ნუკრი ქანთარია: „ჩვენ სააკაშვილს, ან ნელთბილ პროცესში უნდა ჩავყვეთ, ან ახალი პოლიტიკური ბრძოლა უნდა დაიწყოს“

ნუკრი ქანთარია: „ჩვენ სააკაშვილს, ან ნელთბილ პროცესში უნდა ჩავყვეთ, ან ახალი პოლიტიკური ბრძოლა უნდა დაიწყოს“

[გერა მამულაშვილი]

ოპოზიციური ახლა უკვე „ექვსიანი“ ორი დღის განმავლობაში ქალაქგარეთ განმარტოვდება და იქედან ალბათ, ახალი იდეებით და გეგმებით დაგვიბრუნდებიან. ყოველ შემტხვევაში, ასეთი მოლოდინი თავად შექმნეს. თუმცა რა და როგორ მოხდება, ამას 8 ივლისს გავიგებთ. მანამდე კი „ქართული აკადემიის“ წევრთან რეჟისორ ნუკრი ქანთარიასთან გავარკვევთ, არსებობს თუ არა „ექვსიანში“ რესურსი შეცვალოს არსებული პოლიტიკური რეალობა და როგორი უნდა იყოს ხელისუფლების ცვლილებისთვის ბრძოლის გზა. 

სანამ საუბარს დავიწყებდ, პირველ რიგში, საინტერესოა თქვენი ხედვა - ცუდია თუ კარგი ის რაც მოხდა - „რვიანის“ გაექვსიანებას ვგულისხმობ?

– მთავარი ისაა, რომ აბსოლუტურად ახალი პოლიტიკური პროცესის გაჩენის შესაძლებლობა გაჩნდა.

თავად „რვიანიც“ ხომ ახალი პროცესი იყო თავის დროზე?

– აქამდე მოლოდინის რეჟიმი იყო, რაც მხოლოდ მოლაპარაკებას, თემატურ შეკავშირებას გულისხმობდა. ძირითადი აქცენტი საერთაშორისო საზოგადოებაზე კეთდებოდა. თუმცა, „რვიანს“ ჩვენ გამუდმებით ვეუბნებოდით, რომ ერთი მხრივ საერთაშორისო და მეორე მხრივ, ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვება იყო აუცილებელი. გვეთანხმებოდნენ, მაგრამ შესაბამისი ნაბიჯები არ ჩანდა.

ძირითადი ყურადღება პალიკოს და უცხოელების რეაქციებზე იყო გადატანილი. კარგი იქნებოდა, რვა პარტიას ორი თვე მაინც გაეძლო და ერთ პოზიციაზე დამდგარიყვნენ. საერთაშორისო წრეებიდან ნაციონალებს პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ ახალი საარჩევნო კოდექსი „რვიანთან“ შეთანხმების პროდუქტი უნდა ყოფილიყო. ბუნებრივია, ნაციონალების მხრიდან, პარტიების ჩამოშორების პროცესი დაიწყო და სწორედ ეს ვიხილეთ.

ძალიან გულდასაწყვეტია, რომ „მემარჯვენეები“ დანებდნენ, მათთან მჭიდრო ურთიერთობები გვქონდა. როგორც ვატყობ, დაიღალნენ და შინაგანი მდგომარეობის წინააღმდეგ მიდიოდნენ. ჩანს, პარტიული შედეგები ვერ მოიმკეს, რასაც თვითონაც არ მალავენ - ბაირაღების ქნევას თავი დავანებეთო და სხვა გზა აირჩიეს.

