ზურაბ ალავიძეს შემდეგ, მუშაობის კერძო სექტორში გაგრძელების სურვილით თანამდებობდა გიორგი სეთურიძემ დატოვა. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ახალმა მინისტრმა პირველი სამუშაო დღე საკადრო ცვლილებით დაიწყო. მაია ცქიტიშვილის გადაწყვეტილებით, თანამდებობას საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სეთურიძემ დატოვა.
საგზაო დეპარტამენტის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ მან თავად მიიღო წასვლის შესახებ გადაწყვეტილება, ახალმა მინისტრმა კი პრემიერთან უშუამდგომლა. ამბობს, რომ ახალ ხელმძღვანელობას უნდა მიეცეს საშუალება საკუთარი საკადრო პოლიტიკა გაატაროს.
რაც შეეხება ბრალდებას მისი კორუფციაში ჩართულობის შესახებ, სეთურიძე განმარტავს, რომ მის უწყებაში ყველა ტენდერი გამჭვირვალე იყო და დეპარტამენტში კორუფციის არსებობას გამორიცხავს. ასევე უარყოფს იმ ბრალდებებს, რომელსაც ოპოზიცია უყენებს და ამბობს, რომ ბრალდებების მიუხედავად სამართალდამცველები მისი საქმიანობით არ დაინტერესებულან.
„გზების დეპარტამენტში კორუფციის დაბალი დონე კი არა, უნდა ვთქვა, რომ ნოლთან არის, ხოლო ტენდერების ჩატარების გამჭვირვალობა და სამართლიანობა არის უმაღლეს ზღვარზე“, - აცხადებს გიორგი სეთურიძე.
საკადრო ცვლილებას უწყების შიდა საქმეს უწოდებენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით, პარლამენტის კომპეტენცია მხოლოდ მინისტრების საქმიანობის შეფასებაა და არა მის გადაწყვეტილებებში ჩარევა.
„მინისტრის საქმიანობაში ჩვენ არ ვერევით. აი, უკვე შემდგომ, როდესაც მინისტრი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს მის მიერ გაკეთებული საქმიანობის კუთხით, შეგვიძლია შეფასებები გავაკეთოთ“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
ისევე როგორც ზურაბ ალავიძის შემთხვევაში, „ევროპული საქართველო“ საგზაო დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. ირმა ნადირაშვილის განცხადებით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენი მილიონით დააზარალა სეთურიძემ სახელმწიფო ბიუჯეტი. როგორც დეპუტატი აცხადებს, სწორედ სეთურიძე იყო ფულის კეთების ახალი ხერხების ავტორი.
„კორუფცია „ქართული ოცნების“ საფირმო ნიშანია და კორუფცია არის ყველგან. მაგრამ უშვებენ მხოლოდ სეთურიძეს დ ალავიძეს, რაც მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ამ ადამიანების ირგვლივ სკანდალი დაიწყო. ეს სკანდალი გახდა ძალიან ხმაურიანი და მოიცვა ფართო მასშტაბები. ეს არის მხოლოდ რეაქცია „ქართული ოცნების“ მთავრობის, რადგან მოერიდნენ ხმაურის კიდევ უფრო გაღრმავებას.
ვფიქრობთ, რომ სეთურიძის მიმართ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და გამოძიებამ დაადგინოს, რამდენი მილიონით დააზარალა სეთურიძემ ბიუჯეტი, რომელიც იყო ფულის კეთების ახალი ხერხების ავტორი. მე შეგახსენებთ, მისი მოადგილეები როგორ გადადიოდნენ კერძო კომპანიებში და ეს იყო ერთგვარი ფორმა ატკატების მისაღებად“, - აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სწორედ „ევროპული საქართველო“ სდებს ყოფილ მინისტრს ზურაბ ალავიძიეს ბრალს კორუფციულ გარიგებებში და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოძიების მოთხოვნით მიმართავს. როგორც პარტიის წევრები აცხადებენ, აგრძელებენ ალავიძე-სეთურიძის უკანონო საქმიანობის ამსახველი მასალის გამოქვეყნებას და დარწმუნებული არიან, რომ სეთურიძეს, რომელსაც როგორც კორუფციის მამას ისე იცნობენ, მთელი მისი კორუმპირებული გუნდი მიყვება უკან. უწყებაში შესულია აუდიტის სამსახური და იმედი აქვთ მარტო მოხსნით არ დასრულდება ეს საქმე და ახალი მინისტრი ბოლომდე გამოიძიებს თუ სად წავიდა ბიუჯეტიდან გადარიცხული მილიონები, რომელიც გზების ხარისხიანი და სრულყოფილი დაგებისთვის იყო განკუთვნილი.
უწყებაში ამბობენ, რომ სწორედ სეთურიძის ხელმძღვანელობით ხალხს წაართვეს ტენდერები და ხალხმა დაკარგა სახლები, რომელიც ბანკში იყო ჩადებული გარანტიად. არაოფიციალური ინფორმაციით, სწორედ საეჭვო ტენდერები და კორუფცია გახდა საკადრო ცვლილების მიზეზი. მთავრობა ახლა აუდიტის დასკვნას ელოდება. არ არის გამორიცხული აუდიტის დასკვნის შემდეგ ალავიძე-სეთურიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.