55 მომხრე და 12 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა პარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, რომელიც „ევროპული საქართველოს“ კვოტით იყო წარდგენილი. ასევე, პარლამენტმა 93 ხმით მხარი დაუჭირა სახალხო დამცველის კვოტით წარდგენილ იზაბელა ოსიპოვას კანდიდატურას. კენჭისყრის შედეგებით - ნინია კაკაბაძე და იზაბელა ოსიპოვი საზოგადოებირივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები გახდნენ.
პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების არჩევამდე, მმართველი გუნდი ამტკიცებდა, რომ ნინია კაკაბაძე მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ვერ იქნებოდა. ერთ-ერთი ასეთი იყო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, რომელმაც ამ განცხადების მუხედავად კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
„ქალბატონ ნინია კაკაბაძეს წინა შემთხვევაშიც ვერ დავუჭირე მხარი და ალბათ, ამ შემთხვევაშიც გამიჭირდება მხარის დაჭერა. მე არ მგონია, რომ ეს ქალბატონი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი იქნება“, - აცხადებდა სოფო კილაძე.
უკლებლივ ასეთი იყო მმართველი გუნდის პოზიცია, თუმცა განსხვავებული აღმოჩნდა კენჭისყრის შედეგები. უმრავლესობის წევრებს უკვე აღარ სურთ იმ მიზეზებზე საუბარი, რატომაც მხარი დაუჭირეს კაკაბაძეს. ჩვენ შევეცადეთ კომენტარი უმრავლესობის წევრებისგან მიგვეღო, მაგრამ როგორც წესი, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ნაწილმა კი სმს შეტყობინებით გვიპასუხეს, რომ სდომაზე არიან.
მაშ ასე, for.ge გთავაზობთ „ქართული ოცნების“ იმ დეპუტატების ჩამონათვალს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ნინია კაკაბაძის კანდიდატურას:
ირაკლი ბერაია; გიგა ბუკია; ელგუჯა გოცირიძე; გოგა გულორდავა; ანზორ ბოლქვაძე; ცოტნე ზურაბიანი; რატი იონათმიშვილი; პაატა კვიჟინაძე; სოფიო კილაძე; ირაკლი კობახიძე; კახაბერ კუჭავა; დავით მათიკაშვილი; იოსებ მაკრახიძე; სალომე ზურაბიშვილი; ედიშერ თოლორაია; გენადი მარგველაშვილი; ენძელა მაჭავარიანი; გოგი მეშველიანი; გრიგოლ მიქელაძე; ენზელ მკოიანი; დიმიტრი მხეიძე; თამაზ ნავერიანი; კახაბერ ოქრიაშვილი; ანრი ოხანაშვილი; ირინა ფრუიძე; სოფიო ქაცარავა; მიხეილ ყაველაშვილი; გოდერძი ჩანქსელიანი; თამარ ჩუგოშვილი; ზვიად ძიძიგური; ნინო წილოსანი; გიორგი ხატიძე; ზაზა ხუციშვილი; მარიამ ჯაში.
რაც შეეხება 12-კაციან სიას, რომლებმაც „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს მხარი არ დაუჭირეს, ესენი არიან - ლევან ბეჟანიძე; ბიძინა გეგიძე; ალექსანდრე ერქვანია; კობა კობალაძე; გიორგი კოპაძე; სვეტლანა კუდბა; ადა მარშანია; გედევან ფოფხაძე; კობა ნაკაიძე; გუგული მაღრაძე; შოთა ხაბარელი და ლერი ხაბელოვი.
უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა დეპუტატი გედევან ფოფხაძისთვის, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. დეპუტატი აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.
„თუ „ქართული ოცნება“ თავისი პოლიტიკური ხედვით მიიჩნევს, რომ ნინია კაკაბაძისნაირ ადამიანებს შეუძლია მხარი დაუჭიროს, მე ასეთ შემთხვევაში დავტოვებ უმრავლესობას, „ქართულ ოცნებას“ და ყველა პარტიულ და პოლიტიკურ თანამდებობას, რომელიც მაქვს.
