თბილისის განაშენიანების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც „სითი ინსტიტუტმა“ მოამზადა, მერია საკუთარ გადაწყვეტილებას პირველ აპრილს გამოაცხადებს, უფრო სწორად, დაზუსტდება, გააგრძელებს თუ არა მერია აღნიშნულ გუნდთან თანამშრომლობას, თუ თბილისის გენგეგმას, რომელსაც დედაქალაქი უკვე 30 წელია, ელოდება, უკვე არქიტექტორთა სხვა გუნდი დაასრულებს.
საკითხის განხილვას უკვე მოჰყვა ხმაური - პოლიტიკოსები საქმეს პოლიტიკურ ჭრილშიც განიხილავენ, რაც შეეხება პროფესიონალთა პოზიციას, სპეციალისტები თვლიან, რომ შესაძლოა, სკანდალის რეალური მიზეზი, თავის დროზე, დამკვეთის მიერ კონტრაქტორისთვის არასწორად მიცემული დავალება იყოს - შექმნილ პრობლემაზე „მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ირაკლი როსტომაშვილი გვესაუბრება.
ირაკლი როსტომაშვილი: - შენიშვნები გენგეგმის მიმართ მუდამ იარსებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ქალაქი ერთნაირი იქნებოდა. ასეთი დოკუმენტი ყოველთვის აზრთა შეჯერებით მიიღება. როდესაც მსგავს დოკუმენტზე მუშაობენ, ყოველთვის მნიშვნელოვანია, სწორად იყოს მიცემული დავალება, რისი მიღებაც გსურს - ვფიქრობ, თავის დროზე დიდი შეცდომა დაუშვა მერიამ, როდესაც ზერელე დავალება მისცა კონტრაქტორ კომპანიას.
შვედეთის მაგალითს მოვიყვან - კონკრეტული მაგისტრალის მშენებლობის დროს დავალება იყო ასეთი, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი უნდა ყოფილიყო 5 ავიაგამანადგურებლის მიღება და მშენებლებმა ეს ამოცანა შეასრულეს.
როდესაც თბილისის გეგნეგმის შედგენა დაავალეს, რაიმე კონკრეტული დავალებები არსებობდა? როგორც ვიცი, უთხრეს, კარგი გენგეგმა გაგვიკეთეო და გუნდმა, რომელიც მუშაობდა, დადო ის, რაც ჩათვალა საჭიროდ. რაც შეეხება ჯგუფს, რომელიც დოკუმენტზე მუშაობს, მათ პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება და რაც დაავალეს, მგონია, რომ ის გააკეთეს.
პოლიტიკოსების მიერ ისეთ საკითხებზე მიდის მსჯელობა, რომ ძალიან უცნაურად გამოიყურება ყველაფერი - ეს იგივეა, საკრებულოს წევრი კვანტური ფიზიკის ნიუანსებზე მსჯელობდეს - პოლიტიკოსების ამოცანა კონკრეტული დავალების კვალიფიციურად ჩამოყალიბებაა - დანარჩენს პროფესიონალები გააკეთებენ.
ვინმემ იცის საქართველოს როგორი ბიუჯეტი ექნება 20 წლის შემდეგ? - ალბათ არა, თუმცა გენგეგმა სწორედ ამ ციფრებზეა მიბმული, ის ცოცხალი მექანიზმია, იცვლება და ვითარდება ქვეყანასთან ერთად.
თუმცა, ახლა მთავარია, როგორი გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს...
- მერმა თქვა კიდეც, რომ ეს კარგი დოკუმენტია და მასზე დაყრდნობით უნდა განვავითაროთ - ეს ნიშნავს, რომ ლაპარაკია დედაქალაქის განვითარების შესაბამისად, გენგეგმის მუდმივ განახლებაზე. თუ, დავუშვათ, მოგვიწევს ელექტრონულ ტრანსპორტზე გადასვლა, შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება გენგეგმაში კომუნიკაციების თვალსაზრისით და ა.შ.
კიდევ ვიმეორებ, რა დოკუმენტიც მომზადდა, საყრდენად ძალიან კარგია, მაგრამ არის ნიუანსები, რაზეც ღირს დაფიქრება - თბილისში ცხოვრობს 300 ათასი დევნილი, ვფიქრობ დაახლოებით 20 წელიწადში ქვეყანა მათ უკან დაბრუნებაზეც უნდა ფიქრობდეს და ეს გენგეგმაშიც უნდა იყოს გათვალისწინებული. თუ არ არის, გამოდის, რომ ამ ამოცანაზე უარი ვთქვით?! მე რომ პოლიტიკოსი ვიყო, იმის გათვალისწინებასაც დავავალებდი, რომ თბილისში მცხოვრებთა 30% შესაძლოა, 20 წელიწადში თავის საცხოვრებელს დაუბრუნდეს და ამაში დევნილების გარდა სოფლიდან სიღარიბეს გამოქცეულ ადამიაბნებსაც ვგულისხმობ. ეს მაგალითები იმისთვის მომყავს, რომ კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რა ტიპის ამოცანებია გასათვალისწინებელი მსგავს დოკუმენტში.