გახსოვთ, „რვიანის“ შიგნით ერთმანეთს როგორ უფრთხილდებოდნენ? ალეკო შალამბერიძე იმიტომ წავიდა, რომ მათ ერთიანობას საფრთხე არ შექმნოდა. მაგრამ იქ პროცესი მაინც არ ჩანდა. მოლოდინის რეჟიმიდან უნდა გამოსულიყვნენ, რადგან გარემო უკვე სხვა იყო. ეს გარემო მუშაობის გაფართოებისკენ გიბიძგებს და სწორედ ახლა გამოჩნდა ეს პერსპექტივა. ამიტომ, „ქართული აკადემია“ მხარს უჭერს ამ ექვს პარტიას. ნამდვილად გაჩნდა ახალი პოლიტიკური პროცესის დაწყების შესაძლებლობა.

როდესაც ახალ პროცესზე საუბრობთ, აქ მთავარი რესურსია, რომელიც რვა პარტიას არ აღმოაჩნდა. მითუმეტეს, რვას ორი გამოაკლდა და ახლა სად აღმოაჩენენ ამ რესურსს? ნაკლებად  დამაჯერებელია ის მომენტი, რომ მათ მაინც და მაინც, ქრისტიან–დემოკრატები და „მემარჯვენეები“ უშლიდნენ ხელს გააქტიურებაში.  

– „რვიანის“ შიგნით განწყობები თავიდანვე ჩანდა. „მემარჯვენეები“ გაერთიანების მიმართ სკეპტიციზმს არასოდეს მალავდნენ – ასეთ გაერთიანებაში უკვე რამდენჯერმე დავიწვითო. ეს ჩვენთან შეხვედრებზეც კი იგრძნობოდა. ყოველთვის დისტანცირებას ცდილობდნენ.

დისტანცირება შესაძლოა ძლიერმა პარტიამ მოინდომოს, მაგრამ რის ხარჯზე ფიქრობდნენ ცალკე გასვლას, რა რეიტინგზე დაყრდნობით?

– ქრისტიან დემოკრატები ამბობდნენ ხელისუფლებაში მოსასვლელად  კუს ნაბიჯებით ვივლით და სათავეში მოვალთო. აი ამ რიგში ჩადგნენ „მემარჯვენეებიც“ - ჩემდა სამწუხაროდ. შიგნით ათასი ჭორ–მართალია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ პალიკო კუბლაშვილს მარტო ჯვრები რომ დაერთო ფურცელზე და გამოეტანა, „მემარჯვენეები“ მაინც დაყაბულდებოდნენ, რადგან რვა პარტიასთან ერთად ყოფნა აღარ უნდოდათ. გაერთიანების შიგნით საკუთარ ინტერესებს ვეღარ ხედავდნენ.

სამწუხაროა, რომ  ქრისტიან–დემოკრატებთან ერთად, გაერთიანების დაშლის ინიციატორებად გამოვიდნენ, მაგრამ მეორე მხრივ, თავიანთი „გმირობებით“ ახალ პროცესს სათავე დაუდეს. ეს პროცესი რვა რიცხვში კალათბურთის სასახლეში დაიწყება. სამოქალაქო–პოლიტიკური ფრონტი სწორი მიმართულებით უნდა გაიხსნას – რევოლუციური სულისკვეთებით, თავისუფალი არჩევანისთვის. 

მოვუწოდებ რომ, კოდექსის მუხლებზე არ იყვნენ ჩაციკლულნი. ძირითადი ორიენტირი ხელისუფლების შეცვლაზე უნდა იყოს გაკეთებული. იმედგაცრუების მთელი კასკადის შემდეგ, ხალხის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ადვილი არ იქნება.

რა თქმა უნდა, შურდულებზე და მისთანებზე საუბარი არ არის, მაგრამ საბრძოლო სულისკვეთებით და ორგანიზებით მსვლელობა უნდა გაიმართოს კონკრეტული მოთხოვნებისკენ. შუა გზაში გაჩერება აღარ უნდა მოხდეს.

ჩვენ სააკაშვილს ან ნელთბილ პროცესში უნდა ჩავყვეთ, რომელიც მას აწყობს და ეს არჩევნები ღუღუნ–ღუღუნით ჩაივლის, შემდეგ ისინი კვლავ უმრავლესობაში მოვლენ, ოღონდ სხვა კონფიგურაციით, ან ახალი პოლიტიკური ბრძოლა უნდა დაიწყოს.

