„კოლექტიურ მურუსიძეს იტანენ ყველგან და დავიჯერო, ნინია კაკაბაძე უფრო დიდი უბედურებაა“?!

„კოლექტიურ მურუსიძეს იტანენ ყველგან და დავიჯერო, ნინია კაკაბაძე უფრო დიდი უბედურებაა“?!

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო გუნდის ერთ-ერთმა წევრმა საკუთარი პროტესტი მოკლე განცხადებით გამოხატა და უმრავლესობის დატოვებაც გადაწყვიტა - ამ, ერთი შეხედვით ჩვეულებრივ და ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და განაწყენებული გედევან ფოფხაძის ნაცვლად ლამის, მთელი უმრავლესობა ალაპარაკდა. ზოგი თვლის, რომ შეიძლება, უმრავლესობა დატოვოს, მაგრამ პარტია - არა, ზოგი გაცხარებით ხსნის მის საქციელს, ზოგიც - აჩქარებით - რატომღაც ყველა ფოფხაძის ნათქვამის „გამოსწორებას“ ცდილობს - რითია მნიშვნელოვანი ეს პროცესი და რა აკლდება უმრავლესობას ერთი ან თუნდაც რამდენიმე წევრის გამოკლებით - მიმდინარე მოვლენებზე ექსპერტი, გია ხუხაშვილი გვესაუბრება.

გია ხუხაშვილი: მგონია, რომ ეს არის ერთი დიდი ფარსი - ნათქვამია - „ზოგი - თხისკენ, ზოგი -მგლისკენ“-ო, პარტია, რომელიც მურუსიძეს იტანს, ნინია კაკაბაძეს ვერ აიტანს? ზარდიაშვილი უზით პარლამენტში - წინა ხელისუფლების წარმომადგენელი თავისსავე ფრაქციაში და ამ ყველაფრის შემდეგ რა ნინია კაკაბაძეზე და შეთქმულების თეორიებზე ვლაპარაკობთ?!

მგონია, რომ გედევან ფოფხაძეს აქვს აბსოლუტურად სხვა მიზეზი, საბაბად გამოიყენა ნინია კაკაბაძე და ამოეფარა საპატრიარქოს - თანაც, ღრმადმორწმუნეობის გამოვლინებებიც არ მახსოვს მისი ბიოგრაფიიდან.

ერთ-ერთი სავარაუდო ვერსიაა, რომ ბორჯომში განვითარებული მოვლენების გამო იყო მის მიმართ გარკვეული პრეტენზიები გამოთქმული და ამის გამო ხდება ყველაფერი, თორემ ვის სჯერა, რომ ნინია კაკაბაძის გამოა ეს ყველაფერი? საერთოდაც იქნება თუ არა, გედევან ფოფხაძე უმრავლესობაში ამით არც არავის „სცხელა“ და არც „სცივა“ - რომელი დიდი პოლიტიკოსი მყავს?!

კოლექტიურ მურუსიძეს იტანენ ყველგან და დავიჯერო, ნინია კაკაბაძე უფრო დიდი უბედურებაა?!

თუ არ გავითვალისწინებთ კოალიციის დაშლას, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება მოვისმინეთ - როგორი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს?

- შეიძლება, ჰქონდეს გაგრძელება, შეიძლება - არა. „ქართული ოცნება“ როგორც პარტია ხომ არ არსებობს! ეს არის გარკვეული დაჯგუფება, რომელიც ზის ივანიშვილის რესურსებზე პარაზიტივით და იქიდან ჩამოსვლა არავის არ უნდა. მათ ხომ არც იდეოლოგია აერთიანებთ და არც საერთო ხედვები გააჩნიათ - ერთი აქვთ საერთო, როგორ გაახარონ თავისი პატარა ჭია ივანიშვილის რესურსებით, თუმცა ზოგიერთებს უფრო მეტი ამბიციაც გაუჩნდათ, ამიტომ, როდის რომელი ნაყოფი მოწყდება ამ ხეს, საერთოდ არ არის საინტერესო ჩემთვის.

ჩვენ ისე ვლაპარაკობთ, თითქოს პარტია რეალურად არსებობდეს, ყველაფერი დგას ერთ ადამიანზე, დანარჩენი ყველაფერი ილუზიაა.

სამთავრობო გუნდშიც შეინიშნება ლიდერობისთვის ბრძოლა, როგორც ჩანს, დაახლოებით, მსგავსი პროცესია საპარლამენტო უმრავლესობაშიც - უნდა ვივარაუდოთ, რომ დაშლა-გადაჯგუფების პროცესის დასაწყისი არც ისე შორსაა?

- ან ისევ დაარეგულირებს ამ ყველაფერს გადაწყვეტილების მიღების ცენტრი, ან ყველაფერი ჩამოიშლება - პროგნოზირება ძნელია, რადგან ეს არის არა პარტია, არამედ სახელისუფლებო ჯგუფი, რომელსაც კონსოლიდაციის თემა არ გააჩნია. დაახლოებით ისეთივეა, როგორიც იყო „მოქალაქეთა კავშირი“ - როგორც კი პრობლემები გაჩნდა, ჩამოიშალა. დაახლოებით იგივე ბედი ელის „ქართულ ოცნებასაც“, როგორც კი ხელისუფლებას ჩამოშორდება მმართველი ელიტა, მეორე დღესვე ამ პარტიაში ერთი კაციც აღარ დარჩება.

