თარგამაძემ ხელისუფლებას დღის წესრიგი აურია

თარგამაძემ ხელისუფლებას დღის წესრიგი აურია

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობზე ზურაბ ალავიძეს მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეცვლის. გადაწყვეტილება 29 მარტს უნდა გამხდარიყო ცნობილი, თუმცა ცვლილების ოფიციალურად გამოცხადება გადავადდა, შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე დღით.

ზურაბ ალავიძე ინფრასტრუქტურის მინისტრად 2016 წლის შემოდგომაზე დაინიშნა. მაია ცქიტიშვილი მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელად 2012 წლის ნოემბრიდან მუშაობს.

მედიის ინფორმაციით, სანდრო წყარო მთავრობის ადმინისტრაციიდან ადასტურებს, რომ უკვე გადაწყვეტილია პოსტიდან ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის გაშვება და მას ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი ჩაანაცვლებს.

ვრცელდება ინფორმაცია სხვა საკადრო გადაადგილებების შესახებაც - პოსტის დატოვება კიდევ რამდენიმე მინისტრს მოუწევს და ისიც ცნობილი ხდება, რომ ამ ეტაპზე არ იგეგემება პრიემერ-მინისტრის შეცვლა - კვირიკაშვილი თანამდებობას ივლისამდე შეინარჩუნებს...

„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი. მე, ჯერჯერობით არსად წასვლას არ ვაპირებ. ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. დამშვიდდით, დაწყნარდით. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა და ყველაფერი კარგად იქნება“, - განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს.

ზუსტად იმ დროს, როდესაც „წყაროს“ ცნობით დადასტურებული საკადრო ცვლილებები უნდა გასაჯაროებულიყო, „ევროპული საქართველოს“ წევრმა გივი თარგამაძემ ზურაბ ალავიძე სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაულა.

თარგამაძემ განაცხადა, რომ კორუფციული გარიგებები ზურაბ ალავიძის ხელშია და ერთ-ერთი მსხვილი კორუფციული სქემა გზის მშენებლობასა და საფარის დაგებას ეხება.

უმრავლესობას სხვა გზა აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ საკუთრი მინისტრი დაეცვა.

„ძალიან რთულია, სერიოზული კომენტარი გააკეთო იმ ადამიანის ბრალდებაზე, რომელიც თავად არაერთხელ იყო მხილებული და ჩართული პროცესებში“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მედიით ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მისი ეს ბრალდებები არის მართული პროცესი და შესაძლოა, უკავშირდებოდეს „ბლექ სი გრუპის“ მხრიდან გარკვეულ ინტერესებს, რომელიც ალავიძის უწყებასთან მიმართებით არსებობს. თალაკვაძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, საკითხს ჩაუღრმავდნენ, თუმცა რაც ზედაპირზე დევს ის არის, რომ ყოფილი მერის, დავით ნარმანიას ბოლო და ერთადერთი გრანდიოზული პროექტის, პეკინის ქუჩის განახლების ხორცშემსხმელი სწორედ „ბლექ სი გრუპია“.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია „ევროპული საქართველოს“ ბრალდებებს სამინისტროს მიმართ „ბინძურ ჭორებს“ უწოდებს. როგორც გაბუნიამ განაცხადა, ოპოზიციას ასეთი „საქმიანობისთვის“ სპეციალური პიარკონსულტანტები ჰყავს.

სავარაუოდ, ადრე თუ გვიან, ისიც გაირკვევა, რამენად საფუძვლიანია ოპოზიციის აღნიშნული ბრალდება - ერთი კი ცხადია - საკადრო გადაადგილებები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, პრესაში უკვე აქტუალური თემაა, რომ მთავრობიდან შესაძლოა, ჯერ კვირიკაშვილის კადრები „გაიწვიონ“- ვიცე-პრემიერი, მიხეილ ჯანელიძე და პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი; საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი კვირიკაშვილს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ან ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე შეცვლის.