მერია ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესის დროებით შეჩერებას გეგმავს. პარალელურად მსგავსი შეზღუდვა ამოქმედდა დიღმის ჭალებში. უსისტემო და არალეგალური მშენებლობებთან დაკავშირებით ბრძოლა მძაფრდება და დედაქალაქის მერიას ამ მხრივ სრული თავისუფლება მიიღო.
მტკვრის კალაპოტსა და ვერეს ხეობაში გაცემული ზონალური შეთანხმების გასაბათილებლად ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ ტერიტორიების პოტენციალის კვლევა უკვე მიმდინარეობს, რომლის საფუძველზე ურბანული განვითარების სამსახური განვითარების გეგმას მოამზადებს.
„ლისის ტბის გარშემო მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ დგას იმ ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხე, რის გამოც ლისი, როგორც სარეკრეაციო სივრცე მიმზიდველია თბილისელებისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანაა მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოსური განაშენიანების პროცესის შეჩერება და განვითარების სწორ კალაპოტში მოქცევა. ამიტომ, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, რომ ლისის არეალში დროებით შეჩერდეს განაშენიანების პროცესი“, - აღნიშნა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ ქაოსური განაშენიანება რჩება. აუცილებელია ქალაქმშენებლობა ხორციელდებოდეს იმგვარად, რომ არა მარტო კომფორტული იყოს დედაქალაქში ცხოვრება, არამედ გაიზარდოს მისი ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი, პარალელურად კი დაცული იყოს დედაქალაქის, კერძო მესაკუთრისა და ინვესტორის ინტერესები.
ქალაქის განვითარების გეგმის ჭრილში, შესაძლოა, თბილისის გარკვეულ უბნებში მშენებლობაზე შეზღუდვები დაწესდეს. თბილისი მერის განცხადებით, არეალის განსავითარებლად შემუშავდება გეგმა და სანამ იგი მზად არ იქნება, მშენებლობები შეჩერდება.
მაგალითად, ლისის ტბის გარდა, განაშენიანება შეწყდება დიღმის ჭალებშიც. მტკვრის კალაპოტსა და ვერეს ხეობაში გაცემული ზონალური შეთანხმების გასაბათილებლად კი ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყება. კალაძის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიებში გაცემულ დოკუმენტებში ხარვეზები გამოვლინდა.
აღსანიშნავია, რომ მშენებლობის განხორციელების მოთხოვნით ქალაქის მერიაში შესულ 600-მდე განცხადებას უარყოფითი პასუხი უკვე გაეცა. რიგ შემთხვევებში, ზონის ცვლილების ან კოეფიციენტის გაზრდის შესახებ წარმოდგენილი მოთხოვნები ქალაქის განვითარების პარამეტრებს არღვევდა.
თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, ყველა იმ ადგილზე, სადაც ქაოსური მშენებლობები მიმდინარეობდა, მერია განაშენიანების გეგმებს შეიმუშავებს და მშენებლობები მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდება.
„ქაოსური განაშენიანებები ქალაქის ინტერესების საზიანოა და ამ მხრივ ინვესტორებსაც ექმნებათ პრობლემა, ვისაც ამ ადგილების განაშენიანება უნდათ, გამომდინარე იქედან, რომ ადგილი არ არის უზრუნველყოფილი საინჟინრო ინფრასტრუქტურით, არ არის არანაირი კომუნიკაციები და და საგზაო ინფრასქტურქტურა. შესაბამისად, მერიის მხრიდან მიღებულია უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და ლისის ტერიტორიის გეგმარებითი დავალება და ტერიტორიის ჩარჩო-განაშენიანების გეგმა თვითონ მერიის სამსახურების მიერ მომზადდება. ეს ხელს შეუწყობს ტერიტორიის სწორ განვითარებას ისე, რომ რეკრეაციული ფუნქციები იყოს შენარჩუნებული. ეს არის პირველი პრაქტიკა, ეტალონური ჩარჩო-დოკუმენტის შექმნის“, - განაცხადა ბითაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი მიდგომები მერიას სხვადასხვა მიმართულებითაც აქვს.
„დაიწყო და სრულდება ადმინისტრაციული წარმოება ორ ტერიტორიაზე - ვერეს ხეობაში კონკრეტული ობიექტის მშენებლობაზე და ასევე მტკვრის კალაპოტში ერთ ობიექტზე, რომლის განაშენიანებაც დაგეგმილი იყო პირდაპირ მეტეხის კედელზე, გზის მიმდებარედ, გვირაბთან. კატეგორიულად მიუღებელია ამ ტერიტორიაზე განაშენიანება ქალაქის ინფრასტრუქტურის ლანდშაფტისა და სატრანსპორტო კვლევებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ბითაძემ.
ბითაძის თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული დიღმის ჭალებთან მიმართებითაც, სადაც ფაქტობრივად მდინარის დატბორვის არეალია, ამიტომ აღნიშნულ ტერიტორიაზე დაინტერესებულ პირებს ინტენსიურ განაშენიანებაზე უარი ეთქვათ.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, წლების განმავლობაში დედაქალაქში ქაოსური განაშენიანება მიმდინარეობდა. ამიტომ დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებებს მშენებლობების შეჩერებასთან დაკავშირებით, მოქალაქეების დაკვეთაც უდევს საფუძვლად.
„მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს რეკრეაციული და ლანდშაფტური ზონები, რომელიც ქალაქში არსებობს. თუ ჯერ არ დაწყებულა მშენებლობა, არის შესაძლებლობა, რომ ნებართვები გაუქმდეს. ეს ჩემი აზრით მნიშვნელოვანია ქალაქის გამწვანების კუთხით. მაქსიმალურად უნდა მოხდეს ქაოსურ განაშენიანებასთან ბრძოლა“, - აღნიშნა კუჭავამ.