[გერა მამულაშვილი]
საქართველომ რუსეთის ყველა რეგიონის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა. თბილისი მოტივად ადამიანთა თავისუფალი გადაადგილებისთვის მაქსიმალურ ხელშეწყობას ასახელებს. აქამდე გამარტივებული რეჟიმით მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიური რესპუბლიკების მოქალაქეები სარგებლობდნენ.
როგორც საგარეო უწყებაში განაცხადეს, "გამარტივებული სავიზო რეჟიმით საქართველოს საზღვრის გადმოლახვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მიერ არჩეული სავიზო პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს, რომლის მიზანია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ადამიანთა გადაადგილებას ტურისტული, ბიზნესის, სამედიცინო თუ სხვა ჰუმანიტარული მიზნებით და ეს თითოეული მოქალაქისათვის ნაკლები დროისა და ფინანსური დანახარჯებით განხორციელდეს":
"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 30 ივნისის #159 ბრძანების შესაბამისად, სასაზღვრო-გამტარ პუნქტ "დარიალის"/საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" საშუალებით გადაადგილებული პირებისთვის ვიზის გაცემის შეზღუდვის შესახებ 2010 წლის 26 თებერვლის #62 ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამ ბრძანების გამოქვეყნებისთანავე - 2011 წლის 2 ივლისიდან სასაზღვრო-გამტარ პუნქტ "დარიალის"/საბაჟო გამშვებ პუნქტ "ყაზბეგის" საშუალებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, უშუალოდ გამტარ პუნქტზე მიიღონ საქართველოში შემოსასვლელი ვიზები".
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე და მოსალოდნელ შედეგებზე კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ვესაუბრებით.
პაატა ზაქარეიშვილი: ვთვლი, რომ სწორი და კარგი ნაბიჯია. გარკვეულწილად, შეცდომის გამოსწორებაა. ადრინდელი გადაწყვეტილება ორ მიუღებელ პრინციპს ატარებდა; ეს იყო გამომწვევი ნაბიჯი, რადგან რუსეთის მთავრობას მის მოქალაქეებზე გავრცელებული უპირატესობები არ შეუთანხმა. მეორე – დისკრიმინაციული გადაწყვეტილება იყო, რადგან რუსეთის ყველა მოქალაქეს არ ეხებოდა.
მთავრობამ მეორე უარყოფითი მომენტი გამოასწორა და რუსეთის ყველა მოქალაქეს შემოსვლის უფლება მისცა. მაგრამ გადაწყვეტილების პირველი მანკიერი მხარე, შეუთანხმებლობის გარეშე, რუსეთის მოქალაქეებთან გარკვეული ღონისძიებების გატარება, გამაღიზიანებელ ნაბიჯად რჩება და ეს არც ჩვენ მოგვეწონებოდა.
თუმცა, ასეთი რამ რუსეთსაც გაუკეთებია. თავის დროზე უვიზო რეჟიმი აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და აჭარის მოსახლეობას შესთავაზა, ჯერ კიდევ აბაშიძის მმართველობისას. მახსოვს, მაშინ ეს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ მკვეთრად უარყოფითად შეაფასა. დღეს ჩვენ ვიქცევით ანალოგიურად.
მაინც რა შედეგი ჰქონდა პირვანდელ გადაწყვეტილებას?
– ბევრნი შემოვიდნენ ამ გზით საქართველოში. ჩრდილოეთ კავკასიაში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ოსეთში ბევრი რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს, რომლებსაც საქართველოში ნათესავები ჰყავთ. აქეთ გადაადგილება გაუადვილდათ. მეორე მხრივ, ამით უკონტროლო ვითარება შეიქმნა.
დარწმუნებული ვარ, რომ 99 პროცენტი კეთილგანწყობოლი შემოდის და ისინი საქართველოს არ ემტერებიან. მაგრამ ჩრდილოთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების (ტერაქტების და ა.შ) გათვალისწინებით, არ გამოვრიცხავ, რომ ეს უპირატესობა ტერორისტებმაც გამოიყენონ; რაც შემდგომში რუსეთ–საქართველოს დაძაბულობის კიდევ ერთ ფაქტორად იქცევა.
საქართველოს მხრიდან ეს ტურისტების მოზიდვის კუთხით გაკეთდა. ზოგადად, ეს ნორმალურია, რომ არა რუსეთთან დაპირისპირების კონტექსტი.
ამ ბოლო ნაბიჯს და ქართული მხარის წინა განცხადებებს დიალაგისთვის მზადყოფნის შესახებ, მოსკოვიდან რა რეაქცია მოჰყვება?
– ქართულმა მხარემ განცხადება ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე გააკეთა. ჰააგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა თბილისის სარჩელი მოსკოვის წინააღმდეგ; საუბარია რუსეთის ხელშეწყობით განხორციელებულ ეთნოწმენდაზე. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სარჩელი არადამაჯერებელი იყო. ამასთან, მხარეებს შესთავაზა მოლაპარაკების გზით მოეგვარებინათ არსებული პრობლემები. აქედან გამომდინარე, თბილისმა მოსკოვს შესთავაზა, რომ დიალოგის გზით შესწავლილიყო ეთნიკური წმენდის მიზეზები.