არ მინდა იმ გადაწყვეტილების თანამონაწილე ვიყო, რომლითაც პარტიარქის და მართლმადიდებელი ეკლესიის მაგინებელი იყოს მაუწყებლის ბორდის წევრი, ეს პრინციპულად მიუღებელია. მიმაჩნია, რომ ეს არის წახალისება რეაქციული ჯგუფების, რომელთაც ცხოვრების წესი სხვა ადამიანების გინებაა. ვაპირებ გავემიჯნო ყველას, მათ შორის იმ ადამიანებს, ჩვენი შემადგენლობიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამას“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, რომელმაც კაკაბაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ნაწილის მხარდაჭერის ერთადერთი არგუმენტი არის ის, რომ ოპოზიციას თავისი კვოტის რეალიზების საშუალება მისცემოდა. რაც შეეხება ფოფხაძის გადაწყვეტილებას, აცხადებს, რომ ეს არის ნაჩქარევი და შეცდომა. დეპუტატს არ აქვს მოლოდინი, რომ გედევან ფოფხაძის მსგავსად პარტიის დატოვების სურვილს „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატებიც გამოთქვამენ.
„ბოლო წუთებამდე მიმდინარეობდა უმრავლესობაში საუბარი სხვადასხვა დეპუტატებთან. ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, ჩვენ შევჯერდით, რომ მხარი დაგვეჭირა სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ კანდიდატისთვის, მაგრამ აზრები იყო გაყოფილი კაკაბაძესთან დაკავშირებით. ერთადერთი არგუმენტი, რომელიც ამ ყველაფერთან მიმართებით იყო უფრო რელევანტური, იყო ის, რომ რადგან ოპოზიციას აქვს კვოტა და ეს წერია კანონში, მათ მიეცეთ ამ კვოტის ათვისების რეალიზების საშუალება. ჩვენ ვთქვით, რომ ვისაც მიაჩნია, რომ უმცირესობის კვოტის ათვისების საშუალება უნდა მიეცეს ოპოზიციას, კი ბატონო, დაუჭიროს იმან მხარი. ვისაც პრინციპულად მიაჩნია, რომ ნინია კაკაბაძის მხარდაჭერა არც ერთ შემთხვავში და თუნდაც ამ ფორმალური საფუძვლითაც არ შეიძლება, შეუძლია არ დაუჭიროს მხარი. გამოვიდა ისე, რომ პრაქტიკულად იყო თვისუფალი კენჭისყრა, შეთანხმებაც ამას ითვალისწინებდა. ეს ყველაფრი არ მომხდადა უმრავლესობის ფორმატში, ეს იყო ინდივიდუალური საუბრები დეპუტატებს შორის. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა მდინარაძე.
რაც შეეხება მის გადაწყვეტილებას, დეპუტატი ამბობს:
„თუკი არგუმენტი მისაღები იქნება მედიისთვის, საზოგადოებისთვის - ძალიან ტენდენციური, (კრიტიკული არ ჰქვია ამას), ძალიან ხშირად შეურაცხმყოფელი განცხადება ისმოდა ამ ადამიანის მხრიდან და ჩემთვის მისი კანდიდატურა ამიტომ არ იყო მისაღები. მე როგორც ერთმა დეპუტატმა თავს უფლება მივეცი, მხარი არ დამეჭირა. ამ შემთხვევაში ვიმოქმედე არა როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა, არამედ როგორც ერთმა დეპუტატმა და ჩემი პოზიცია გამოვხატე ამით და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნების“ წევრი ნუკრი ქანთარია, რომლის განცხადებით, თუ საქმე ასე გაგრძელდა, უმრავლესობა შეიძლება სხვებმაც დატოვონ. ქანთარია ამბობს, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოში ნინია კაკაბაძის არჩევა პრინციპული საკითხი იყო.
