საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე 2 მაისს ბოლოჯერ წარდგება ანგარიშით. საპარლამენტო უმრავლესობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კონსულტაციები გაიმართა, რის შემდეგაც თარიღზე შეთანხმდნენ. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, პრეზიდენტი ქვეყნისთვისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე პარლამენტს ყოველწლიურ ანგარიშს, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე წარუდგენს.
თუმცა, პარლამენტში არსებული პრაქტიკის მიხედვით, პრეზიდენტის საკუთრივ საგაზაფულო სესიის პირველივე სხდომაზე არ მიდის და მისვლის თარიღი, ძირითადად, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მმართველ გუნდს შორის კონსულტაციების საგანია.
რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატს და იქნება თუ არა დებატები, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი სურვილია, გიორგი მარგველაშვილის მოხსენება და დებატები ისე წარიმართოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტს შეეფერება.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ბევრი კითხვა ისმება ადამიანის მიმართ, რომელსაც, პრაქტიკულად, პასუხისმგებლობა არაფერზე გააჩნია.
„არა მგონია, ამ გამოსვლამ, შინაარსმა, ტექსტმა ან რაიმე მისმა ფილოსოფიურმა შეხედულებებმა რაიმე დახმარება გაუწიოს მას, თუკი იგი აპირებს წინასაარჩევნო მარათონში მონაწილეობის მიღებას. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მოსაზრება ეგ იყოს. საერთოდ, ბევრი კითხვა ისმება ადამიანის მიმართ, რომელსაც, პრაქტიკულად, პასუხისმგებლობა არაფერზე გააჩნია, ამბიცია და პოპულიზმის შესაძლებლობა კიდევ უკიდეგანო აქვს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს საპარლამენტო ოპოზიციას. „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ მარგველაშვილს გაკეთებული საქმეების მიხედვით შეაფასებენ. თუმცა, როგორც დეპუტატი აცხადებს, პრეზიდენტის საქმეები ნამდვილად არ არის საამაყო.
„შესაძლოა, მარგველაშვილი ცდილობდეს, რომ საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს, როგორც უკვე მომავალმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, მე ამ გეგმების თაობაზე არაფერი ვიცი, მაგრამ მას ადამიანები არ შეაფასებენ ამ ერთი კონკრეტული გამოსვლით, მას შეაფასებენ გაკეთებული საქმეების მიხედვით. მისი საქმეები ნამდვილად არ არის საამაყო, თუნდაც, ბოლო მომენტი რომ გავიხსენო, როდესაც თავისი კონსტიტუციური უფლება პირადი მიზნებისთვის გამოიყენა“, - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ თუკი მმართველ გუნდს კრიტიკული დამოკიდებულება ექნება მარგველაშვილის საპრეზიდენტო ამბიციებთან დაკავშირებით, ეს მმართველი გუნდის პრობლემაა, რომელსაც ამ დრომდე საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს.
„თუ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში პრეზიდენტის მოსვლა, ორი საათით ტრიბუნის გამოყენება სერიოზული საფრთხე ჰგონია, მაშინ კარგად ყოფილა მაგათი საქმე და აბსოლუტურად სწორია მათი განგაში და ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ამ არჩევნებს წააგებენ. ფაქტია, რომ „ქართულ ოცნებას“ ძალიან ეშინია საპრეზიდენტო არჩევნების და სრულიად სამართლიანად, ვინაიდან, ფაქტობრივად, ქვეყანა ჭაობშია ჩაფლული, უმძიმესი სოციალური და ეკონომიკური ვითარებაა, წარუმატებლობაა ყველა მიმართულებით. მეორე მხრივ, ნებისმიერ ადამიანს ის კონკურენტად განიხილავს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.