[გიორგი ბექაური]
საქართველოში დღესაც ხშირია შემთხვევა, როდესაც ესა თუ ის სავაჭრო ობიექტი ან უბრალოდ ფიზიკური პირი უარს აცხადებს ცოტათი შელახული ბანკნოტის მიღებაზე. შესაბამისად, მეტ-ნაკლებად დაზიანებული ფული პატრონს ბუმერანგივით უბრუნდება და შემდეგ იწყება ე.წ. „ჩალიჩი“ ვინმესთვის ასეთი ბანკნოტის შესაპარებლად. რატომღაც არავინ ფიქრობს ასეთი კუპიურა ბანკში მიიტანოს და იქ გამოცვალოს და ასეთი ფულის თავიდან მოსაშორებლად მრავალსვლიანი კომბინაცია იგეგმება.
პირველ რიგში, ასეთი კომბინაციის ჩასატარებლად ხელსაყრელ ადგილად მიიჩნევა ავტოგასამართი სადგურები, სამარშრუტო ტაქსები (განსაკუთრებით ღამის საათებში, როდესაც მძღოლი სიჩქარეში კარგად ვერ არჩევს დაზიანებულ ბანკნოტებს) და ვალუტის გადამცვლელი პუნქტები (თუკი ვინმეს თანხის გადახურდავების პერსპექტივა აქვს).
მოკლედ, პრობლემა უკვე რამდენიმე წელია დგას, მაგრამ საბოლოოდ ვერაფრით მოგვარდა. ამიტომაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო, რათა მომხმარებლისთვის გადასახდელად ვარგისი ფულით ანგარიშსწორებისას პრობლემების თავიდან აეცილებინა. რამდენად ეფექტური გამოდგება სებ-ის მცდელობა, მალევე გაირკვევა.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება-გამოცვლის ახალი წესი შეიმუშავა. ამ წესის მიხედვით, დაიხვეწა და გამარტივდა გადასახდელად ვარგისი და უვარგისი ლარის ბანკნოტების ან მონეტების კატეგორიები. უფრო ნათელი და გასაგები გახდა მათ შორის სხვაობა:
I კატეგორიაშია გადის გადასახდელად ვარგისი ისეთი ბანკნოტები, რომელთაც გააჩნიათ მცირე ზომის დეფექტები (ნახევები, წარწერები, ლაქები, დაბინძურება და სხვა), რომლებიც არსებითად არ ცვლიან ბანკნოტის რეკვიზიტებს. მონეტები, რომლებსაც აქვთ მცირე ზომის ნაკაწრები და კოროზიის ნიშნები, შენარჩუნებული აქვთ ფერი და მკვეთრი გამოსახულებები.
II კატეგორიაში გაერთიანდა გადასახდელად ვარგისი ისეთი დაზიანების მქონე ბანკნოტები, რომელთაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი ზომის დეფექტები (ნახევები, წარწერები, ლაქები, დაბინძურება და სხვ) და ხელს არ უშლის ბანკნოტის დამცავი ნიშნებისა და ნომინალის იდენტიფიცირებას, ასევე შენარჩუნებულია ბანკნოტის ორიგინალური ზომა. მონეტები, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ზომის დეფექტები, დაბინძურება და კოროზია, რაც მთლიანობაში არ ცვლის მონეტის გამოსახულებას, ზომას, ფერს და შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება;
III კატეგორია - გადასახდელად ვარგისი ისეთი ბანკნოტები, რომელთაც შეცვლილი აქვთ ფერი, მაგრამ შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება, რომლებიც დახეული და შეწებებულია, მაგრამ მტკიცდება რომ შემადგენელი ნაწილები მიეკუთვნებიან ერთსა დაიმავე ბანკნოტს; რომელთაც აქვთ ნებისმიერი დაზიანება, მაგრამ შენარჩუნებულია ორიგინალი ბანკნოტის ზომის 50 პროცენტზე მეტი და შესაძლებელია ბანკნოტის იდენტიფიცირება. მონეტები, რომელთაც აქვთ ნებისმიერი დაზიანება, მაგრამ შენარჩუნებულია ორიგინალი მონეტის ზომის 50 პროცენტზე მეტი და შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება.
IV კატეგორია - გადასახდელად უვარგისი ისეთი დაზიანებული ფული, რომლებიც არ აკმაყოფილებენ პირველი სამი კატეგორით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
ამასთანავე, გაუქმდა განზრახ დაზიანების მქონე ფულის ნიშნების ცნება, რადგან იგი გაუგებრობას იწვევდა მომხმარებელში.
წარმოდგენილი წესით არამეწარმე ფიზიკურ პირს უფლება აქვს უარი თქვას II, III და IV კატეგორიის ლარის ბანკნოტებისა და მონეტების მიღებაზე. აქამდე ეს უფლება მხოლოდ III და IVკატეგორიის ლარის ბანკნოტებისა და მონეტების მიღებაზე ვრცელდებოდა.
მეწარმე სუბიექტები (გარდა კომერციული ბანკებისა) და არამეწარმე (არაკომერციული) იურიდიული პირები, ვალდებულნი არიან ანგარიშსწორების პროცესში შეუფერხებლად მიიღონ მხოლოდ I და II კატეგორიის ლარის ბანკნოტები და მონეტები ნომინალური ღირებულების მიხედვით.
წესის მიხედვით I, II და III კატეგორიის ლარის ბანკნოტების მიღების ვალდებულება დაეკისრათ მხოლოდ კომერციულ ბანკებს, რომლებმაც მიმოქცევაში აღარ უნდა გაუშვან II და III კატეგორიის ფულის ნიშნები და უზრუნველყონ მათი ეროვნულ ბანკში ჩაბარება.
და ეს ყველაფფერი არ არის. ამიერიდან დაზიანებული ფულის ბანკნოტის მიღებაზე სავაჭრო ობიექტში მომხმარებელს უარს ვეღარ ეტყვიან. შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. იმ შემთხვევაში თუ ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი მაინც მოითხოვს ფულის გამოცვლას, ამისთვის მას 200-დან 400 ლარამდე ჯარიმა დაეკისრება.