„მინდა ის ადამიანები დავარწმუნო, ვინც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე ტაიმერი აქვთ დაყენებული - ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს. ამიტომ დაისვენონ. მე მათი საცოდაობით აღარ ვარ, გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა“, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
გიორგი კვირიკაშვილმა მისი გადადგომის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა, მთავრობაში პრემიერმა სამთავრობო კარუსელი დაატრიალა. თანამდებობა დატოვა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მაია ცქიტიშვილმა დაიკავა.
მაია ცქიტიშვილი 2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე საქართველოს მთავრობის კანცელარიის-ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კადრი და ნდობით აღჭურვილი პირია. პრემიერი ამბობს, რომ ზურაბ ალავიძემ კერძო სექტორში დაბრუნების თხოვნით მიმართა. ამბობს, რომ რამდენიმე დღე დასჭირდა დაერწმუნებინა დარჩენაში, თუმცა ვეღარ შეძლო.
არაოფიციალური ინფორმაციით, მთავრობამ ალავიძის განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კითხვები გაჩნდა მისი საქმიანობისა და საეჭვო ტენდერების შესახებ. არსებული ინფორმაციით, საეჭვო ტენდერების თემას, რომელსაც ალავაძის მოადგილეების და დეპარტამენტის თავმჯდომარეების კომპანიები იგებდნენ, სუს-ის ანტიკორუფციული სამსახური სწავლობს. როგორ განვითარდება პროცესები ალავიძის გარეშემო, ამას უკვე გამოძიების შედეგებიდან შევიტყობთ.
„მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო იმ პოლიტიკურ მითქმა-მოთქმას, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული დღეების განმავლობაში. ამ ცვლილების თაობაზე გაჟონა ინფორმაციამ და რანაირი ისტორია აღარ მოვისმინეთ. მოგეხსენებათ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ატარებს სხვადასხვა ტენდერს და არაერთი კომპანია მონაწილეობს ამ ტენდერებში, ბუნებრივია, რომ კერძო სექტორის ყველა სუბიექტი ვერ იქნება ერთანაირად ბედნიერი და კმაყოფილი და ისინი სხვადასხვა პოლიტიკური საშუალებებით, მათ შორის, ჩვენ ვნახეთ ე.წ. ოპოზიციონერები, რომლებიც კონკრეტულ კომპანიებს ლობირებდნენ გუშინ, იყვნენ აყოლილები ამ მითქმა-მოთქმას.
მინდა გითხრათ, რომ ამ პოლიტიკურ სპეკულაციებს აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია, რაც მოგიყევით ეს არის სიმართლე და ეს არის ის რეალობა, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენი მოქალაქისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ალავიძის სახელი პერიოდულად უკავშირდებოდა რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკურ დაპირისპირებებს. ალავიძეს ღიად დაუპირისპირდა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია და მინისტრი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულებით, არასათანადო ჩართულობის გამო გააკრიტიკა. დეპუტატი საკადრო ცვლილებას მიესალმება და ამბობს, რომ პარლამენტის პირდაპირი ვალდებულებაა, მთავრობის ნებისმიერი საქმიანობა შეაფასოს.
„მოგეხსენებათ, პარლამენტი ამტკიცებს მინისტრთა კაბინეტს და შესაბამისად, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, ვინაწილებთ პასუხისმგებლობას ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. შესაბამისად, ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, შევაფასოთ მთავრობის ნებისმიერი საქმიანობა და აღვასრულოთ საპარლამენტო კონტროლი“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
„ევროპულ საქართველოს“ არ სჯერა პრემიერის განცხადებების და ამტკიცებს, რომ ალავიძე მოხსნეს იმ კორუფციული სკანდალების გამო, რომელზეც პარტია საუბრობა და საავტომობილო გზების დეპარტამენტში გამოვლენილი კორუფციული სქემების შესახებ მასალები სუს-ს წარუდგინა. მასალები შეეხება კონკრეტულ ერთ მიმართულებას, ეს არის გზების დეპარტამენტი.
