, ამას რა გათვლა უნდოდა? ამიტომ კვირიკაშვილის შეთავაზება წმინდა პოპულისტური, ერთჯერადი მოხმარებისთვის გამოსაყენებელი განცხადებაა საკუთარი ტყავის გადასარჩენად. ეტყობა, მასაც რაღაც პრობლემები აქვს და სურს, ილუზია დახატოს, თითქოს რაღაცას აკეთებს. არც შეიძლება, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანს არ ესმოდეს, რომ აფხაზური და ოსური ელიტა არ უნდა დაფრთხეს. შეიძლება, ეს ელიტა ჩვენს შეთავაზებებს გულში ეთანხმება კიდეც, მაგრამ, როდესაც ასეთი საჯარო განცხადებები კეთდება, ამას რუსებიც ისმენენ, სპეცსამსახურებიც და, ბუნებრივია, ყველაფერი გაკეთდება, რომ ჩანაფიქრი არ განხორციელდეს. რაც ჩუმად საკეთებელი საქმეა, იმის შესახებ საჯარო განცხადებები არ შეიძლება. სახალხო დიპლომატია, ეკონომიკური ინტეგრაციული პროცესები სასაზღვრო ზოლში, ეს ყველაფერი ხმაურის გარეშე უნდა ხორციელდებოდეს. მე ვფიქრობ, ბევრი აფხაზი პოლიტიკოსი წამოვიდოდა ასეთ ურთიერთობებზე“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

რაც შეეხება ერგნეთის ბაზრობას, ანალიტიკოსის აზრით, რაც თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლებამ გააკეთა, უდიდესი დანაშაული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ერგნეთის ბაზრობაზე კონტრაბანდაც შედიოდა და გარკვეული პრობლემებიც არსებობდა, ეს მაინც იყო მასშტაბური ინტეგრაციული პროცესი, რომელიც ქვეყნის გამთლიანებით დამთავრდებოდა, რადგან უკანა პლანზე გადადიოდა პოლიტიკა, ადამიანებს შორის ნდობა ისადგურებდა, ჭრილობები ხორცდებოდა, ხალხი ერთმანეთთნ თანამშრომლობდა, ფულს ატანდნენ ერთმანეთს. ანუ ქართველებისა და ოსების თანამშრომლობის ინტეგრაციული მინიმოდელი შეიქმნა და ვიღას ახსოვდა პოლიტიკა.