ასე რომ, თუ რუსეთი დიალოგზე არ წამოვიდა, საქართველოს სრული უფლება ექნება თქვას – მე შევასრულე ჰააგის თხოვნა, გავედი რუსეთზე მოლაპარაკებისთვის, ისინი არ დამთანხმდენ, ამიტომ იძულებული ვარ ჰააგაში ხელახლა სარჩელი შემოვიტანო. ალბათ, ხელისუფლების ნაბიჯი ამაზეა გათვლილი; რადგან წინასწარ ცნობილი იყო რომ რუსეთი ამას არ დათანხმდებოდა.
რა ტიპის დიალოგზე შეიძლება წამოვიდეს მოსკოვი იმ ფონზე, როცა საგარეო მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სააკაშვილს არ დაელაპარაკებიან.
– საერთოდ, რუსეთს მოლაპარაკება აწყობს და მიმდინარეობს კიდეც. როგორ გაიხსნა ლარსის გამშვები პუნქტი და ამდენი ადამიანი უვიზოდ როგორ გადაადგილდება? ეს მოხდა მოლაპარაკების შედეგად. რუსეთის და საქართველოს ინტერესებში იყო ლარსის გახსნა. ერევანში რამდენიმე რაუნდი ჩატარდა და გადაწყვეტილება მიიღეს.
მეორე მაგალითი – ბერნში ალბათ სულ მალე მოლაპარაკების მესამე რაუნდი ჩატარდება, რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. ისინი სააკაშვილს არ ელაპარაკებიან, თორემ კონკრეტულ თემებზე დიალოგი მიმდინარეობს.
სადაც რუსეთი საჭიროდ ჩათვლის, იქ მოლაპარაკებაში ჩაერთვება კიდეც. სააკაშვილს არა, მაგრამ ქართველ ჩინოვნიკებს ელაპარაკებიან, ეს ჟენევაში მოხდება, ბერნში თუ ერევანში. აშკარად ჩანს, რომ ისინი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე არ წამოვლენ, საუბარია მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარებაზე.
გავრცელებული ინფორმაციებით, ხელისუფლების სხვადასხვა დონის წარმომადგენლები მოსკოვთან საერთო ენის გამონახვას ცდილობენ; საუბარია როგორც სააკაშვილის გუნდზე ასევე მის ზურგსუკან მიმდინარე პროცესზე...
– ამის სათქმელად კონკრეტული ფაქტები არის საჭირო. ამასწინათ კახა კუკავა იყო რუსეთში და ის ხელისუფლებას არ წარმოადგენს. ერთადერთი ვიცი, რომ მერაბიშვილი რეგულარულად რუსულ პრესას ინტერვიუს აძლევს. ამით რუსეთში ქმნის განწყობას, რომ ამ ხელისუფლებასთან დიალოგის გამოსავალი არსებობს.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის თავის თავს სთავაზობს. თანაც მერაბიშვილი რუსეთში პოპულარულია როგორც ლიბერალებში (რომლებსაც პუტინი არ უყვართ) ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებში. მასზე ერთნაირად კარგად წერენ, როგორც ნოვაია გაზეტაში, ასევე კომერსანტში.
ხელისუფლება ამ დონეზე რუსეთს მესიჯებს უგზავნის, რომ მერაბიშვილი შესაძლოა იყოს ფიგურა, ვინც შეიძლება სააკაშვილს რუსეთთან ურთიერთობებში ჩაენაცვლოს. არ გამოვრიცხავ ხელისუფლების მხრიდან კულუარულ შეხვედრებსაც.
მაგრამ ამას თავი რომ დავანებოთ, ჟენევის ფორმატში რუსებს ხვდება ისეთი ფიგურა, როგორიც გიგა ბოკერიაა; ის თავისი სტატუსით ხელწამოსაკრავი არ არის, უშიშროების საბჭოს მდივანია. შესაბამისად, თუ მოინდომეს, ჟენევაში სხვა თემებზეც ილაპარაკებენ. ასე რომ, კონტაქტები არსებობს – ჟენევა, ბერნი და თუნდაც ერევანი. რაღაცის გადაცემის და მოლაპარაკების საშუალება ნამდვილად არსებობს.
კრემლს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებილი და „აღიარებული“ აქვს; რას უნდა ნიშნავდეს ამ პირობებში „ურთიერთობების აღდგენა?“
– ნებისმიერი დიალოგის, დათბობის და ურთიერთობის გამყარების მომხრე ვარ. მაგრამ სანამ სოხუმში და ცხინვალში მოსკოვის დიპლომატიური წარმომადგენლობაა, ამ პირობებში დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გარდა, მიმაჩნია, რომ ნებისმიერ სხვა ურთიერთობაზე უნდა წავიდეთ.
ვგულისხმობ საზღვრების გახსნას, ტრანსპორტის გადაადგილებას, რკინიგზას, ვაჭრობას და სხვა. სადაც შეიძლება წინ უნდა წავიწიოთ გარდა ერთისა, არავითარ შემთხვევაში დიპლომატიური ურთიერთობა არ უნდა აღვადგინოთ.