„საქსტატის“ მონაცემებით თბილისში უმუშევართა რაოდენობამ 96.9 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მასშტაბით უმუშევართა რაოდენობის ნახევარზე მეტია. სპეციალისტები ამ მონაცემებს შეუსაბამოს უწოდებენ. პრობლემაა დასაქმების სტრუქტურაშიც. ბიზნეს სექტორში მომუშავეთა 20,1% ხელმძღვანელი პირია. გამოდის, რომ დასაქმებულთაგან ყოველი მეხუთეს გარკვეული თანამდებობა უჭირავს.
„უმუშევრობის დონე იმიტომ არის დაბალი სოფელში და მაღალი თბილისში, რომ სოფლად ვისაც თოხი უკავია, ყველა დასაქმებულად ითვლება. გვაქვს სტატისტიკური დილემა. კერძოდ, შინამეურნეობაში მყოფი გლეხი, რომელიც თავისი შემოსავლით ვერ უზრუნველყოფს კეთილდღეობას, მოქმედი სტატისტიკით ხვდება დასაქმებულთა რაოდენობაში. შესაბამისად, ეს გლეხი მხედველობაში არ მიიღება უმუშევართა რაოდენობის განსაზღვრაში. „საქსტატის“ მიერ გამოყენებული მეთოდიკა არ შეესაბამება არსებულ რეალობას და ქმნის არასწორ ილუზიურ სურათს“, - განმარტავს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე.
მისივე თქმით, თვითდასაქმებული ადამიანები უმუშევართა რაოდენობაში რომ მოხვედრილყო, თბილისში უმუშევრობის დონე იქნებოდა დაახლოებით იგივე (22%), სოფელში კი უმუშევართა რაოდენობა არა 7%, არამედ 47% იქნებოდა. შესაბამისად განსხვავებული ციფრები იქნებოდა უმუშევართა რაოდენობის მხრივ ქვეყნის მასშტაბითაც.
„ჩვენ ვსარგებლობთ საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის მეთოდიკით, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ განვითარებულ ქვყენებში თვითდასაქმებულთა წილი არის მცირე. შესაბამისად ეს საერთაშორისო მეთოდიც ამართლებს, ჩვენს შემთხვევაში კი საპირისპირო სურათია.
ზოგადად, ამდენი თვითდასაქმებული რომ გვყავს, ეს ქვეყნის განვითარებაზე უარყოფითად აისახება. შედარებისთვის ჩვენთან დაქირავებულ დასაქმებულთა და თვითდასაქმებულთა პროპორცია თუ არის 40%-60%-ზე, ევროკავშირში ეს არის 85%-15%-ზე. აშშ-ში 92%-8%-ზე. ამიტომ საჭიროა შრომის ორგანიზაციის მეთოდი მოვარგოთ ჩვენს რეალობას“, - განუცხადა „კომერსანტს“ არჩვაძემ.
სახარბიელო ვითარება არც დასაქმების სტრუქტურაშია. ირკვევა, რომ კერძო სექტორში კადრების 45% ახლობლობით აჰყავთ. ინტერნეტით მოძიებული კადრების წილი 26.8%-ია, ხოლო დასაქმების კერძო სააგენტოების საშუალებით 17.8% სარგებლობს. ამასთან, რეგიონებში ინტერნეტის საშუალებით კადრების აყვანა 2-ჯერ მეტად ჩამორჩება თბილისში იმავე მაჩვენებელს.
„კვლევის შედეგებით გამოვლინდა, რომ ახალი თანამშრომლის აყვანის დროს ბიზნესმენების 45% ეყრდნობა მათივე ახლობლებისა და ნათესავების ბაზას იმისთვის, რომ აარჩიოს ახალი კადრი. შედეგად კადრების ღია სივრცეში მოძიებით, ანუ გამოცხადბეული ვაკანსიების გზით აყვანილი თანაშრომელთა რიცხვი არის მკვეთრად დაბალი“, - აცხადებს ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია.
მისივე თქმით, დღევანდელი ვითარების შედეგად ბიზნესს დიდი პრობლემა აქვს კვალიფიცირებულ კადრებთან დაკავშირებით, რადგან იგი პროფესიონალი თანამშრომლების ნაკლებობას განიცდის.
„ურთიერთსაწინააღმდეგოა ის, რასაც დღეს ბიზნესი აკეთებს. ერთი მხრივ, მეგობრების შუამავლობით იყვანენ კადრების თითქმის ნახევარს სამსახურში, მეორე მხრივ კი მაღალკვალიფიცირებული კადრების ნაკლებობას განიცდიან. ყველაფერი ეს იწვევს იმას, რომ უმუშევართა რაოდენობა ოფიციალური სტატისტიკით შეადგენს თითქმის 12%-ს, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით ეს მაჩვენებლი 60%-ს აღწევს. ვფიქრობ მსგავსი საგანგაშო შედეგები სწორედ დამსაქმებელთა ქმედების გამო მიიღება“, - განმარტავს ჭარაია.
საქსტატის კვლევა ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა და შედეგები რამდენიმე ათასი კომპანიის მაგალითზე დაყრდნობით გამოვლინდა. კვლევამ მოიცვა მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიები და ყველა სტანდარტის დაცვით ჩატარდა. აქვე აღსანიშნავია ერთი საინტერესო დეტალიც. ქვეყანაში ხელმძღვანელი პირებისა და სხვადასხვა პროფილის მენეჯერების სიმრავლეა და ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 20,1%-ს შეადგენს. გამოდის, რომ დასაქმებულთაგან ყოველი მეხუთე ხელმძღვანელი პირია.