რახან ეს ექვსი პარტია არ დანებდა და ბრძოლას განაგრძობს, შანსი გაუჩნდათ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინონ. გააკეთონ ის, რასაც პოლიტიკური პარტია უნდა აკეთებდეს, მაორგანიზებელი ძალის როლი უნდა იტვირთონ. მესმის, რომ ამ მხარდაჭერის გამო, ჩვენზეც დარტყმები წამოვა, მაგრამ ეს ნაკლებმნიშვნელოვანია, მთავარია ექვსიანმა სიჩქარის აკრეფა და საქმე აჩვენოს.

ამ პროცესმა მაინც სადამდე უნდა მიგვიყვანოს?

– პროცესი ხელისუფლების შეცვლისკენ უნდა იყოს მიმართული. საარჩევნო გარემოს შეცვლა, საზოგადოების მთავარი ამოცანა უნდა გახდეს. მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან უნდა დაისვას, მაგრამ ამას ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება...

საერთაშორისო საზოგადოება ახლა აკვირდება, თუ რა მარიფათს გამოიჩენენ პოლიტიკოსები. თავის მხრივ, ისინიც გააქტიურდებიან, რადგან სამართლიანი აჩევნების მოთხოვნა აბსოლუტურად სწორი ლოზუნგია და ორიენტირი აღებული, დემოკრატიული გზით, ახალი ხელისუფლების მოსვლაზეა. ამ ბრძოლის გზაზე უამრავი თემებია და გარდატეხა უნდა მოხდეს.

ამ პროცესს ექვსი პარტია ეყოფა თუ კიდევ გაფართოება უნდა მოხდეს?

– ზოგადად, არც ხელისუფლებაში და არც ოპოზიციაში ჩამოყალიბებული სტრუქტურების მქონე პარტიები არ გვყავს. მაგრამ, „ექვსიანში“ სოლიდური ძალები არიან წარმოდგენილნი. მთავარია ისინი სტრატეგიულ გეგმაზე შეთანხმდნენ. მეორე საკითხია, შემდგომში ბლოკად ჩამოყალიბდებიან თუ ნათელ–მირონებად. მთავარია, მათ საშუალებები მიეცეთ და ეს ასპარეზი დღეს ნამდვილად არის.

კიდევ ერთხელ - უნდა მოხდეს საერთო–სახალხო მობილიზაცია, თავისუფალი არჩევანის მიმართულებით, ახალი ხელისუფლების მოსვლის პერსპექტივით და არა გადატრიალების მცდელობა–გაქცევის გზით. სამოქალაქო საზოგადოება შემკვეთი უნდა იყოს, ხოლო ორგანიზება პოლიტიკური პარტიების საქმეა. ჩვენი აქტიურობით მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ. 

მთავარი მათზეა – რამდენად შეძლებენ საზოგადოების დარწმუნებას. თუ პროცესი რეალურ კონტურებს შეიძენს, ენა ვეღარავის შემოუბრუნდება. თუ ცეკვა – თამაში უნდათ, ესეც გამოჩნდება.

„ექვსიანიდან“ კიდევ ერთს, ალასანიას, ან რესპუბლიკელებს ხელი რომ მოეწერათ, პროცესი მოკვდებოდა და დღეს სრული ხრიოკის წინაშე ვიქნებოდით. ახლა შანსები დარჩენილია. ძირითადი ადრესატი კი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოებაა. ხელისუფლებას ამ შემთხვევაში აბსოლუტური იგნორირება უნდა გავუკეთოთ. მისთვის ხალხთან დალაპარაკება ობიექტურ აუცილებლობად უნდა იქცეს.