როგორც „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, იყო ერთი ჯგუფი ადამიანების, რომლის ხელმძღვანელიც ზურაბ ალავიძე იყო, ერთი ხელით გასცემდა ტენდერებს კომპანიებზე, რომელსაც გზები უნდა დაეგო, მეორე ხელით კი - იმ კომპანიებზე, რომლებსაც ხარისხი უნდა შეემოწმებინა. შემდეგ ამ კორუფციული სქემის წარმომადგენლები თავად დასაქმდნენ როგორც დამგეგმავ, ისე შემმოწმებელ კომპანიებში.
ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ალავიძის სისტემაში ადგილი ჰქონდა სისტემურ კორუფციულ ჭაობს.
„ჩვენ ვიხილეთ სქემა, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ სეთურიძის და ალავიძის ფულის კეთების ნოუ ჰაუ. ბატონმა პრემიერმა თქვა, რომ ის ეფექტური მენეჯერია, მე დავამატებდი, რომ ის ძალიან ეფექტურია ფულის კეთებაში. სეთურიძე და ალავიძე ერთობლივად ახერხებდნენ, რომ კერძო კომპანიები ჯერ იგებდნენ ტენდერებს გზების მშენებლობაში და შემდეგ ამ კომპანიებში სამუშაოდ გადადიოდნენ სეთურიძის მოადგილეები, რაც ე.წ. ატკატების მიღების გზა იყო“, - აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.
რაც შეეხება კორუფციულ გარიგებებს, „ქართული ოცნების“ წევრი გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ სამინისტროში საკმაოდ დიდი თანხა ტრიალებდა და გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება, მათ შორის, ფინანსურ ხარჯვასთან დაკავშირებით.
„ზოგადად, სამინისტროში რა და როგორ ხდებოდა, ამაზე ინფორმაცია პარლამენტსაც უნდა ქონდეს და საზოგადოებასაც. ბუნებრივია, გვაქვს კითხვები, ბევრი რამ კეთდებოდა სამინისტროში და როცა ბევრი რამ კეთდება, კითხვები ჩნდება ხარისხთან დაკავშირებით, მენეჯმენტთან, ფინანსური რესურსის ხარჯვასთან დაკავშირებით. არ მიყვარს წინასწარი ფონის შექმნა და დადანაშაულება, თუმცა, როცა რამდენიმე მილიარდს ხარჯავს სამინისტრო, ბუნებრივია, კონტროლის მექანიზმები სათანადო უნდა იყოს, რომ ვინმემ ეს ბოროტად არ გამოიყენოს“, - აცხადებს გედევან ფოფხაძე.
საკადრო ცვლილებას ბიძინა ივანიშვილის ინტერესებით ხსნის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია, რომლის განცხადებით, ალავიძე ერთ-ერთი ნომრამლური მინისტრი იყო.
„ერთადერთი ნორმალური მინისტრი თუკი ვინმე ჰყავდათ კაბინეტში, ეს იყო ბატონი ალავიძე და ისიც ეტყობა ბატონი ივანიშვილის დავალებით გადააყენეს სრულიად დამამცირებლად და დანიშნეს ივანიშვილის უახლოესი ადამიანი. როგორც ჩანს, იგი ჩვეული ელასტიურობითა და მოქნილობით ვერ აფათურებდა ხელს საკუთარი გემოვნების მიხედვით ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორც მას სურდა“, - აცხადებს ნიკა მელია.
ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის გადადგომას და მის შემცვლელად მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ცქიტიშვილის დანიშვნას, „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას უკავშირებს პარტია „ახალი საქართველოს“ წევრი, გიორგი ვაშაძე, რომლის შეფასებით, ნათელია, რომ გუნდის შიგნით მიმდინარეობს ბრძოლა გავლენების მოსაპოვებლად.
„ალავიძის გადადგომით პრემიერმა ამ პროცესს ყველაზე ნაკლებად ახლობელი პირი შესწირა. ეს არის კვირიკაშვილის დასასრულის დასაწყისი, იმიტომ, რომ ალავიძე იყო პირადად მისი თანაგუნდელი და, როგორც ჩანს, იმ თანაგუნდელებს შორის, რომელიც მთავრობაში ჰყავს, ყველაზე ნაკლებად ახლობელი შესწირა ამ პროცესს. მთავრობის მთავარი პრობლემა არის კვირიკაშვილი, რომელიც კაბინეტშია ჩაკეტილი“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.