ინტერნეტიზაციის პროექტი შეიძლება წელსაც ვერ მოესწროს

ინტერნეტიზაციის პროექტი შეიძლება წელსაც ვერ მოესწროს

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ბოლოს და ბოლოს იწყება. პროექტის დაწყებიდან დაახლოებით 2 წელი გავიდა, თუმცა ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელი ჯერჯერობით არცერთ სოფელში არ არის გაყვანილი. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი „ქართული ოცნების“ მიერ 2015 წელს დაანონსდა და 2016 წელს ოფიციალურად დაიწყო მისი განხორციელება, მაგრამ შედეგი აქამდე არავის უნახავს. ახლა კი მთავრობა ირწმუნება, რომ წლის ბოლომდე ყველა დაგეგმილ საკითხს გადაჭრის, თუმცა ამდენი შეფერხების შემდეგ უკვე ესეც საეჭვოა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაარსებულ „ოუფენ ნეტს“ პირველი ეტაპისთვის 20 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. კომპანიამ უკვე შეარჩია ის მიმართულებები, სადაც ოპტიკურ-ბოჭკოვან ინფრასტრუქტუქტურას განავითარებს და ინტერნეტს გაიყვანს იმ ლოკაციებზე, სადაც ამ დრომდე კაბელი მიყვანილი საერთოდ არ არის. აღსანიშნავია, რომ კომპანია არ უზრუნველყოფს ინტერნეტის ბოლო მომხმარებლამდე მიყვანას, ის განავითარებს ინფრასტრუქტურას.

შერჩეულია რამდენიმე მიმართულება: ზუგდიდი-ჯვარი-მესტია - ჯამური ღირებულება: 5 790 000 ლარი; ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაური - ჯამური ღირებულება: 5 050 000 ლარი; სამტრედია-ჩოხატაური-ოზურგეთი - ჯამური ღირებულება: 4 280 000 ლარი; ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხი - ჯამური ღირებულება: 3 930 000 ლარი.

შესყიდვა სულ 4 ლოტად არის დაყოფილი. „ოუფენ ნეტი“ მთავრობას სთხოვს, შესყიდვა შეზღუდულ ვადებში გამარტივებული ტენდერით განახორციელოს, რადგან ტენდერის სრული ციკლის ჩატარების შემთხვევაში ინფრასტრუქტურის სამუშაოები გვიან შემოდგომამდე ვერ დაიწყება. ამ დროს კი სამუშაოებს მეტეოროლოგიური პირობები ხელს შეუშლის.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ შესყიდვასთან დაკავშირებით მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციას შენიშვნები აქვს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არსებული კრიტერიუმებით შესყიდვაში მონაწილეობა მხოლოდ მსხვილ ოპერატორებს შეუძლიათ, რაც კონკურენციას ზღუდავს.

უჩა სეთური განმარტავს, რომ შესყიდვაში მონაწილეობისთვის საჭირო გამოცდილებასა და წლიური ბრუნვის კრიტერიუმს მხოლოდ მსხვილი ოპერატორები აკმაყოფილებენ. ამიტომ საჭიროა „ოუფენ ნეტმა“ შესყიდვის პირობები შეცვალოს და 4 ლოტი, უფრო მეტად დანაწევრდეს, რაც მცირე კომპანიებს შესყიდვაში მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

„სრულიად შესაძლებელი იყო, რომ დაყოფილიყო ეს ლოტები უფრო მეტად, მაგალითად თითოეული ლოტი სამად და სულ ყოფილიყო 12 ლოტი. ეს არ გამორიცხავდა მსხვილი ოპერატორების მხრიდან გაერთიანებული ლოტების შეთავაზების შესაძლებლობას.

ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოსთვის უკეთესი შეთავაზების მიღების შესაძლებობაზე და ვფიქრობთ, რომ ადგილობრივი (საშუალო ზომის) ოპერატორებს ექნებოდათ შესაძლებლობა ნაკლები თანხების შეთავაზებისა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ისინი კონკურენციაში იქნებოდნენ მსხვილ ოპერატორებთან“, - აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი უჩა სეთური.

სოციალურად დაუცველებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ინტერნეტის ვაუჩერების დარიგება სექტემბრიდან დაიწყება. პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს. შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, რომელზე დარეგისტრირების შემდეგაც პირებს ინტერნეტის ვაუჩერის (ინტერნეტის უფასო ინსტალაციის) მიღება შეეძლებათ.

პროგრამა „ინტერნეტი განვითრებისთვის“ ფარგლებში ინტერნეტთან უფასოდ წვდომის საშუალება 4 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონში მცხოვრებ 60 ათას სოციალურად დაუცველ ოჯახს მიეცემა (მათ ვისი ქულაც 100 ათასს არ აღემატება). ვაუჩერების გაცემაც სექტემბერში დაიწყება. მიმდინარე წელი ვაუჩერიზაციის პროგრამისთვის საპილოტეა. 2018-19 წელს უფასო ვაუჩერი 1000 მეწარმეს და 5 ათას ოჯახს გადაეცემა.