„რაც შეეხება გედევან ფოფხაძეს, ვეთანხმები, მაგრამ მაინც მგონია, რომ მან უმრავლესობის დატოვება იჩქარა. ზოგადად, მომავალში გამორიცხული არაფერია - საჭიროა გუნდი პრინციპულ საკითხებზე ჩამოყალიბდეს, თუ ვინ სად დგას. ეს არ არის იმ ამომრჩევლის შეკვეთა, რომელმაც ჩვენ ხმა მოგვცა. ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის განწყობა და პოზიცია უნდა გავიზიაროთ, რადგან სწორედ მათ მოგვიყვანეს პარლამენტში და აბსოლუტურად საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღება სხვა სახელს იძენს, რაც პერსპექტივისთვის კარგი არ არის“, - ამბობს ნუკრი ქანთარია.
უმრავლესობის მხრიდან ამ მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღების ახსნა უჭირს პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს, რომლის განცხადებით, ფოფხაძე სტაჟიანი პარლამენტარია და არ არის გამორიცხული მისი პოზიცია მთლიანობაში იმ ჯგუფის პოზიციას ასახავდეს, რომლებისთვისაც კოაბიტაცია არის მიუღებელი.
„ეს განწყობილებებია ძირითადად უფროს თაობაში. დანარჩენ დეტალებზე მსჯელობა მიჭირს. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი არის ასეთი მკვეთრი ნაბიჯი. გაცილებით მეტი რამე ხდებოდა კოაბიტაციის მიზეზით და ყველა დუმდა. ასეთი მკვეთრი ნაბიჯის გადადგმა და პროტესტის გამოხატვა, თავისთავად სიახლეა ქართული პარლამენტისთვის. ჩემთვის ძნელი სათქმელია რატომ დაუჭირა უმრავლესობამ მხარი „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს.
გააჩნია როგორი იყო ვაჭრობა. პოლიტიკაში ვაჭრობა მიღებული მოვლენაა, უფრო გარიგებით ნაკარნახევი ნაბიჯებია, ვიდრე ერთ პლატფორმაზე მყოფი ნაბიჯები. ხშირად ამბობენ, რომ უმრავლესობის მიერ დაიღლიავებული გუნდია „ევროპული საქართველო“, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო კაკაბაძის კანდიდატურა თავდაპირველად არ ჩავარდებოდა. როგორც ჩანს, ამის შემდეგ დაიწყო ვაჭრობა იმაზე, რას დაუთმობდა და როგორც ჩანს შეთანხმდნენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
პოლიტიკურ ვაჭრობას გამორიცხავს, ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის განცხადებით, მმართველ გუნდს ამ კანდიდატისთვის მხარი უნდა დაეჭირა, რადგან ოპოზიციას სამეურვეო საბჭოში თავისი კვოტა აქვს.
„რასაკვირველია ჯენტლმენური შეთანხმების საგანო უფროა. იმიტომ, რომ მმართველმა პარტიამ უნდა მისცეს საშუალება ოპოზიციას საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეს სამეურვეო საბჭოში. თუ ეს გედევან ფოფხაძისთვის მიუღებელია, ეს მისი პირადი საქმეა. სრულიად თავისუფალია და შეუძლია ასეთი განცხადება გააკეთოს, თუმცა ობიექტური საფუძველი არ აქვს. ამ ორი პოლიტიკური გუნდის შეხმატკბილებულობაზე ჯერ ნაადრევია საუბარი. მათ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება და დამოკიდებულება აქვთ. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ გედევან ფოფხაძეს მმართველი გუნდის დატოვების რაიმე ობიექტური მიზეზი ჰქონდეს. თუმცა, ცხადია და ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ უმრავლესობის შიგნით არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და ამაში არაფერი არ არის განსაკუთრებული“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.