[ეკა ბაქრაძე]
სეზონური ფაქტორით და „ბოსტნეულის გრიპის“ წყალობით გამოწვეულმა ფასების კლებამ, მთავრობის მოხელეები მეტად წაახალისა. ივნისში ინფლაციის შემცირებამ ეროვნული ბანკი იმდენად გაათამამა, რომ უკვე საგაისო პარამეტრებზე დაიწყო მსჯელობა. ასეთ გრძელვადიან პროგნოზებს ექპერტები არაფრით იწონებენ.
საქართველოს ეროვნული ბანკი წლის ბოლომდე ინფლაციის 8 პროცენტამდე შემცირებას ვარაუდობს. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი კი პროგნოზებში კიდევ უფრო შორს მიდის და ირწმუნება, რომ უკვე 2012 წლისთვის ქვეყნის ცენტრალური ბანკი ინფლაციას 6 პროცენტიან ჩარჩოებში მოაქცევს.
იგი ადასტურებს, რომ ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ფასები მიზნობრივი ინფლაციის, ანუ 6 პროცენტის ფარგლებში შეინარჩუნოს.
ჯერჯერობით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ასეთი პროგნოზების გაკეთების უფლება აქვს, რადგან ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ინფლაციასთან ბრძოლამ პირველად გამოიღო შედეგი. თუმცა, ეს თავიდან ბოლომდე სეზონური ფაქტორების „დამსახურებაა“ და სებ-ი აქ არაფერ შუაშია. გარკვეული „როლი ითამაშა“ ევროპაში გავრცელებულმა ე.წ. ბოსტნეული გრიპმა. ე-კოლის ვირუსით ასე თუ ისე დამფრთხალი ქართველები ახალმოყვანილ ბოსტნეულს ალმაცერად უცქერიან, რამაც ბაზარზე ფასების ვარდნა გამოიწვია.
პირველად წლიურმა ინფლაციამ ივნისში ერთბაშად 4 პროცენტით იკლო და 10 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ოფიციალური ინფორმაციით, ინფლაციის ასეთი შემცირების მიზეზი სურსათზე ფასების მნიშვნელოვანი კლება გახდა.
ივნისში რეკორდული შემცირება სურსათზე ფასების თითქმის 9%-იანმა კლებამ გამოიწვია. ფასები ყველაზე მეტად ხილზე და ბოსტნეულზე შემცირდა. შემცირებამ 28 და 26 პროცენტი შეადგინა.
მართლაც, ბოლო 2 წელია ასეთი იაფი ბოსტნეული სამომხმარებლო ბაზარზე არ ყოფილა. 1 კგ კარტოფილი 60 თეთრად იყიდება, კიტრი - 50 თეთრად, პომიდორი - 60 თეთრად, ატამი - 1 ლარად, ჯერ კიდევ ნაადრევი საზამთროც კი უკვე 60 თეთრამდე „ჩამოვიდა“. მომხმარებლისთვის ეს დიდი შვებაა, მაგრამ საინტერესოა რამდენად ხანგრძლივი იქნება ფასების კლების პროცესი?
პარლამენტის საბიუჯეტო საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გურამ ჩახვაძის განცხადებით, ფასების კლება სეზონურია და „საქსტატის“ მონაცემები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე არ მიანიშნებს.
„სავალუტო ფონდის დასკვნით, საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც ფასების მატება მომავალშიცაა მოსალოდნელი. ამას ორი მიზეზი აქვს - სოფლის მეურნეობაში პროგრესის არარსებობა და, შესაბამისად, იმპორტზე კვლავ მაღალი დამოკიდებულება, ასევე კონკურენტული ბაზრის არარსებობა“, - აცხადებს ჩახვაძე.
იგი თვლის, რომ სწორედ ესაა მთავარი ხელსშემშლელი ფაქტორი, რის გამოც ეროვნული ბანკისა და მთავრობის ეფექტურ მუშაობას ფულად-საკრედიტო და ფისკალური მიმართულებით სათანადო შედეგი არ აქვს.
სეზონურობით ხსნიან ინფლაციის რეკორდულ ვარდნას ეკონომიკის ექსპერტებიც. მათი აზრით, ზაფხულის სეზონზე ბაზარზე ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შემოვიდა, რასაც კვების პროდუქტებზე ფასების კლება მოჰყვა.
ექსპერტი გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ზაფხული-შემოდგომის სეზონის დასრულებასთან ერთად, დაპირების მიუხედავად, ეროვნულ ბანკს არათუ 6%-იანი მაჩვენებლის მიღწევა, არამედ 10%-იანი დონის შენარჩუნებაც გაუჭირდება და, სავარაუდოდ, ინფლაცია ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.
„ამის თავიდან ასაცილებლად ეროვნულმა ბანკმა ანტიინფლაციური ღონისძიებები უნდა გაატაროს, მაგალითად შეკვეცოს სახელმწიფო ხარჯები, რაც ნაკლებ სავარაუდოა“, - დასძენს აბაშიშვილი.