როდესაც სახელისუფლებო გუნდში შეიმჩნეოდა კულუარული თუ აშკარა დაპირისპირება, ამ ყველაფრის უკან ხშირად იკითხებოდა ბიზნესინტერესები. ახლაც მსგავსი პროცესი მიმდინარეობს თუ ჯერ მხოლოდ გავლენების მოპოვებისთვის იბრძვიან?

- არ მგონია, ასე სერიოზულად იყოს საქმე, რაღაც ინტერესები ალბათ აქვთ, მაგრამ იმდენად უმნიშვნელოა სახელმწიფო განვითარების თვალსაზრისით, რომ ჩემთვის ეს თემები ჭორაობას ემსგავსება - ვერ ვადევნებ თვალს, სადღაც ვიღაც თუ ორ კაპიკს შოულობს...

მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში მოშლილია მმართველობითი სისტემა, ვინ რას აკეთებს და სად გარბის, ეს არ არის საინტერესო. სისტემური კრიზისი რომ შეიმჩნევა ამაში ვხედავ პრობლემას, გედევან ფოფხაძის შესვლა-გასვლით სადმე რამე შეიცვლება? რამდენიმე დღეში აღარავის ემახსოვრება რა მოხდა.

თქვენ საუბრობთ სისტემურ კრიზისზე და ახლო მომავალში წინ გვაქვს საპრეზიდენტო, შემდეგ საპარლამენტო არჩევნები. ფიქრობთ, რომ ეს ის სიტუაციაა, როდესაც ხალხის არჩევანზე არის რამე დამოკიდებული?

- სამწუხაროდ, ხალხს არ აქვს არჩევანი. ერთი მხრივ, თუ მმართველობითი კრიზისია, მეორე მხრივ - პოლიტიკური ელიტის კრიზისი გვაქვს და საერთოდ, რამდენიმე მიმართულებით ვითარდება დღეს კრიზისი ქვეყანაში.

პოლიტიკური ელიტის კრიზისში ვგულისხმობ იმას, რომ ამ სივრცეში ხალხს საერთოდ არ აქვს არჩევანი. როდესაც ხელისუფლების მიმართ ვაკეთებ ამ არასასიამოვნო შეფასებებს, იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიაზე - ანუ არ არსებობს ალეტნატიული ძალის ცენტრი. არც ერთი პარტია არ წარმოადგენს პოლიტიკური ძალის ცენტრს.

ერთადერთი ცენტრია დღეს ქვეყანაში და ისიც აბსოლუტურად პერსონიფიცირებულია - ეს არის პირადად, ბიძინა ივანიშვილი. სხვა ძალის ცენტრი ქვეყანაში უბრალოდ, არ არის.

აქედან გამომდინარე, ხალხი არის დარჩენილი არჩევანის გარეშე - ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ სკეპტიკურად და ნიჰილისტურად განწყობილი და ვერც მმართველი ძალა ვერ სთავაზობს ვერაფერს, ისეთს, რომ ქვეყანა ერთიანობის დინამიკაში მოიყვანოს - ეს არის სამწუხარო მოცემულობა.

მყარი ინსტიტუციებიც ვერ შეიქმნა ჯერჯერობით და როდესაც რამდენიმე მიმართულებით შეიმჩნევა კრიზისი, როგორც წესი, რაღაც მომენტში ხდება ხოლმე, აფეთქება. ამჯერად რაში შეიძლება გამოიხატოს კულმინაცია?

- აფეთქებას ყოველთვის სჭირდება ლიდერი. სამზარეულოს დონეზე ეს აფეთქება უკვე არის მომწიფებული. უკმაყოფილების საერთო მაჩვენევბელი, შეიძლება იქვას, რომ არის უკვე 60%-ზე მეტი, ვგულისხმობ უკმაყოფილებას მთელი პოლიტიკური ელიტის - ხელისფლების და ოპოზიციის მიმართ. მაგრამ იმისათვის, რომ გათითოკაცებული უკმაყოფილება აკუმულირდეს, სამზარეულოდან გადმოიღვაროს ქუჩაში, ამას სჭირდება ლიდერი, რომლის ირგვლივაც მოხდება კონსოლიდაცია.

თუ გამოჩნდება ლიდერი, პასიური უკმაყოფილება აქტიურ ფაზაში გადავა. ეს როდის მოხდება, გამიჭირდება თქმა, მაგრამ ვფიქრობ, არც თუ შორეულ მომავალში, იმიტომ, რომ როდესაც არსებობს დიდი მოთხოვნა, მიწოდება აუცილებლად ხდება. მანამდე კი, ვიქნებით ამ იწილო-ბიწილოში, გედევან ფოფხაძე გავა, ვიღაც შემოვა და მსგავსი ტრაგი-კომედიით „გავერთობით“.