როგორ, რა ფორმით შეიძლება ამის მიღწევა? - მაგალითად, როგორ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ სამართალდამცავი ორგანოები დეპოლიტიზირებულნი გახდნენ, მედია როგორ უნდა განთავისუფლდეს და ა.შ.

– ეს საკითხები ღილაკებზე თითის დაჭერით არ წყდება, ჩვენ განწყობები უნდა შევქმნათ. ეს არის ხელმოწერები, აქციები, დემონსტრაციები და სხვ. აქციები მრავალფეროვანი უნდა იყოს. დუღილი უნდა დაიწყოს და რაღაც ლოგიკურ შედეგებამდე უნდა მივიდეთ. ისევ ცნობილი სასტადიონე ვითარება უნდა შეიქმნას.

სტადიონმა რა გადაწყვიტა? - გავავსეთ სტადიონი,  მაგრამ მიშა მაინც ავლაბარში ზის.

მაშინ ის ხალხი სხვა მიმართულებით წაიყვანეს. საზოგადოებრივი ენერგია ადგილობრივი არჩევნებისკენ რომ მიმართული ყოფილიყო, დღეს ნაციონალები თბილისში უმრავლესობაში ვერ იქნებოდნენ.

გამოცდილება გათვალისწინებული უნდა იყოს. ხალხის მობილიზაცია საარჩევნო ყუთთან და შემდგომ პერიოდში უნდა იყოს ასახული. საბრძოლო რეჟიმი და სიფხიზლე არჩევნების შემდეგაც უნდა გაგრძლდეს. თუ ამის ნიჭი და უნარი ყველას გვეყო.

დღეს ალბათ, დიდ რისკთანაა დაკავშირებული საბრძოლო შემართება, მითუმეტეს, რომ თადარიგი წინასწარ დაიჭირეს - მანიფესტაციების შესახებ კანონი კიდევ უფრო გაამკაცრეს...

– გაამკაცრებდნენ, აბა რას იზამდნენ? ყველანაირი მეთოდებით პოლიტიკური პროცესების მოკვლა სურთ. პარლამენტის ქუთაისში გადატანა ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ამიტომ ორგანიზებულ ძალაზე ვსაუბრობ და შესკდომაზე და მისთანებზე საუბარი არ უნდა იყოს.

ჩვენ ერთწლიან მარათონში უნდა ჩავერთოთ. ოქტომბერში ამას განვითარებული ფორმა და სახე უნდა ჰქონდეს. ამ გზაზე ოცი მეტრის ნაცვლად შეიძლება ათ მეტრზეც დადგე, მაგრამ ან ახლა ან არასდროს, ასეთი განწყობა აღარ უნდა იყოს. მარათონს თავისი დასასრული აქვს და ეს არის საარჩევნო პროცესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამზარეულო, ტელევიზორი და ინფარქტი დაგვრჩება. მე ვსაუბრობ იმ ჭეშმარიტ ოპოზიციონერებზე, რომლებიც ამ ყველაფერს ვერ ეგუებიან.

მეორე ხაზი, ამათთან შეზრდა–შეგუებაა. არჩევანი ხალხმა უნდა გააკეთოს – იბრძოლოს თუ ტელევიზორთან დარჩეს. სხვა არჩევანს უბრალოდ ვერ ვხედავ. ეს გზა „ექვსიანმა“ საზოგადოებას აჩვენა და ყველაფერი მალე გამოჩნდება. ახლა ჯერი მარიფათზე და სწორ დაგეგმვაზეა. ალბათ, ოქტომბრისთვის გამოჩნდება, თუ როგორი სტარტი იქნება გაკეთებული და რამდენად არის საჭირო რესურსები.

მარათონში ბევრი რამის გაკეთება შეიძლება – ფინანსების, რესურსების მოზიდვა, თუ სწორი გზით იქნება სვლა. მაგრამ, თუ მართალი ხარ, არც ეს იქნება ხელშემშლელი. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ეს გზა ხელისუფლების შეცვლისკენ მიდის.