ქვეყანაში ასეულობით შენობაა, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს

ქვეყანაში ასეულობით შენობაა, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს

შენობა-ნაგებობებში უსაფრთხოების სისტემის არარსებობის გამო სულ ახლახან რუსეთში ათეულობით ადამიანი დაიღუპა. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, მსგავსი საფრთხე საქართველოშიც არსებობს, რამდენადაც განსაკუთრებით ახალაშენებულ ობიექტებში უსაფრთხოების სისტემა სათანადო დონეზე არ მუშაობს. როგორც ჩანს, კემეროვოს ტრაგედიამ გამოაფხიზლა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც უახლოეს პერიოდში დაიწყებს იმ ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას, სადაც სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არ იქნება.

მათივე ინფორმაციით, სამსახურის ზედამხედველობის სამმართველო პერმანენტულად ამოწმებს ქვეყნის მასტაბით არსებულ შენობა-ნაგებობებს, რათა მოხდეს სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ვითარების შესწავლა. მოწმდება, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებული ობიექტები. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

შარშან სამმართველოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით 6000-მდე შენობა-ნაგებობა შემოწმდა, 200-მდე ობიექტი დაჯარიმდა, ათასობით შენობის მეპატრონეებზე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები. გამოდის, რომ ქვეყანაში ასეულობით შენობაა, რომელიც უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს.

„საზოგადოებას აქვს უფლება, მისივე უსაფრთხოებისთვის, ფლობდეს ინფორმაციას სად არ არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები. შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს იმ ობიექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებას, სადაც არ იქნება დაცული სახანძრო უსაფრთხოების წესები. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს და გამოვალთ ინიციატივით, რომ მნიშვნელოვნად გამკაცრდეს სანქციები უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს შენობებში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას. დროულად უნდა შესრულდეს ყველა რეკომენდაცია, რათა არ შევუქმნათ საფრთხე ადამიანების სიცოცხლეს“, - აცხადებენ სიტუაციების მართვის სამსახურში.

სულ სხვაგვარ ინფორმაციას ავრცელებენ სამშენებლო დარგის სპეციალისტები. მათი მტკიცებით, არათუ მშენებლობის პროცესში, შემდეგშიც კი არაფერი კონტროლდება. სამშენებლო სფეროს ექსპერტი, შოთა გუჯაბიძე ამბობს, რომ პირველ რიგში, ექსპლუატაციის წესები მკაცრად უნდა განისაზღვროს.

„სიტუაცია არის მრავალნაირი და საფრთხე ყველგან მოსალოდნელია, სადაც კი კონტროლის სისტემა არ არსებობს. სავაჭრო ცენტრებისა და გასართობი კომპლექსების შემთხვევაში საფრთხე შეიძლება შეიქმნას ევაკუაციის გეგმის არასწორი შედგენის ან არარსებობის გამო. სხვა თუ არაფერი, მასობრივი პანიკის მიზეზით მოხდეს ჭყლეტა ან დაკვამლიანების გამო ვერ მოხერხდეს გზის გაგნება, რაც კიბის უჯრედებსა და ლიფტებში ხშირად ხდება.

ახლა ყველანაირი მონიტორინგი და ვალდებულების კონტროლი გაუქმებულია. დიდ უსიამოვნებებს ავიცილებთ თავიდან, თუკი უსაფრთხოების სტანდარტი იქნება დაცული. პირველ რიგში, ექსპლუატაციის წესები უნდა განისაზღვროს ამა თუ იმ შენობისათვის. წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ხდებოდეს“, - აცხადებს შოთა გუჯაბიძე.