გენგეგმა ზოგჯერ დამოკიდებულია ასეთ ნიუანსებზეც - მაგალითად, ამა თუ იმ მუნიციპალიტეტს როგორი ცეცხლსაქრობი სისტემა გააჩნია. პირდაპირ რომ ვიძლევით 40-სართულიანი შენობის აშენების ნებართვას, ვინმემ იფიქრა ხანძრის შემთხვევაში მისი ჩაქრობა ან ხალხის ევაკუაცია როგორ მოხდება?!
ანუ გეგმა მხოლოდ სურვილებსა და სილამაზეზე არ არის დამოკიდებული - არამედ იმაზე რისი საშუალებები გაქვს. კომუნისტების დროსაც კი, თბილისი მეორე კატეგორიის ქალაქებში გადიოდა, სადაც არ შეიძლებოდა 16 სართულზე მეტის აშენება, იმიტომ, რომ ევაკუაციის შესაბამისი ტექნიკა არ არსებობდა. დღეს უამრავი ქუჩაა სადაც სახანძრო მანქანა არა თუ ვერ მოუხვევს, არამედ ვერც შევა - ეს ნიშნავს, რომ ყველა უწყებამ საკუთარი მოთხოვნა უნდა წარუდგინოს მუნიციპალიტეტს და ამ მოთხოვნათა საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს ამოცანა, რომელსაც შემდეგ მშენებლებს გადასცემ. ის კი არ უნდა უთხრა, შენ რაც მოგეწონება ის დახატეო! მგონია, ისიც გასათვალისწინებელია, რუსეთის ჯარი თბილისიდან 40 კილომეტრში რომ დგას, მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით, რაღაც სხვანაირადაც შეიძლება დაიგეგმოს...
მერაბ ბოლქვაძეს, რომელიც 50 წელია მშენებლობას ემსახურება და საკუთარი საქმის შესანიშნავი სპეციალისტია, ეს ვინმემ უნდა უთხრას - ასეთ ნიუანსებს საკუთარი შეხედულების მიხედვით ვერ გაითვალისწინებს. გარდა ამისა, არ შეიძლება 1,5-მილიონიანი ქალაქის გენგეგმა დაჯდეს 2,8 მლნ ლარი, ანუ - 4-5 ჯიპის ფასი. თუ გვინდა, ხარისხი და მაღალი სტანდარტი, მაშინ, ალბათ, 25-30 მილიონი ლარი მაინც დაჯდება გენგეგმა. მათ შორის, მხოლოდ სატრანსპორტო კვლევა და მოდულირება შეიძლება დაჯდეს უფრო ძვირი, ვიდრე 2,8 მლნ ლარი. შესაბამისად, ვერ მოვითხოვთ ძალიან მაღალი სტანდარტის გენგეგმას, თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ დავალების სწორად ჩამოყალიბება შეიძლება დაჯდეს 10 მლნ ლარი.
ანუ თვლით, რომ პროცესი ჩიხში ჯერ კიდევ არ არის შესული?
- უკვე კარგია, რომ ამ თემით ჟურნალისტები ინტერესდებიან, მერია აქტიურად არის ჩართული, ბოლო ერთ კვირაში სამჯერ შევხვდი მერიის წარმომადგენლებს, ნარმანიას დროს კი ერთხელაც არა. მგონია, რომ თუ ახალი ამოცანები გაჩნდება, იქნება მსჯელობა და კორექტირებაც მოხდება. უკვე აშენებულს არაფერი ეშველება, თორემ საშლელი იმისთვის მოიგონეს, რომ ფურცელზე დახატული წაშალო და გაასწორო.
მერია აცხადებს, რომ შენიშვნების გასათვალისწინებლად 45-დღიანი ვადა მისცეს კონტრაქტორს, მაგრამ არ გაითვალისწინა და ამიტომ დადგა მასთან თანამშრომლობის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში...
- შესაძლოა, იყო მსგავსი რამ - დეტალები არ ვიცი, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეული შენიშვნები პროფესიონალმა არ გაითვალისწინოს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩათვალოს, მაგალითად, რაღაცის გაკეთება არ შეიძლება და ა.შ... ეს ჩვეულებრივი, სამუშაო პროცესია...
უბრალოდ, ის მაღიზიანებს პოლიტიკოსები რომ აკეთებენ განცხადებებს და ნებისმიერი სფეროს სპეციალიტებად რომ გვევლინებიან. ხომ შეიძლება აცალონ სპეციალისტებს მუშაობა!
მათი დაინტერესებაც გასაგებია, ძალიან ბევრი პოლიტიკოსის უკან სამშენებლო ბიზნესის ინტერესია, მათი ოჯახის წევრები არიან ჩართული ამ ბიზნესში და ა.შ...
- ამ შემთხვევაში სამოქალაქო ინტერესია წინა პლანზე წამოწეული და არა სამშენებლო ბიზნესის - ყველას უნდა კარგ ქალაქში ცხოვრება. გენგეგმაში მხოლოდ ზოგადი პრინციპებია და ამ შემთხვევაში სამშენებლო ბიზნესს არ მგონია, ლობისტები სჭირდებოდეს.