„ზღვის ვარსკვლავი 2018“-ის ფარგლებში, 30 მარტიდან - 1 აპრილამდე, შავ ზღვაზე თურქეთ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნები ჩატარდება. თურქეთის საზღვაო ძალების გემები - „TCG ფათიჰი“ და „TCG ვოლკანი“, ბათუმის პორტში შემოვლენ. ხოლო 2 აპრილს საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან ერთად სწავლება „PASSEX“ ჩატარდება. თურქეთის სამხედრო გემები ბათუმში ხვალ 9:00 საათზე შემოვლენ.
როგორც for.ge-ს თურქეთის საელჩოში განუცხადეს, ბათუმის პორტში ვიზიტი და სწავლება ემსახურება, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას.
„შავი ზღვის უსაფრთხოება, რეგიონის ქვეყნების, საქართველოს და თურქეთის ერთობლივი პასუხისმგებლობაა. თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან თანამშრომლობას. აქედან გამომდინარე, ხორციელდება სხვადასხვა სახის სწავლებები და ვიზიტები პორტებში. 30 მარტიდან - 1 აპრილამდე, თურქეთის საზღვაო ძალების გემების - „TCG ფათიჰისა“ და „TCG ვოლკანის“ ვიზიტი ბათუმის ნავსადგურში, „ზღვის ვარსკვლავი 2018“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებაა და სასურველია, რომ მომავალში კიდევ უფრო გაიზარდოს მსგავსი ვიზიტების რაოდენობა. თურქეთი არ მოაკლებს მცდელობას და ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და საქართველოს უსაფრთხოებისკენ მიმართულ ძალისხმევას“, - განუცხადეს for.ge-ს თურქეთის საელჩოში.
რაც შეეხება ქართულ მხარეს, for.ge დაუკავშირდა პარლამენტის თავდაცვისა და უშისროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს, რომელმაც მთელი დღის განმავლობაში სატელეფონო ზარს არ უაპსუხა. იმ ფონზე, როდესაც, რუსეთი საქართველოს უშუალო სიახლოვეს, ჩრდილოეთ ოსეთსა და დაღესტანში უპრეცედენტო მოცულობის არმიის შეყვანას იწყებს, საუბარია დამატებით 2 დივიზიაზე, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სამხედრო ტექნიკით, ასევე იგეგმება სამხედრო ქალაქების აშენება და ეს ყველაფერი მზად 2018 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამ ძალების დანიშნულება „რეგიონში ნატო-ს მხრიდან საფრთხეების შეკავება იქნება“. ასევე, რუსეთი დამატებით 2 დივიზიას ქმნის კავკასიის რეგიონში, სამხრეთის ფედერალურ სამხედრო ოლქში და ორივე დივიზია საქართველოს უშუალო სიახლოვეს იქნება განლაგებული, საიდანაც ისინი განახორციელებენ შეტევით ოპერაციებს.
ანალიტიკოსის, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელის, ზურაბ აგლაძეს შეფასებით, საქართველოს სიახლოვეს რუსეთის გააქტიურების პარალელურად შავ ზღვაში თურქეთ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნები არის მკაფიო სიგნალი რუსეთისთვის, რომ საქართველო მარტო არ არის, მას ჰყავს მეგობრები და, რომ საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი.
„ის, რომ რუსეთი სამხრეთის მიმართულებით აძლიერებს თავის დაჯგუფებას, ეს არ ახალია. ერთი მხრივ თავისი პრობლემები აქვს კავკასიაში და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე რთული რეგიონია და ამ რეგიონის გაძლიერება უნდა. საფრთხეები იზრდება, იმიტომ, რომ რუსეთი არარაციონალური მოთამაშეა, თუმცა ერთადერთი ჩვენი გადარჩენა შესაძლებელია საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად. ის, რომ საზღვაო-სამეხედრო წვრთნებს ვატარებთ თურქეთთან ერთად, შემოდის თურქული, ამერიკული და ნატოს გემები, ეს ძალიან კარგია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს წვრთნები“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.
როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, თუ ვლაპარაკობთ, რომ MAP-ს ვერ მივიღებთ და ჯერჯერობით ვერ გავხდებით ნატოს წევრი, უნდა მოვიფიქროთ ახალი მექანიზმები იმისა, რომ რაც შეიძლება უფრო დავახლოვდეთ ნატოსთან.
„MAP არის გაწევრიანების მექანიზმი და ჩვენ თუ MAP-ის ყველა მოთხოვნას შევასრულებთ, გაწვერიანებისთვის მისი აუცილებლობაც არ იქნება. ამიტომ, ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვახდინოთ რეფორმირება. ჩვენი შეიარაღებული ძალები დავუახლოვოთ ნატოს წვერ ქვეყნებს და გავაძლიეროთ ქვეყნის ინსტიტუტები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აგლაძემ.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ რუსეთის სამხედრო ძალების ნებისმიერი საპირწონე კომპონმენტის გამოჩენა საზღვარზე, ეს უკვე საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებშია. ცინცაძის განცხადებით, ერთია რუსეთ-თურქეთის ინტერესები, მაგრამ მეორე და მნიშვნელოვანია ის, რომ თურქეთი არის ნატოს წევრი სახელმწიფო.
„თურქეთი სამხედრო სფეროში ბრიუსელისგან დამოუკიდებლად არ მოქმედებს. 100%-ით არ არის თავისუფალი ბრიუსელის რეგლამენტისგან. ამიტომ, ეს წვრთნები შეიძლება ფართო კონტექსტში განვიხილოთ არა მხოლოდ თურქეთ-საქართველოს, არამედ ნატო-საქართველოს წვრთნები. როდესაც, ამერიკული გემები შემოდიან და ვიძახით, რომ ნატოს გემები წვრთნებს ატარებენ, მაშინ თურქეთიც ნატოს წევრია.
გასაგებია, რომ დღეს თურქეთს სხვა ურთიერთობა აქვს რუსეთთან და ამერიკასთან, მაგრამ ერთია პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები, სულ სხვა არის სამხედრო კავშირები. ამიტომ, რასაკვირველია ასეთი წვრთნები საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებშია. მე ამას აღვიქვამ როგორც საქართველო-ნატოს საერთო წვრთნებს. ვინაიდან, ეს წვრთნები ნატოს გეგმით მიმდინარეობს და ბრიუსელშია დაგეგმილი. თურქეთი ნატოს სამხედრო შტაბთან შეუთანხმებლად ასეთ წვრთნებს არ ატარებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძემ.