სოხუმს თბილისის არ სჯერა

სოხუმს თბილისის არ სჯერა

ახალი სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, - რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლის, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისებას გულისხმობს.

„ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ღია განაცხადი, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო, აუცილებლად გაგრძელდება. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ნდობის აღდგენას და შერიგების პროცესის გააქტიურებას“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს:

1. ეს არის გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;

2. ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;

3. ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა, ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აუცილებელია მაქსიმალურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, რადგან მნიშვნელოვანია ყველას ჩართულობა ამ ინიციატივის განხორციელებისას.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი თვლის, რომ ამ ინიციატივით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქართული მხარის უმთავრეს პრიორიტეტს - ეს არის მშვიდობა და კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობა.

ციხელაშვილის განმარტებით, ინიციატივა ასევე, მოიცავს ამ რეგიონის მცხოვრებთათვის იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნას, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან. ასევე, დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და სამოქალაქო აქტების გაცემას და ცალკეული სამოქალაქო ფაქტების დადგენის გამარტივებას.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა, პრემიერის მიერ გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა წლების მანძილზე საგულდაგულოდ ჩაკეტილი წრის გარღვევისთვის ეფექტური იქნება და მას ისტორიული შედეგები ექნება.

„მთავრობის ინიციატივის მიზანია, რომ ჩვენი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოებული პროდუქცია ჩვენი საკანონმდებლო რეგულაციით და კონტროლით, გავრცელდეს საქართველოს მიერ ათვისებულ ბაზრებზე - იქნება ეს შიდა ბაზარი, ევროკავშირი, ჩინეთი თუ სხვა“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით მომზდებულია საკანონმდებლო პაკეტები, რომლის განხილვაც უახლოეს მომავალში დაიწყება.

„მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის დღის წესრიგით ცხოვრებას თავი დავანებოთ. ძალიან სწორი მიმართულება გვაქვს, რაც იმ განცხადებაში გამოიხატება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ყველაფერს ხელი უნდა შევუწყოთ, რაც საზოგადოებას საშუალებას მისცემს დაახლოვდნენ, ურთიერთობები გაძლიერდეს და საქართველოს მთელი ტერიტორია იმ ადგილად იქცეს, სადაც აფხაზებსა და ოსებს საშუალება ექნებათ, ბიზნესი გააკეთონ, ისწავლონ, ყველა სახის მომსახურება მიიღონ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისი განმარტებით, მოლოდინი იმის, რომ ამას ან საოკუპაციო რეჟიმი, ან დე ფაქტო ხელისუფლება, ან საზოგადოების გარკვეული ნაწილი დიდი აღფრთოვანებით და ტაშის გრიალით შეხვდება, რასაკვირველია, არ უნდა გვქონდეს, მაგრამ წინ უნდა გავიხედოთ და არავითარ შემთხვევაში იმ პოზიციებზე უკან არ უნდა დავიხიოთ, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოგვთავაზა და რომელმაც ომამადე და ტერიტორიების ოკუპაციამდე მიგვიყვანა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას შეფასებით, ეს არის ძალიან სწორი, დროული და გააზრებული ნაბიჯი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს სამშვიდობო პოლიტიკის უფრო ქმედით განხორციელებას.

„მე სრულად ვუჭერ ამ ინიციატივას მხარს, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება, რომელთა ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროცესის განხორციელება მოხდეს კიდევ უფრო ეფექტურად“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ოპოზიციის ერთი ნაწილი კრიტიკულია და თვლის, რომ შესაძლოა, ამან კონტრაბანდის წახალისება გამოიწვიოს, თუმცა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

რაც შეეხება დასავლეთის განწყობებს, საელჩოები ავრცელებენ განცხადებებს, სადაც ცალსახად მიესალმებიან საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას.

საქართველოს მთავრობის ინიციატივას საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს მიერ წარმოდგენილი წინადადებების პაკეტს, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ კავშირების გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

„ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის პრესმდივნის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ წინადადებათა პაკეტს სიკეთის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის.

„ამით საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ამტკიცებს თავის სიმამაცესა და შორსმჭვრეტელობას...საელჩო ყურადღებით მიადევნებს თვალყურს ამ ღონისძიებათა პაკეტის საქართველოს პარლამენტში განხილვის პროცესს“, - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.

სამშვიდობო „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ სულ 9 საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს ითვალისწინებს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ახალი სამშვიდობო ინიციატივის, რბილად რომ ვთქვათ, არ სჯერა.

„აფხაზეთზე ზეწოლის ყველა რესურსის ამოწურვის შემდეგ საქართველომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა აჩვენოს მსოფლიოს ჩვენი ქვეყნის მიმართებაში მეგობრული განწყობის რაღაც მსგავსი და საკუთარი ნამდვილი ზრახვები აღნიშნული ინიციატივების მიღმა დამალოს“, - განაცხადა დაურ კოვემ.

მან ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, საკუთარი პოლიტიკური ამბიციებისთვის ტყუილების თქმა შეწყვიტოს.

„აფხაზეთი დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა. უკეთესი მომავლისკენ ერთადერთი ნაბიჯი არის საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარება და ჩვენს ქვეყნებს შორის სრულყოფილი სახელმწიფოთაშორისო დიალოგის დამყარება სტაბილურობისა და მომავალი თაობების განვითარებისთვის. ამ პროცესს ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა.